სიახლეები

497 Views
პოლიტიკა

რა არის სახელმწიფო და რატომ არის აუცილებელი, რომ ის რაც შეიძლება პატარა იყოს.

რა არის სახელმწიფო და რატომ არის აუცილებელი, რომ ის რაც შეიძლება პატარა იყოს.

სიტყვა „სახელმწიფო“ როგორც პოლიტიკაში, ისევე ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირად გამოიყენება, თუმცა იშვიათად დაფიქრებულან ადამიანები, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა.

პირველ რიგში, „სახელმწიფო“ იგივე არ არის, რაც „ქვეყანა“ ან „მთავრობა“.

სიტყვა „ქვეყანა“ აღნიშნავს ტერიტორიას, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, იქ არსებულ წესრიგს, კულტურას და ა. შ. ქვეყნები შეიძლება ვნახოთ, გავზომოთ ამა თუ იმ კრიტერიუმით, ავსახოთ რუკაზე.

სიტყვა „მთავრობა“ კონკრეტულ ადამიანებს გულისხმობს, რომელთა სახელი და გვარი ცნობილია. ამ ადამიანებს აქვთ გარკვეული უფლებები და ვალდებულებები. მთავრობის შემადგენლობა შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ ვინ არის მთავრობის წევრი, ყოველთვის ცნობილია. მთავრობამ, ანუ კონკრეტული ადამიანების ჯგუფმა, შეიძლება მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, მოაწყოს დისკუსია და ა. შ.

ცხადია, ვერცერთი ეს განმარტება ვერ მოერგება ტერმინს „სახელმწიფო“. სახელმწიფო არ არის ფიზიკური სამყაროს ნაწილი, როგორც „ქვეყანა“. სახელმწიფოთა რუკა რთულად წარმოსადგენია, რადგან გაუგებარია, თუ რა შეიძლება იყოს ამ რუკაზე დატანილი. ასევე ვერ იქნება სახელმწიფო გარკვეულ ადამიანთა ერთობის ამსახველი ტერმინი, რადგან შეუძლებელია დავადგინოთ, თუ რომელი ადამიანი მიეკუთვნება სახელმწიფოს და რომელი არა. მაგალითად, ერთი მხრივ, ცხადია, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქე არ არის „სახელმწიფო“, რადგან ადამიანების დიდ ნაწილს ამ „სახელმწიფოსთან“ უწევს ურთიერთობა. მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უფლება ამა თუ იმ სიტუაციაში სახელმწიფოს სახელით ილაპარაკონ. ეს შეიძლება იყოს პოლიციელი, იუსტიციის სახლის თანამშრომელი, მთავრობის წევრი, პარლამენტარი, პრეზიდენტი. ყველა მათგანი სახელმწიფოს წარმოადგენს, მაგრამ ამავდროულად ვერცერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ ის არის სახელმწიფო.

თუკი სახელმწიფო არ არის ტერიტორია და ის არ აღნიშნავს ადამიანთა კონკრეტულ წრეს, მაშინ რას აღნიშნავს ეს სიტყვა?

განვიხილოთ ამ სიტყვის გამოყენების სტანდარტული მაგალითი.

ფერმერს ცუდი მოსავალი ჰქონდა და გაკოტრების საფრთხე ემუქრებოდა. მას პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა აქვს:

1. გაკოტრდეს;

2. აიღოს სესხი იმის იმედად, რომ შემდეგ წელს უკეთესი მოსავალი ექნება, სესხს გადაიხდის და ამით გადაარჩენს ბიზნესს;

3. სთხოვოს ახლობლებს დახმარება.

სხვა სიტყვებით, ასე შეგვიძლია ვთქვათ:

1. აღიაროს შეცდომები და დაასრულოს იმ საქმის კეთება, რომელიც არ გამოუვიდა;

2. დაარწმუნოს უცხო ადამიანები (მაგალითად, ბანკირი), რომ მის ბიზნესს მომავალი ჯერ კიდევ აქვს და ისესხოს ფული;

3. შეაცოდოს ადამიანებს თავი და მათ მიერ ნებაყოფლობით გაცემული, ნაჩუქარი ფულით გადაარჩინოს ბიზნესი.

თუკი ადამიანი „სახელმწიფოს“ მიმართავს, ცხადია, რომ ეს გზები მას არ მოეწონა. მან არც შეცდომები აღიარა, არც/ვერც უცხო ხალხი დაარწმუნა მის მომავალში, არც/ვერც ახლობლები. არავის გაუჩნდა სურვილი, რომ დახმარებოდა ფერმერს. ეს გარემოება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გავიმეორებ, როცა ფერმერი „სახელმწიფოს“ მიმართავს ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ მოიძებნა ადამიანი, ვინც ნებყოფლობით დაეხმარებოდა მას.

რა იცვლება, როცა გეხმარება არა რომელიმე კონკრეტული ადამიანი, არამედ „სახელმწიფო“? თუ ამ სახელმწიფოს რომელიმე წარმომადგენელი (გადავდოთ, თუ როგორ ვირჩევთ მათ) დათანხმდება გაუწიოს ფერმერს დახმარება, ის თავისი ჯიბიდან არ მისცემს მას ფულს. „სახელმწიფოს“ მხოლოდ ერთი ფულის წყარო გააჩნია - ძალით ან ძალის მუქარით მოქალაქეებისთვის ფულის წართმევა.

ხშირად ჩვენ ამის აღიარება არ გვსიამოვნებს, მაგრამ გადასახადები ზუსტად რომ ძალით ან ძალის მუქარით წართმეული ფულია. ჩვენ, შეიძლება, მათ ვიხდით იძულების გარეშე, მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში ჩვენთან მოვა შეიარაღებული ადამიანი და დაგვსჯის. ჯერ ეს შეიძლება იყოს ჯარიმა, მაგრამ ადრე თუ გვიან სანქცია გამკაცრდება და ციხეშიც კი შეიძლება აღმოვჩნდეთ. სხვა სიტყვებით, საზოგადოებაში არიან შეიარაღებული და სათანადოდ მომზადებული ადამიანები, რომლებიც, თუ ჩვენ ჩვენით არ გადავიხდით გადასახადებს, მოვლენ და გვაიძულებენ ეს გავაკეთოთ. მათი შიშით იხდის ადამიანების დიდი უმრავლესობა გადასახადებს. ხოლო, გადასახადების არგადახდისთვის სანქციების გაუქმების შემთხვევაში, საეჭვოა, „სახელმწიფოს“ ბიუჯეტში სანქციების გაუქმებამდე არსებული შემოსავლის მეათედი მაინც რომ შევიდეს.

დავუბრუნდეთ ფერმერს. ესე იგი, როცა ის „სახელმწიფოს“ დახმარებას სთხოვს, ის ამბობს ასეთ რამეს: „წავიდეს ვინმე მოქალაქეებს ფული წაართვას და მე მომცეს!“.

საინტერესოა, რომ ფერმერს ზუსტად იგივე შეეძლო „სახელმწიფოს“ გარეშეც გაეკეთებინა. მაგალითად, მისულიყო მეზობლებთან და წაერთმია ფული (დავუშვათ, რომ ის ფიზიკურად მათზე ძლიერია და შეძლებდა ამის გაკეთებას). თუმცა ამგვარი ძალადობა სცდება ნებისმიერ საზოგადოებაში დაშვებულ ქცევის წესებს, მარტივად რომ ვთქვათ, ამორალურია. ისტორიაში არ არსებობს საზოგადოება, სადაც ქურდობა და ძარცვა ნორმალურ ქცევად ყოფილიყო მიჩნეული.

თუმცა ის, რაც კონკრეტული ადამიანებისათვის ამორალურია, მისაღები ხდება „სახელმწიფოს“ შემთხვევაში. რადგან „სახელმწიფო“ არ არის რაიმე ფიზიკური ობიექტი, რადგან „სახელმწიფო“ არ აღნიშნავს რომელიმე კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს, „სახელმწიფოს“ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ბევრ და ამავდროულად დაუდგენელ ადამიანებზე ნაწილდება. ყაჩაღობა ყაჩაღობად კი რჩება, მაგრამ ვინ არის ყაჩაღი - გაურკვეველია. შეიძლება ეს არის შემოსავლების სამსახურის ოფიცერი, რომელმაც დაბეგრა მოსახლეობა, მაგრამ ის მხოლოდ პარლამენტის მიერ დადგენილ წესს ასრულებდა. შეიძლება ეს არის პარლამენტის წევრი, მაგრამ გადასახადები ოდესღაც, პირველმა პარლამენტმა მიიღო, იმ პარლამენტარების ნაწილი შეიძლება არც კი იყოს ცოცხალი. შეიძლება ეს არის ბიუროკრატი, რომელიც ანაწილებს შეგროვილ ფულს, მაგრამ მას არც ფული წაურთმევია, არც უძალადია და მხოლოდ მინისტრის ბრძანებას ასრულებს. ვერც მინისტრი გამოდის ამ სქემაში მოძალადე, მიუხედავად იმისა, რომ მან გასცა ბრძანება კონკრეტული სუბსიდიის გადახდაზე. ძალადობის ინსტრუმენტი პოლიციას გააჩნია, მაგრამ პოლიციელებიც ხომ ბრძანებას ასრულებენ? საბოლოოდ, ვიღაცა გასცემს ბრძანებას, ვიღაც აღასრულებს, სულ სხვა ადამიანთა ჯგუფს აქვს იძულების ინსტრუმენტი, ხოლო კიდევ სხვა ადამიანები ადგენენ ამ ყველაფრის წესებს. თან ეს ადამიანები იცვლებიან და ერთის დაწყებულ საქმეს, მეორენი აგრძელებენ. ვინ არის ამ სქემაში ყაჩაღი, შეუძლებელია დაადგინო, ალბათ ყველა, მაგრამ ამავდროულად არავინ.

გამოდის, როცა ყაჩაღობას „სახელმწიფოს“ სახელით ვახორციელებთ, ის უკვე აღარ ხდება ამორალური. ყოველ შემთხვევაში, სისტემა ისე არის აწყობილი, რომ თუ ადამიანი არ დაფიქრდება, ყაჩაღობის ამორალურობა ბევრი წესის, პროცედურისა და ცერემონიის უკან იქნება დამალული.

თუ ეს გასაგებია, მაშინ ახლა უკვე შეგვიძლია განვმარტოთ, თუ რა არის „სახელმწიფო“.

„სახელწიფო“ არის სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, რომ ჩვენთვის სასურველი, მაგრამ ამავდროულად ამორალური ქმედება ჩავიდინოთ. სხვებისთვის ფულის წართმევა ცუდია, მაგრამ „სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს სოფლის მეურნეობას“ ამ დევიზს ამოფარებული ძალადობა უკვე მისაღებად გამოიყურება. სხვებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა ცუდია, მაგრამ დევიზი — „სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სამართლიანი კონკურენცია“ ბევრად დამაჯერებლად ჟღერს. ყოველ ჯერზე, როცა „სახელმწიფოს“ დახმარებისთვის მივმართავთ, ჩვენ სხვისი ხელით ძალადობას ან რაიმე სხვა ამორალურ ქმედებას ჩავდივართ, თან ისეთს, რომლის ჩადენის თავად გვრცხვენია, მაგრამ „სახელმწიფოს“ სახელს ამოფარებულები სინდისის ქენჯნას ნაკლებად განვიცდით.

აქ შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ: „თუ „სახელმწიფო“ ამორალური ქმედებების სინონიმია, ესე იგი, სახელმწიფო საერთოდ გასაუქმებელია?“

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ყაჩაღობა თუ ქურდობა ამორალურია. ადამიანთა უმრავლესობა არ გაამართლებს მათ. თუმცა არსებობს სიტუაციები, როცა, მაგალითად, ქურდობა შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ არ გახდეს საზოგადოების წევრების მხრიდან სანქცირებული. მაგალითად, უკიდურესი შიმშილობის პირობებში დედა შვილისთვის პურს თუ მოიპარავს, სავსებით მოსალოდნელია, რომ მოიძებნება ბევრი ადამიანი, ვინც ამ ქალს გაამართლებს. სხვა სიტყვებით, არსებობს სიტუაციები, როცა ადამიანებმა შეიძლება ძალადობა გაამართლონ, როგორიცაა შიმშილი, უკიდურესი სიღარიბე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და ა.შ. არ მგონია, რომ ამ ნაწილში, ყველა ადამიანს შორის თანხმობა არსებობდეს, მაგრამ ხშირად ნორმალური ცხოვრებისთვის ამორალური ქცევა, მისაღებად შეიძლება იქცეს არანორმალურ გარემოში. აქედან გამომდინარე, დემოკრატიულ საზოგადოებაში, მოსალოდნელია, რომ გარკვეულ სიტუაციებში, გარკვეული სახის ძალადობა დაშვებული გახდეს. მაგალითად, შეიძლება მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩათვალოს, რომ „სახელმწიფოს“ მხრიდან ფულის წართმევა იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და შიმშილის პირას იმყოფება - გამართლებულია.

აქედან გამომდინარე, პრობლემა ის კი არ არის, როგორი უნდა იყოს „სახელმწიფო“, არამედ ის, რომ არ მოვატყუოთ ერთმანეთი და ვაღიაროთ, რომ „სახელმწიფოს“ როცა მივმართავთ დახმარებისთვის, სინამდვილეში ძალადობას ვითხოვთ. თუ ეს გასაგები გახდება, „სახელმწიფოს“ ზომა, ანუ ის არეალი, სადაც ძალადობა - გამართლებულად არის მიჩნეული - მკვეთრად შემცირდება. თუ ჩვენ ფრაზას „პენსიები უნდა გაიზარდოს“ ჩავანაცვლებთ ფრაზით „ადამიანებს მეტი ფული უნდა წავართვათ, რომ ჩემ მშობლებს მეტი პენსია ჰქონდეთ“, დიდი ალბათობით, საპენსიო რეფორმა მალევე ჩატარდება და პენსია მხოლოდ იმ ადამიანებს დაენიშნებათ, ვინც პენსიის გარეშე ვერ შეძლებს ცხოვრების გაგრძელებას. ყოველ შეთხვევაში, საეჭვოა, რომ ადამიანებმა ძალადობა გამართლებულად მიიჩნიონ, მაგალითად, საპენსიო ასაკის მქონე მილიონერის ან უბრალოდ დიდი ქონების მქონე ადამიანის სასარგებლოდ.

აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ტყუილში ცხოვრებას დავასრულებთ და ყაჩაღობას დავარქმევთ, ქურდობას, მიუხედავად იმისა, „სახელმწიფოს“ სახელით არის ის ჩადენილი თუ არა, ჩვენი ურთიერთობა უფრო გულწრფელი და მორალურად გამართული გახდება, ხოლო „სახელმწიფოს“ ზომა მნიშვნელოვნად შემცირდება.

 

ავტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი

Comments