სიახლეები

პატიება არ მოსულა?!

ყოველდღიურად ათეულობით ადამიანის დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ ვიღებთ ინფორმაციას, თუმცა ბევრს არ ვფიქრობთ იმის შესახებ თუ რა არის დამნაშავის დასჯის მიზანი, რა მიზეზით ვასამართლებთ და რისთვის ვკეტავთ ოთხ კედელში დროებით თუ სამუდამოდ.

ძალადობის, ანუ, სხვისი სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლების ხელყოფის  აკრძალვისა და შემდეგ, მოძალადის დასჯის მიზანი შეიძლება იყოს სამართლიანობის აღდგენა.

თუმცა, გასარკვევია რას მოიაზრებს სამართლიანობა და მისი როგორი გაგებაა ყველაზე ლოგიკური და მორალური.

სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ძალადობრივი მოქმედების აღკვეთას, მსხვერპლისთვის(დაზარალებულისთვის) მიყენებული ზიანის ანაზღაურებასა და შეძლებისდაგვარად, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

სწორედ აღნიშნული  მიზნის მისაღწევად მოვიგონეთ სისხლის სამარათლის კოდექსიც, რომლის საშუალებითაც მოვახდინეთ სხვადასხვა ქმედებების დანაშაულებად იდენტიფიცირება.

ასევე, სამართლიანობის სამართლიანად აღსადგენად ჩამოვაყალიბეთ მბრალდებელისა და ადვოკატის ინსტიტუტები

მაგრამ, არც ისე საამაყოდ განვსაზღვრეთ თუ რა შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს მბრალდებელმა დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.

საქართველოს საპროცესო კოდექსში აღნიშნულია, რომ პროკურორს გააჩნია დისკრეციული დევნის უფლებამოსილება. ანუ, მას სხვადსხვა ფაქტორების გათვალისწინებით აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს დანაშულში ეჭვმიტანილი პირს წაუყენოს თუ არა ბრალი.

თუმცა, ჩნდება კითხვა –  რა ფაქტორებზეა საუბარი? რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს პროკურორი? ამის გასარკვევად უნდა ჩავიხედოთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის №181 ბრძანებაში, რომელიც აღნიშნავს, რომ  პროკურორმა არ უნდა დაიწყოს დევნა, თუ დევნის დაწყება ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს. აქვე, ჩნდება მეორე კითხვაც თუ რა გარემოებებით განისაზღვრება საჯარო ინტერესი? პასუხები ამაზეც არსებობს :

ა) სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები;

ბ) დანაშაულის ბუნება და სიმძიმე;

გ) სისხლისსმართლებრივი დევნის პრევენციული გავლენა;

დ) პირის ბრალეულობის ხარისხი;

ე) პირის კრიმინალური წარსული;

ვ) გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი;

ზ) პიროვნული მახასიათებლები;

თ) მოსალოდნელი სასჯელი მსჯავრდების შემთხვევაში ან სხვა შედეგი

ვხედავთ, რომ ბევრი სხვადასხვა გარემოებაა დევნის არდაწყების საფუძვლად მითითებული, თუმცა არცერთ პუნქტში ნახსენები არაა დაზარალებული, დაზარალებულის ნება, ვისზეც იძალადეს და ვისაც მიაყენეს უშუალო ზიანი.

თუკი მართლმსაჯულების მიზანი ძალადობრივი ფაქტის აღკვეთა, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და შეძლებისდაგვარად, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა, მაშინ რატომ არ გვაინტერესებს დაზარალებულსა და დამნაშვეს შორის დანაშაულის შემდგომი ურთიერთობა? თუკი მხარეებს შორის პრეტენზია აღარ არსებობს, ზიანი ანაზღაურებული, ხოლო კონფლიქტი – აღმოფხვრილია, რატომ ვსჯით ადამიანს ქმედებისთვის, რომელზეც პრეტენზიას არავინ აცხადებს?

გაუაზრებელი წესებით მოძალადეს მონანიებას ვუკრძალავთ, ხოლო მსხვერპლს პატიებას. სამართლიანია  ამგვარი წესრიგი?  ცალსახად არა.

უსამართლოა, მეგობრებს ჩხუბის შემდეგ არ მივცეთ შერიგების საშუალება, დავუშვათ მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობა და ეს პროცესი შევფუთოთ აბსტრაქტულად განსაზღვრებადი საჯარო ინტერესებით.

სამართლიანია, დაზარალებულს ჰქონდეს უფლება შეურიგდეს, აპატიოს დამნაშავეს, რაც არ უნდა ახდენდეს ამაზე გავლენას, იქნება ეს ფული, ავტორიტეტი, სიბრალული თუ მაგია, მთავარია მსხვერპლის პოზიცია იყოს ნებაყოფლობითი.

ამ ლოგიკას თუ გავყვებით, დაზარალებულს უნდა გააჩნდეს უფლება დამნაშვეს აპატიოს არა მხოლოდ გასამართლებამდე, არამედ მის შემდეგაც – ციხეში. ირონიულია, რომ ამის შესაძლებლობა დღეს ისედაც არსებობს შეწყალების ინსტიტუტის სახით, თუმცა გადაწყვეტილების მიღების ექსკლუზიურ უფლებას ვანიჭებთ არა დაზარალებულს , არამედ პრეზიდენტს. ადამიანს, რომელსაც მინიმუმ დაზარალებულზე ნაკლებად აინტერესებს დამნაშვის ბედი და მაქსიმუმ არაადეკვატურია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

რატომ გვაქვს ასეთი გაუგებარი წესრიგი? დაზარალებულის ნებაზე ვინმეს ძალადობრივ გავლენას ვაზღვევთ? შეიძლება, თუმცა გვავიწყდება, რომ ძალადობა და ძალადობის მუქარა ასევე დასჯადი ქმედებებია.  გვავიწყდება, რომ  არც ისე დიდი ხნის წინ ყოფილ პრეზიდენტს ბრალს ვდებდით ქრთამის სანაცვლოდ პატიმრის შეწყალებაში ( „დამნაშვის პატიებაში“).

რაც შეეხება პრევენციას, როგორც დასჯის მიზანს, რა თქმა უნდა, არ უნდა ვსჯიდეთ ადამიანებს პრენეციულად. არ უნდა ვსჯიდეთ ქურდს, მხოლოდ იმის გამო , რომ ვიღაცისთვის რისკი დიდია მან ეს კვლავ გაიმეოროს. არ არსებობს სტატისტიკა , რომელიც დაადასტურებდა, პირობითად, წლის განმავლობაში მომხდარ დანშაულებში რეციდივისტების „ახალბედა“ დამნაშვეებზე სიჭარბეს. ასეც რომ იყოს, უსამართლოა ამგვარი რისკის ისეთი ადამიანის დასჯით დაზღვევა, რომელმაც დაზარალებულთან აღმოფხვრა კონფლიქტი და ცხოვრების ახლიდან დაწყებას ცდილობს.

ამასთანავე, ხაზგასასმელია, რომ მოცემული კონცეფცია მხოლოდ კერძო სისხლისსამართლებრივ დევნას არ გულისხმობს და ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში პროკურატურას შეუნარჩნდება დევნის დისკრეციული უფლებამოსილება. მაგალითად, მკვლელობის შემთხვევა, როცა ფიზიკურად შეუძლებელია დაზარალებულის ნების გამორკვევა. კორუფცია, როცა ზიანდება გადასახადების გადამხდელების ინტერესი და ა.შ.

შესაბამისად, არსებული სისხლის სამართალის პოლიტიკა ცალსახად საჭიროებს გადახედვას, რადგან იგი დგას ლოგიკაზე, რომელსაც ბევრი ხვრელი გააჩნია და საბოლოო ჯამში, უამრავი უსამართლობის წყაროა.

 ავტორი: ბადრი გრიგალაშვილი

კომენტარები