სიახლეები

1035 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: ღარიბაშვილი არც გირჩთანაა მართალი და არც ბერასთან

"ეს იყო უპასუხისმგებლო ლაპარაკი ჩვენთანაც, ბერასთანაც და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ამ საქმეში იყო გარეული" - ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, "გირჩმა" 2016 წელს "ქართულ ოცნებას" კანონი თავზე დაახია. 

მისი განცხადებით, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეს განცხადება მორალურად არასწორი იყო თუნდაც იმის გამო, რომ ის ბერა ივანიშვილის მეგობარია და როდესაც ბერამ სიმღერა Legalize იმღერა, მას ამ საკითხზე ხმა არ ამოუღია.

ესეც მორალურად ცუდი საქციელი იყო ბატონი ღარიბაშვილისთვის? თვითონ შეიძლება თვლის კიდეც რომ ბერა მასზე პატარაა, მის აღზრდაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული და მასზე გამოცდილია და აშ. 

მე მაქვს მორალური პრეტენზიები - საკონსტიტუციო უმრავლესობა მათია, კანონებს ისინი წერენ, ისინი ამტკიცებენ და არავის დახმარება არ სჭირდებათ. იმ სასამართლოს რაც ქვეყანაში აქვთ, მე არ ვცნობ. ამიტომ ერთადერთი პასუხის გაცემის საშუალება რაც მაქვს, ეს არის მორალური მსჯელობები - ზოგადად გავარჩიო საყოველთაო დემოკრატიის პირობებში, მორალურად სწორად იქცევა თუ არა ბატონი მინისტრი.

მაინტერესებს ბერამ რომ იმღერა ის სიმღერა, რომელიც ნაწილობრივ ჩვენი სიმღერაცაა, დაწერილი თუ აქვს მაშინ ამ თემაზე რამე, ახლა რომ გამოდის და კოლეგგებს ამუნათებს. ამიტომ, ეს არის ჩემი აზრით უპასუხისმგებლო ლაპარაკი და ეს არ არის მართალი არც ჩემთან არც ბერასთან და არც არავისთან ამ სფეროში

- აცხადებს ხვიჩია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ბიბლიური თავისუფლების" შემდეგ "გირჩს" მარიხუანას საკითხი გაუხსენა, "ქართული ოცნების" დეპუტატებს კი შენიშვნებიც მისცა. 

2016 წელს, ჩემთვის, როგორც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისთვის, აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი იყო, როცა მე ვნახე ტელეეთერში, ამ სექტის მიერ მარიხუანას კულტივაციის დემონსტრირება და დარგვა. კანონი უკაცრავად და თავზე დაგვახიეს.

მე არ მახსენდება თქვენგან საჯარო გამოსვლები, არავისგან. სამი წლის შემდეგ რომ საუბრობთ ახლა, დიდი ბოდიში მაგრამ დაგვიანებულია. თქვენმა ასეთმა უმოქმედობამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე  რომ დღეს "გირჩი" ბედავს ამ ყველაფერს

- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები