სიახლეები

მეჭიაური: ყველა დასახვრეტია, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს ადამიანი ჯარში უნდა წავიდეს

დეზერტირია ყველა, ვინც სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის ასარიდებლად, ფულს იხდის - ამის შესახებ თიანეთის წვევამდელთა გამწვევი კომისიის  თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა ჩვენთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც კომისიის სხდომა თიანეთის მერიამ „ფეისბუქ“ ლაივში აჩვენა.

სხდომაზე მისულ ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც დღეს უკვე „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურია, კომისია ჯარში წაყვანას მაინც უპირებს და „დეზერტირობაში“ ადანაშაულებს.

ამ ადამიანმა დაადასტურა, რომ არანაირი მღვდელმსახური არაა და ეს მოწმობა მხოლოდ იმისთვის გააკეთა, რომ ჯარისგან თავი დაეღწია. ამაში გადაიხადა 50 ლარი და ეს არის ჯარისგან თავის დაძვრენა თაღლითური გზით და არანაირი მღვდელმსახურება

 - განაცხადა მეჭიაურმა.

მეჭიაური ფიქრობს იმასაც, რომ დასახვრეტია ყველა, ვინც ამ ადამიანებს ეხმარება და მათგან, ჯარისგან გასათავისუფლებლად, ფულს იღებს - „არ აქვს მნიშვნელობა, 50 ლარს იღებს თუ 2000-ს, ყველა დასახვრეტია“.

თუმცა, მას შემდეგ, რაც მეჭიაურმა გაიგო, რომ წვევამდელებისგან ორიათას ლარს სახელმწიფო იღებს, აზრი შეცვალა და განაცხადა - „ააა, სახელმწიფო ბიუჯეტში თუ იხდის ამ ფულს ადამიანი, მაშინ ეს შესაძლებელია. ის ამ ფულით სხვა სამხედროებს ქირაობს“.

მისი აზრით, ქართულ კანონმდებლობაში ხარვეზები არსებობს, კანონი იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას და ამას ყველა სათავისოდ იყენებს.

ხელისუფლებას ვაკრიტიკებ იმის გამო, რომ კანონში ზუსტი ჩანაწერი არ გვაქვს და კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ მთელი ქვეყანა დეზერტირად გადაიქცეს. კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს, ვინ ითვლება მღვდელმსახურად და ვინ არა

რას გააკეთებენ თიანეთის კომისარი და პირადად თამაზ მეჭიაური იმ შემთხვევაში თუ "ბიბლიური თავისუფლების" წევრი მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და ჯარშიც არ წავა? მეჭიაური აცხადებს, რომ მან მხოლოდ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ჯარში აუცილებლად უნდა წავიდეს.

მე ხო არ მითქვამს, რადგან მე ასე ვთქვი და მივიჩნევ, ეს იმას ნიშნავს რომ ჯარში აუცილებლად უნდა წახვიდეო. მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე რომ ასეთი მიდგომა ქვეყნისთვის დამღუპველია. სასამართლოში  ვუჩივლებთ თუ არა არ ვიცი, იურისტი გვყავს და ის გადაწყვეტს

რაც შეეხება სხდომის საჯაროობას, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თიანეთის მერიის გვერდზე პირდაპირი ჩართვები ხშირია, თუმცა კომისიის სხდომა ლაივში პირველად გაუშვეს.

დამაინტერესა ამ თემამ. ფოსტაში ვნახე, მღვდელმსახური გამხდარა ვიღაც ჯარისგან გასათავისუფლებლად და ძალიან ცუდად მომხვდა თვალში, ამიტომ გადავწყვიტე სხდომაზე დასწრება და სხდომის საჯაროობაც

ჩვენს კითხვაზე, არიან თუ არა მისი ან კომისიის სხვა წევრების ოჯახისწევრები ჯარში, მან ასეთი პასუხი გაგვცა -

ოჯახისწევრები არავის გვყავს 18-დან 27 წლამდე ვინც ჯარშია ამ დროს. არ მახსენდება, ვერ გეტყვით, უმეტესობას კომისიის წევრების ან გოგოები ყავს, ან პატარები. ჩემი შვილები იყვნენ ჯარში

მისივე აზრით, ფეისბუქ-ლაივზე უარყოფითი კომენტარები იმ ადამიანების დაწერილია, ვინც „გირჩის“ დახმარებით სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავი უკვე გაითავისუფლა.

ეს კომენტარები არ ნიშნავს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ აზრზეა - ანგარიშგასაწევია ყველა ადამიანის აზრი მაგრამ ჩემი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იმის გამო არ შევიკავებდი, რომ ვიღაც შეიძლება ამით გაღიზიანებულიყო. რაც უნდათ, ის წერონ" - განაცხადა მეჭიაურმა. 

თიანეთის მერიაში, წვევამდელთა გამწვევი კომისიის სხდომაზე მისული ადამიანი, რომელსაც საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურის მოწმობა ჰქონდა, დეზერტირობაში დაადანაშაულეს და სავარაუდოდ, მის ჯარში წაყვანასაც აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ „ბიბლიური თავისუფლება“ 2017 წელს დაფუძნდა.
 


ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები