სიახლეები

როგორ ჩაიარა საშემოდგომო სესიის პირველმა დღემ?

საშემოდგომო სესია დღეს, 12:00 საათზე გაიხსნა. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ტრადიციას არ უღალატა და თავიანთი გამოსვლები საქმეზე საუბრის ნაცვლად, ერთმანეთის ლანძღვას დაუთმო. გირჩის პოლიტიკოსებმა კი, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს.

ჰერმან საბომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასა და იარაღის ფლობის წესების გამარტივებაზე ისაუბრა.

როგორც იცით, უკვე 6 წელია რაც ახალგაზრდები „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურის მოწმობის საშუალებით ჯარს ივადებენ. გირჩი ამით ახალს არაფერს აკეთებს, ადამიანები აქამდეც სხვადასხვა გზით აკეთებდნენ ამას, იქნებოდა ეს უნივერსიტეტში ჩაბარება, ყოველ გაწვევაზე 2000 ლარის გადახდა, გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით გადავადება, კომისრისთვის ქრთამის მიცემა, თუ თავის დასახიჩრება.

ამ ახალგაზრდების უმეტესობა მღვდელმსახური იმიტომ ხდება, რომ სკოლა ახლახან დაამთავრა და ახლა იწყებს ცხოვრების აწყობას, არ სურს ბოროტი კომისარი დაესხას თავს და 1 წლით მოუწიოს ვიღაცეების ჯიპების ნომრების დამახსოვრება და შლაგბაუმის აწევა. ამ ახალგაზრდებს უნდათ თავად იყვნენ თავიანთი ცხოვრების ბატონ-პატრონები.

- განაცხადა ჰერმანმა

იმის მიუხედავად, რომ გირჩს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება სურს, ეს სულაც არ ნიშნავ იმას, რომ მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დასუსტებაა, პირიქით, გირჩი ერთადერთი პარტიაა, რომელიც თავდაცვითი იარაღის ლეგალიზაციას წლებია ითხოვს, გულშემატკივრობს სასროლეთების მოწყობას და სურს იმ ადამიანებს, ვისაც იარაღი აინტერესებს ჰქონდეტ საშუალება შეიძინონ იარაღი, ივარჯიშონ სასროლეთებში და  ჩაეწერო ნებაყოფლობით რეზერვში ან თავდაცვაში.

უკვე მეთორმეტე გაწვევაა სავალდებულო ჯარი დე ფაქტო გაუქმებულია და მოდით, ბარემ ნამდვილად გავაუქმოთ, ჯარისკაცის დასაფასებელი პროფესია კი იყოს იმათთვის, ვინც მზადაა ეს პროფესია თავისი ნებით აირჩიოს. სავალდებულო ჯარი ამ მარგინალიზებული ფორმით ჯარისკაცის პროფესიასაც კი აყენებს ჩრდილს.

თუ მართლა გვინდა იმ რეგიონში და საფრთხეებში, რაშიც საქართველოა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს იარაღის გამოყენება, მიიღოს საბაზისო სამხედრო განათლება და წვრთნა, მოდით მოვხსნათ ყველა ის ბარიერი, რომელიც ადამიანებს ჩვენ, აქ პარლამენტში, თუ მთავრობაში შევუქმენით იარაღთან ურთიერთობის სფეროში.

- მიიჩნევს საბო

რა უნდა გაკეთდეს:

  1. კიდევ უფრო უნდა გამარტივდეს სასროლეთების მოწყობა.
  2. მოვხსნათ ბარიერები სასროლეთში იარაღის გადატანასა და ვარჯიშზე.
  3. გავამარტივოთ ლეგალური იარაღის შემოტანა ქვეყანაში.
  4. შევიმუშაოთ ასიმეტრიული ომისა და ტერიტორიული თავდაცვის კონცეფცია.

ჰერმანის თქმით, ეს ადამიანებს საშუალებას მისცემს გასაჭირის ჟამს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დაიცვან იქნება ეს ოჯახი, უბანი, თუ ქვეყანა.

სანდრო რაქვიაშვილმა თავისი გამოსვლა პარლამენტში ეროვნულ ბანკს მიუძღვნა. როგორც იცით, საქართველოში უკვე წელიწადზე მეტია, რაც ორნიშნა ინფლაციაა, ამაზე მთავარი პასუხისმგებელი ორგანო, ეროვნული ბანკი ამას ხან გარეშე ფაქტორებს, ხან შოკებს, ხან ევროპაში არსებულ მაღალ ინფლაციას და ხანაც ომს აბრალებს.

კანონით სწორედ ეროვნული ბანკია ვალდებული უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა, რაც ფაქტია რომ არ ხდება, თუმცა მას პასუხს არავის სთხოვს.

ეროვნული ბანკი ასობით ათას დოლარს ფარულად ისე ყიდის, რომ ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, კორუფციული გარიგებები შეიძლება ხდებოდეს, თუმცა ამას ვერც კი ვამოწმებთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი ისეთ სტატუსს წერს, რომ ეს ეკონომისტების კი არა პროკურატურის გასარჩევი უნდა იყოს.

- განაცხადა სანდრომ

როგორც იცით, რაქვიაშვილმა პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრებს შესაძლებლობა ექნებოდათ ეროვნული ბანკის კონფიდენციალური ინფორმაცია გამოეთხოვათ, თუმცა ხელისუფლებამ ეს კანონპროექტი ჩააგდო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ამ ინფორმაციაზე წვდომა მსოფლიო ბანკის ბიუროკრატებს აქვთ.

წარმოიდგინეთ, რა პარლამენტი ვართ ისეთი, რომ რომელიღაც მსოფლიო ბანკის ბიუროკრატს უფრო მეტი უფლებამოსილება აქვს ვიდრე ჩვენ. თუ ეს არ არის ინსტიტუციაზე დაცინვა, მაშინ რა არის?!

მისივე თქმით, როდესაც ათასობით ადამიანი ინფლაციის შედეგად ღარიბდება, ბანკების წლიური მოგება მსოფლიო რეკორდებს ხსნის.

მთავარ პრობლემად სანდროს მიაჩნია ის, რომ პარლამენტს ფაქტობრივად წინააღმდეგობის გაწევისთვის საჭირო არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, რომ იმ ადამიანებმა ვისი ქმედებების შედეგადაც ხდება მოსახლეობის გაღარიბება, ამაზე პასუხი აგონ.

სწორედ ეროვნული ბანკის ქმედების შემსწავლელი სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს სანდროს და როგორც თავად გვითხრა, ამისთვის უკვე შეაგროვა 37 დეპუტატის ხელმოწერა (საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო). 

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა თავისი გამოსვლა ასე დაასრულა:

მოგიწოდებთ ყველამ ერთად შევქმნათ საერთო საგამოძიებო კომისია და საჯაროდ გავარჩიოთ ყველა პრობლემური საკითხი, იქნება ეს სავალუტო კურსი, კომერციულ ბანკებთან ურთიერთობა თუ ინფლაცია, იმისთვის რომ არანაირი კითხვები არ დარჩეს.

შეიძლება მე ვცდები და ეროვნულ ბანკში ანგელოზები მუშაობენ, მაგრამ თუ ასე არ არის, ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ ადამიანების გამო ღარიბდებიან.

ვახო მეგრელიშვილმა ევროკავშირის 12 პუნქტიან გეგმაზე, კერძოდ კი გენდერულ საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, პირველი 10 პუნქტის შესრულება ჩვენი ქვეყნისთვის განვითარებისთვის კარგი იქნებოდა, თუმცა ამ საკითხებზე დისკუსიის ნაცვლად ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთმანეთთან ჩხუბითაა დაკავებული.

რაც შეეხება დანარჩენ 2 პუნქტს, გირჩის ერთ-ერთი ლიდერის აზრით საყურადღებოა მე-8 პუნქტი, რომელიც უმცირესობების უფლებებს შეეხება, ხოლო მე-9 გენდერული თანასწორობას.

წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირში გვინდა, არის ერთი პუნქტი, რომელსაც ორნაირი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ერთია როგორ ვუყურებთ ჩვენ ადამიანებში სამართლიანობას, მაგალითად, გირჩში ამას ასე ვუყურებთ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

ეს პუნქტი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იდეაზეა და თუ ჩვენ ამ პუნქტზე არ გვექნება სერიოზული პოზიცია, ჩვენ გვერდზე ევროინტეგრაციის პროცესში ეკლესია ვერ დადგება.

როგორც მინიმუმ ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, თუ რას ფიქრობს ამაზე ორივე პარტია.

- თვლის ვახო

იაგო ხვიჩიას თქმით, მას საკუთარი დროის გამოყენება პატიმრებზე  და გირჩის გეგმებზე საუბრისთვის უნდოდა დაეთმო, თუმცა კახა ოქრიაშვილის განცხადებაზე ისაუბრა. როგორც იცით, ოქრიაშვილმა გირჩს ბიძინა ივანიშვილის მოსყიდული პარტია უწოდა.

დღეს მას უთქვამს ჩემი მეგობრებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თხოვდარომ ჩვენ დავეფინანსებინეთ. ანუ კონკრეტულ ადამიანს ხელი დაადო. მე მაინტერესებს ეს ამბავი და ზოგადად ჩემი კითხვები ამ განცხადების ავტორს და ნაციონალურ მოძრაობას ეხება.

პირველი რაც მაინტერესებს, კახა ოქრიაშვილს ვეკითხები, როდინდელია ეს ამბავი? შეასრულა თუ არა ბატონი ბიძინას სთხოვნა? ვის გადაუხადა ფული თუ შეასრულა თხოვნა, რამდენი გადაუხადა და ვისაც ფული გადაუხადა, იქიდან ვინ არის დღეს გირჩის შემადგენლობაში? იცოდა თუ არა იმდროინდელი ან დღევანდელი გირჩის შემადგენლობისთვის რა პირობები მოჰყვებოდა? როგორ მოიპოვა ივანიშვილის ნდობა ისე, რომ მას ეუბნებოდა ივანიშვილი ვისთვის უნდა გადაეხადა, ოპოზიციური პარტიები როგორ უნდა დაეფინანსებინა? ასეთი ნდობა როგორ მოიპოვება ეს მაინტერესებს, ასეთი კაცი, რომელსაც ასე ენდობოდა ბატონი ბიძინა, თუ ეს ყველაფერი მართალიანაცების სიაში როგორ აღმოჩნდა? იქნებ ესეც ივანიშვილის დავალებაა და ამხელა ოპოზიციურ პარტიაში, ჩვენს მხარეს ზის ოპოზიციონერ დეპუტატი, რომელიც შეიძლება სულ სხვა ვინმეს დავალებას ასრულებს? თუ უფიქრია ამაზე ნაციონალურ მოძრაობას?

სხვას ზოგადად რას იტყვის ბატონ ივანიშვილზე და ქართულ ოცნებაზე? რადგან ასეთ ნდობამდე მიდის ურთიერთობები ესე იგი, ბევრი რამე გაქვს სათქმელი და მთელი ეს პერიოდი გავიარეთ, არჩევნები და ნუთუ სხვა არაფერი ჰქონდა სათქმელი, ასეთი ამბავი იცი და ამას საჯაროდ არ ამბობ? ეს კითხვა ხომ ლეგიტიმურია?

იაგომ ასევე აღნიშნა, რომ ოქრიაშვილმა ფული 90-იან წლებში შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იშოვა, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც იყო, ვარდების რევოლუციის შემდეგ ის ნაციონალურ მოძრაობაში გადავიდა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ამ პარტიაში გაწევრიანდა, ახლა ისევ ნაციონალურ მოძრაობაში დაბრუნდა:

მაინტერესებს, ადამიანი ასეთი ბიოგრაფიით რომ მოძრაობს, ყოველთვის რომ მმართველ პარტიაშია მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიები იცვლებიან. რა მორალური უფლებით იმუქრება რაღაცას და შეიძლება ის გარეთ დაცვით დადის, ჩვენზე მეტი ფული აქვს, მაგრამ ამ დარბაზში ჩვენთან შედარებით ძალიან უსუსური ხართ, ბატონო ოქრიაშვილო, და ამას ნახავთ.

 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments