სიახლეები

გირჩის ორი კანონპროექტი ამ კვირაში საკომიტეტო მოსმენაზე გავა

დღევანდელ გადაცემაში, გირჩი პარლამენტში, ვახო მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ჰერმან საბომ მიმდინარე აქტუალურ თემებზე ისაუბრეს.

როგორც იცით, “ლელომგუშინ განცხადება გააკთა, რომ სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს, რომელიც საქართველოს მთავრობის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირს შეისწავლის.

გუშინ გადაცემაში “360 გრადუსიიაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ გირჩის პოზიცია გაცხადებულია და, საჭიროების შემთხვევაში, მხარს იმ პარტიებს დაუჭერს, რომლებიც პარტიის საგამოძიებო კომისიის შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა, ამ კომისიების სამუშაო პროცესში პარტიის წევრები არ ჩაერთვებიან.

ვახოს აზრით, დღესდღეობით, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც არსებობს და, შესაბამისად, ენთუზიაზმით ვერ დაეთანხმებალელოს ამ იდეას.

ახლა ჩვენც ოპოზიციის შეხვედრაზე უნდა ვიყოთ და განვიხილავდეთ მართლა რა ხდება ჩვენს თავს, რადგან საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა ჩვენ გარშემო.

 - ამბობს ვახო.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამ კვირაში გირჩის ორი კანონპროექტი საკომიტეტო მოსმენაზე გადის. ერთ-ერთი მათგანი ბუპრენორფინის კანონპროექტია (ტკივილის პროექტი), რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილება.

ვახოს თქმით, მისთვის უცნობია, რა წარმოდგენა აქვს ამ კომიტეტს ადამიანის უფლებებზე. მისივე თქმით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რას მიიჩნევს, ზოგადად, საზოგადოება ადამიანის უფლებებად და როგორ ხდება მისი დაცვა.

ღირებულება ჯერ უნდა გვქონდეს, რომ შემდეგ ინსტიტუცია დაგჭირდეს, რათა ეს უფლება დავიცვათ.

ეს კანონპროექტები შეიძლება ვერ გავიდეს, მსგავსად ეროვნული ბანკის კონფიდენციალური ინფორმაციის პარლამენტის წევრების მიერ გამოთხოვის შესაძლებლობის კანონპროექტისა. თუმცა, გირჩისთვის მნიშვნელოვანია, სულ მცირე, ადამიანებს აუხსნას, გლობალურად რას ფიქრობენ პარტიაში ამა თუ იმ საკითხზე.

ასევე საინტერესოა რას ფიქრობს თითოეული პარლამენტარი ადამიანის უფლებებზე, ნარკოპოლიტისა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელ საკითხებზეც დისკუსიები პრაქტიკულად არასდროს გამართულა.

იაგომ თქვა:

ჩემთვის პრიორიტეტულია ადამიანებს კონკრეტულად დავეხმაროთ, რომლებიც ფიზიკურად იტანჯებიან, ვისაც ფიზიკურად სტკივა და ვინც ციხეში ზის.

ეჭვი მაქვს, რომ მეორე კანონპროექტი, რომელიც კომიტეტზე გავა, კანაფია, რადგან შინაარსობრივად ის მოიცავს ამნსტიას.

ვახო:

შედეგის ლოდინის იმედად ვერ ვიქნებით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ რომ მიზანს მივაღწიოთ, თუ არ დაგვეთანხმებიან, მიზანი გარკვეულწილად მაინც მიღწეულად ჩაითვლება - ამ თემებს უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა. რადგან მას შემდეგ, რაც სანდრომ ამდენი ისაუბრა ეროვნული ბანკში არსებულ პრობლემებზე, უფრო მეტი დეუტატი დაინტერესდა და დაიწყო საუბარი ამ თემაზე.

გირჩის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ჩართულობა ამა თუ იმ პროექტში, იქნება ეს საიტზე დარეგისტრირება, პეტიციებზე ხელის მოწერა, თუ დაფინანსება, რადგან ასე გამოჩნდება, რომ მხოლოდ 4 პარლამენტარს არ აინტერესებს ეს საკითხები და კიდევ ბევრი ადამიანი იზიარებს ჩვენს ხედვებს.

როგორც ჰერმანმა გადაცემის მსვლელობისა აღნიშნა, ის ამ ეტაპზე კონცენტრირებულია სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების საკითხზე.

მისი თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის ომი ცეცხლზე მატებითი ნავთის დასხმაა, რადგან ჩვენს რეგიონში, ფაქტობრივად, ყველა მხარეს ომია გაჩაღებული.

ახლა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაზე საუბარი და ამ თემის წამოჭრა უფრო შოკი იქნება და იქნებ ამან დაძრას პროცესი და უფრო მარტივად ავუხსნათ ადამიანებს, რატომ გვჭირდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება.

იმ ადამიანებს, ვინც ტელეგრამ არხებზე რუსეთ-უკრაინის ომს თვალს ადევნებს, ნანახი ექნებათ, რუსი წვევამდელები როგორ გამოიყურებიან და რისი უნარი შესწევთ.

როგორც იცით, გირჩს გაცხადებული პოზიცია აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ პროფესიონალური სამხედრო განათლების მიღება ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

გირჩის პოზიცია ასეთია, ყველა საკითხზე, რომელიც გირჩს აინტერესებს და მიაჩნია, რომ საზოგადოების ყურამდე უნდა მივიდეს, საჭიროა, როგორც მინიმუმ, პოლიტიკოსებმა ისაუბრონ, რადგან მედიასივრცე მხოლოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჩხუბის გაშუქებით არის დაკავებული და ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხები მუდმივად ჩრდილში რჩება.

მრავალპარტიული ტელევიზია, შესაძლოა, ერთადერთი გამოსავალი იყოს, რომ პოლიტიკოსებმა ერთმნეთთან საუბარი დაიწყონ.

ვინაიდან პოლიტიკური ველი მოსუფთავებულია, ჩვენ (ზოგადად, პოლიტიკურ სპექტრს) გვჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებსაც ექნება განსხვავებული აზრი და ექნება ერთი ადგილი, რომ ეს აზრი დაიცვა. სანამ ასეთი ხალხი არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, მანამდე პოლიტიკაც არ არსებობს.

- განაცხადა ვახომ.

გვიყურეთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათზე, დაგვისვით თქვენთვის საინტერესო შეკითხვები, რომელსაც პოლიტიკოსები გადაცემის ბოლოს უპასუხებენ.

თუ სურვილი გაქვთ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ ჩვენს შიდა ამბებზე, შემოგვიერთდით სადისკუსი ჯგუფში (გირჩის ბაბლი).

ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments