სიახლეები

73 Views
ბლოგი

ინტელექტუალური საკუთრების რელიგია და მისი მიმდევრები. ნაწილი 2

1. „ქურდობა - სხვისი ქონების ფარულად დაუფლება მითვისების მიზნით“. ქურდობის შედეგად მსხვერპლი კარგავს ქონებას, რომელიც ქურდის განკარგვაში გადადის. ეს არის ქურდობის განმარტება. რაიმე სხვა, პრინციპულად განსხვავებული განმარტება, არ გამიგია.

2. „ინტელექტუალური საკუთრება“ თავისი განმარტებით არ წარმოადგენს უფლებას რაიმე ფიზიკურ ობიექტზე. ეს არის „საკუთრების“ უფლება იდეაზე, რომელიც შეიძლება გამოხატული იყოს მუსიკაში, გამოგონებაში, ფილმსა თუ ნახატში.

3. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ერთი სივრცე, სადაც იდეები არსებობენ - ადამიანის ტვინი. როცა ადამიანი თავის იდეას რაიმე მატერიალურ ფორმას მისცემს, მისი იდეა, მისი ტვინიდან არ ქრება და ამ ობიექტში არ გადადის საცხოვრებლად. „მატერიალიზებული იდეა“ შეიძლება გაქრეს, განადგურდეს ან სივრცეში გადაადგილდეს, მაგრამ ეს ვერ გამოიწვევს იდეის ტვინიდან გაქრობას. ცხადია, ადამიანს საკუთარი იდეა შეიძლება დაავიწყდეს, მაგრამ ეს ადამიანის ტვინის შიდა პროცესების შედეგი იქნება. „მატერიალიზებული იდეის“, მაგალითად, წიგნის, განადგურება, თავისთავად ამის გამომწვევი მიზეზი ვერ გახდება.

4. თუ 1, 2 და 3-ს გავაერთიანებთ, და პატივისცემით მივუდგებით სიტყვების შინაარსს, ცხადია, რომ სიტყვა ქურდობა არამატერიალური საკუთრების მიმართ არ შეიძლება იყოს გამოყენებული. ადამიანმა თუ ლექსი მოიგონა, ეს ლექსის „იდეა“ მისი საკუთრება იქნება მთელი მისი ცხოვრება, მანამ, სანამ მისი ტვინი არსებობს. თუმცა ქაღალდი, სადაც ლექსი წერია, შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანის საკუთრება, და ის, რომ წიგნი ერთი ადამიანისგან მეორესთან გადადის, არ იწვევს ავტორის ტვინში იდეის გაქრობას. იდეა ისევ და ისევ ავტორის თავში რჩება. ქურდობა არ ხდება. ქურდობა ვერც კი მოხდება. ამრიგად, რა პრობლემის წინაშეც არ უნდა იყვნენ მწერლები, კომპოზიტორები თუ მეცნიერები, ეს ქურდობა ვერ იქნება.

5. მეტიც. იმ ადამიანთა დიდი უმრავლესობა, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებას იცავს და ადამიანებს ქურდებს ეძახის, ფარისევლობს და არ სჯერა იმის, რასაც ამბობს. ეს მარტივად დადგენადია. ნორმალურ საზოგადოებაში ქურდობა - ამორალურია. ისტორიამ არც კი იცის ოდნავ მაინც წარმატებული საზოგადოება, სადაც ქურდობა კარგ საქციელად იყო მიჩნეული. ამიტომ როცა ადამიანები ქურდობას ხედავენ, ისინი, როგორც წესი, ცდილობენ რაიმე მოიმოქმედონ - პოლიციას დაურეკონ, თვითონ ჩაერიონ და გააჩერონ ქურდი, იყვირონ, ან, თუ ყველა მსგავსი ქმედება ამა თუ იმ მიზეზის გამო შეუძლებელია, გულის სიღრმეში ქურდის ქცევა ემოციურად დაგმონ. თუ იგივე ადამიანი, რაღაც გარემოში თვითონ მოიპარავს, მას სინდისი შეაწუხებს. თუ ის მორწმუნეა, შეიძლება მოინანიოს კიდეც ეს ცოდვა. ახლა კი მე ვეკითხები მათ, ვინც „ინტელექტუალური საკუთრების ქურდობას“ აქტიურად ებრძვის: როცა თქვენ ხედავთ, რომ ვინმე ინტერნეტში ფილმს უყურებს, ეს თქვენში იწვევს თუ არა აღშფოთებას, ან აჩენს ყვირილის სურვილს? პოლიციაში ამის გამო ხშირად რეკავთ და ბევრი მეგობარი, მეზობელი თუ ნაცნობი გყავთ პოლიციაში ჩაბარებული პირატული საიტიდან მუსიკის მოსმენის გამო? ან თქვენ არასდროს გინახავთ ფილმი პირატულ საიტზე? თუ გინახავთ, წახვედით თუ არა ეკლესიაში, რათა ქურდობის ცოდვა მოინანიოთ?

ცხადია, შეიძლება ვიღაც ამგვარი ფანატიკოსი მოიძებნოს კიდეც, მაგრამ მას უფრო დიდი ალბათობით გიჟად ჩათვლიან, ვიდრე ნორმალურ ადამიანად. თუმცა მაინც მეეჭვება, რომ ინტელექტუალური საკუთრების მომხრეთა შორის ვიპოვი მას, ვინც „ფილმის ქურდობის“ გამო პოლიციაში რეკავს ხოლმე, ხოლო თვითონ, შემთხვევით თუ წააწყდება ასეთ ფილმს და „ქურდობის თანამონაწილე“ გახდება, ეკლესიაში მიდის მოსანანიებლად (მამაოსაც, დარწმუნებული ვარ, გაუკვირდება ასეთი „ცოდვის“ მონანიება).

6. შეიძლება იკითხოთ, კარგი, იქნებ, მორალში არავის აქვს პრობლემა, მაგრამ ქურდობა მაინც ხომ ხდება? ცხადია, არა. შეუძლებელია მოიპარო ის, რაც არ არსებობს ან რაზეც არ მიგიწვდება ხელი. გავარჩიოთ ყველაზე პრიმიტიული მაგალითი. დავუშვათ, ქაღალდზე დავხატე შემდეგი რამ: „SAMSUNG”. თუ ამას XV საუკუნეში მცხოვრები კორეელი ნახავდა, ის ალბათ იფიქრებდა, რომ ეს ხაზების ერთობლიობა რაღაც ნახატია. სხვა სიტყვებით, ის, რომ „SAMSUNG“ - სამსუნგია, მხოლოდ იმიტომ ვიცით, რომ ჩვენ ვიცით კითხვა, ვიცით რა არის ასოები, შეგვიძლია ინგლისური ასოებიც გავარჩიოთ და ამიტომ ვხვდებით, რომ აქ წერია „სამსუნგ“. თუმცა XIX საუკუნის ინგლისელისთვის, ასეთი წარწერა მაინც უაზრობა იქნებოდა. ის, რომ ეს წარწერაა, რომელიც „ტელეფონებს, ტელევიზორებს და რაღაც მსგავს აღნიშნავს“ ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვიცით, რომ სათანადო ინფორმაციას ვფლობთ. სხვა სიტყვებით, არანაირი შინაარსი უშუალოდ ამ ხაზების ერთობლიობას „ობიექტურად“, ანუ ადამიანისგან დამოუკიდებლად, არ გააჩნია. ეს არის მხოლოდ ხაზების ერთობლიობა, რომელიც განსხვავებული ადამიანების ტვინში განსხვავებულ ემოციებსა თუ იდეებს აჩენს. ერთი ადამიანისთვის ეს არის „რაღაც გაუგებარი წარწერა“, ვიღაცისთვის „ძალიან მაგარი ბრენდი“, სხვა ამაში ხედავს „iPhone-ი მაინც უკეთესია“, ვიღაცას კი შეიძლება თავისი პირველი სიყვარული გაახსენდეს, რომლის ფოტო მან პირველად ამ ფირმის ტელეფონზე გადაიღო. არანაირი “ობიექტური“ სამსუნგი არ არსებობს. ჩვენ ყველას სამსუნგის ჩვენებური აღქმა გვაქვს, რომელიც მხოლოდ ჩვენ ტვინში ჩნდება და მხოლოდ იქ არსებობს. შეუძლებელია ამ აღქმის ტვინისაგან განცალკევება. აქედან გამომდინარე, ტექსტი იქნება ეს, თუ ნახატი, ან ნახატების ერთობლიობა (რომელსაც ფილმებს ვეძახით), ეს ყველაფერი არის ფიზიკური ობიექტები, მათში არანაირი „იდეა“ არ ცხოვრობს. ამ იდეას ვაჩენთ ჩვენ. როცა ფილმს ვუყურებთ, ჩვენი ემოცია განსხვავდება, ჩვენ ყველა განსხვავებულ ფილმს ვუყურებთ. არ არსებობს „ობიექტური“ წითელი, ყველა ადამიანის „წითელი“ უნიკალურია და ამავდროულად სხვა ადამიანისთვის მიუწვდომელი, ზოგი მას ვერც კი ხედავს და ამიტომ ვერასდროს გაიგებს, თუ რა არის წითლის შეგრძნობა. ადამიანობა თუ გაქრება, არც დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ იარსებებს, არც „მრავალჟამიერი“, არც ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“. ისინი გაქრებიან, რომც მომავლის უცხოპლანეტელებმა ჩვენი ცივილიზაციის ამსახველი ყველა მატერიალური ობიექტი იპოვონ, რადგან ამ ობიექტებს უცხოპლანეტელები სულ სხვა შინაარსსა და იდეას შესძენენ, რომელიც ჩვენ აღქმასთან შეიძლება საერთოდ არ იყოს კავშირში.

ან რად უნდა შორს წასვლა, ჩვენივე ისტორიაში უამრავი ამგვარი მაგალითია. პარიზის განიერი გამზირები და მოედნები - ქალაქის სილამაზედ რომ არის აღქმული, შექმნილი იყო, რადგან ასე აჯანყების ჩახშობა და აჯანყებულების მოკვლა უფრო მარტივი იყო: მოედანზე ჯარი უკეთ განლაგდებოდა, ხოლო ჯარისკაცების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილებისათვის განიერი გამზირი - ოპტიმალურია. თუმცა ახლა ადამიანთა დიდი ნაწილი იგივე სივრცეებს რომ უყურებს, სულ სხვა შინაარსს ხედავს და ვერც ვერასდროს წარმოიდგენს, რომ ადამიანების დახოცვის ინსტრუმენტით არის აღფრთოვანებული.

7. რაც ახლა დავწერე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცხოვრების ელემენტარული დაკვირვებითაც კი მტკიცდება, იმდენად ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, რომ მოუმზადებელი მკითხველის თავში ბევრ კითხვას გააჩენს. მაგალითად, დავუშვათ, იდეა გამიჩნდა, ეს იდეა კი ქაღალდზე ჩავწერე. გავიდა დრო და იდეა დამავიწყდა, ანუ აღარ არსებობს ჩემ ტვინში. თუმცა გავხსენი ჩანაწერი და უცბად იდეაც თავში ისევ არსებობს. თუ ქაღალდზე იდეა არ იყო, მაშინ, როგორ გავიხსენე დავიწყებული იდეა? საიდან მოვიდა ჩემ თავში ეს იდეა, თუ არა ქაღალდიდან?

მოდით, გავარჩიოთ ეს შემთხვევა. როცა ქაღალდზე მელნით რაღაც წარწერა გავაკეთე, მე არა იდეა გადავიტანე ქაღალდზე, არამედ იმგვარად შევცვალე ფიზიკური სამყარო (ანუ ქაღალდი და მელანი), რომ ამ ახალი ფიზიკური გარემოს დანახვისას ჩემ ტვინში ისევ ის იდეა ჩნდებოდეს. მაგალითად, ხელზე დავიწერე ჯვარი - ვიღაცისთვის ეს არის ჯვარი, მაგრამ ჩემთვის - „არ დაგავიწყდეს ნინოსთან შეხვედრა!“. ცხადია, ჯვარი „ობიექტურად“ არ მოიცავს „არ დაგავიწყდეს ნინოსთან შეხვედრა!“. ეს მხოლოდ ჩემი ტვინია ისე მოწყობილი, რომ ხელზე ჯვარის დანახვისას, ეს ფრაზა ჩნდება გონებაში. ზოგჯერ, სხვათა შორის, შეცდომებსაც ვუშვებთ - ჯვარს დავხატავთ, დავხედავთ და ნინოს ნაცვლად მერაბთან წავალთ შესახვედრად. ისევ და ისევ, ეს იმიტომ ხდება, რომ იდეები, მხოლოდ ჩვენ ტვინებში არსებობენ.

8. კარგი, მაგრამ ადამიანმა ლექსი რომ დაწერა, მასში მთელი თავისი სული და გული რომ ჩადო, არც იქ არის, რაიმე იდეა? ცხადია, არა. „აწმყო თუ არა გვწყალობს...“ - ამ ფრაზის შემდეგ რა მოდის? „მომავალი ჩვენია“? „მომავალი ჩვენია“ და ასევე მელოდია გვახსენდება? „მომავალი ჩვენია“ და სევდით ვივსებით, რომ ეს მომავალი სულ არ მოდის, აწმყო კი ისევ ისეთივე ნაგავია, რაც იყო? თუ „მომავალი ჩვენია“ და გაგახსენდათ, როგორ მღეროდა დედა და თქვენი მეზობლები, ჩაბნელებულ თბილისში, სანთლებით განათებულ ოთახში ამ ლამაზ სიმღერას? რა კარგი ბავშვობა გვქონდა, ჰო? ერთია, რა დაწერა ილიამ, რას ფიქრობდა ის, და მეორეა, რა გაიგო მკითხველმა.

მეც ახლა მთელი სულითა და გულით მინდა, რომ გაგაგებინოთ, ინტელექტუალური საკუთრების იდეის აბსურდულობა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამ სიტყვების წამკითხველთა შორის აუცილებლად მოიძებნება ადამიანი, ვინც იტყვის „ეს კარგი, მაგრამ...“, რადგან იდეების გავრცელება არც ისე მარტივი საქმეა. ალბათ, ეს ყველაზე რთული საქმეა, და ხშირად, როცა რაღაც სტერეოტიპი კარგად არის დამკვიდრებული, თაობები იცვლება, სანამ ამ სტერეოტიპის საწინააღმდეგო იდეა იმკვიდრებს უმრავლესობათა ტვინში თავის ადგილს.

რომ შევაჯამოთ. მიუხედავად იმისა, რომ იდეებმა შეცვალეს ეს სამყარო და იდეებზე დაყრდნობით ვიღებთ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, თვითონ იდეები, ტვინს იქეთ არ გადიან. ამიტომ შეუძლებელია ადამიანს იდეა მოჰპარო. არ შეიძლება მე მომპარო ის, რაც მხოლოდ ჩემ ტვინში არსებობს. მე ბევრს იმიტომ ვწერ, რომ ჩემ ტვინში, ჩემი აზრით მარტივი იდეის მსგავსი იდეა მსურს თქვენ ტვინშიც გავაჩინო, მაგრამ ეს უკვე მარტივი არაა, რადგან თქვენ ტვინში სულ სხვა იდეები ცხოვრობენ, თქვენ მიერ წაკითხული ტექსტი იგივე არაა, რაც ჩემ მიერ წაკითხული და რომც დამეთანხმოთ, ანუ რომც თქვენ ტვინში ჩემი იდეის მსგავსი იდეა გაჩნდეს, ეს მაინც თქვენი უნიკალური იდეა იქნება, რომელიც შეიძლება, ჩემი შეფასებით, ჩემსას წააგავდეს, მაგრამ მაინც არასდროს მეცოდინება, იდენტურია ის თუ არა ჩემ იდეასთან შედარებით, რადგან ის თქვენ თავშია, მე მასზე წვდომა არ მაქვს. ამიტომაც მე ვერასდროს შევძლებ თქვენი იდეის მოპარვას.

აქედან გამომდინარე, როცა ადამიანი ყიდულობს დისკს, ან წიგნს, ან ნახატს - ის ყიდის მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ ობიექტს. არანაირი „იდეა“ ამ ობიექტებში არ ცხოვრობს. იდეა გაუჩნდებათ ადამიანებს ტვინში, როცა ამ ობიექტების გამოყენებას დაიწყებენ, მაგრამ ეს მათი, უნიკალური იდეები იქნება. ზოგი, სხვების იდეების მსგავსი, ზოგი კი სრულიად ახალი და არნახული, რომელიც მთლიანად შეცლის ადამიანების სამყაროს.

მადლობა, რომ აქამდე მომყვებით, თუმცა ამით ეს თემა არ ამოიწურა, და შემდეგ პოსტში რამდენიმე კონკრეტული მაგალითი გვექნება გასარჩევი, რომ უკეთესად გავიგოთ, თუ რა ხდება, როცა „ინტელექტუალურ საკუთრებას“ იცავენ და როგორ იცვლება ადამიანის ქცევა ამ მავნე იდეის გარეშე.

To be continued.

პირველი ნაწილი

იხ. პოსტი ფეისბუქზე

ავტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი

Comments