სიახლეები

1067 Views
პოლიტიკა

"გირჩისა" და "მოქალაქეების" ერთობლივი განცხადება

პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ალეკო ელისაშვილის, ჰერმან საბოსა და ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადება:

ნათელია, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის ზედმიწევნით შესრულება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთადერთი გარანტიაა, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 85% უჭერს მხარს.

გასაღები პირველივე პუნქტშია მოცემული და მოგვიწოდებს მხარეებს, აღმოვფხვრათ პოლიტიკური პოლარიზაცია. პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრისთვის ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს არცერთმა პარტიამ, რომელიც დღეს პოლიტიკურ ველზე აქტიურობს, ხოლო ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით უნდა იყოს გაჯერებული.

ფაქტია, რომ პოლიტიკურ ველზე დღეს არსებული პოლარიზებული გარემო არ არის ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც განვითარებული დემოკრატიებისთვისაა დამახასიათებელი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სწორედ, პოლარიზაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ძირითად დამაბრკოლებელ ფაქტორს.

ამ მოცემულობის შეცვლისაკენ მოგვიწოდებს ევროკავშირიც, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოების უნიკალურ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს და რომელი გაერთიანების წარმატებაც დრომ დაადასტურა. სწორედ ევროკავშირში არსებული დემოკრატიული პრინციპების ერთგულება და ინსტიტუციების სიმყარეა იმ მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების გარანტი, რასაც იგი მის წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები და სამოქმედო გეგმა მოცემულია როგორც 12-პუნქტიან გეგმაში, ასევე 19 აპრილის შეთანხმებაში. 

დროა, ქართულ პოლიტიკაში დასრულდეს უმიზნო დაპირისპირებებისა და ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნის პრაქტიკა, სადაც პოლიტიკურ ამინდს მხოლოდ ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალა განსაზღვრავს, რომელთა დღის წესრიგი არა საგნობრივი პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ურთიერთბრალდებებსა და პირადი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს პლურალისტური პოლიტიკური გარემო, სადაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა არა ერთპიროვნულად, არამედ მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტორების ჩართულობითა და დისკუსიის საფუძველზე მოხდება. პოლიტიკურ პარტიებს შორის ოპონირება კი არგუმენტების ურთიერთგაცვლასა და ფაქტებზე იქნება დამყარებული.

მსგავსი პოლიტიკური ტრადიციის დამკვიდრება, საბოლოო ჯამში, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კონსოლიდირებული დემოკრატიის ჩამოყალიბებას.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, აუცილებლად მიგვაჩნია სამი ძირითადი ნაბიჯის გადადგმა:

  1. განსაკუთრებული მნიშვნელობა დეპოლარიზაციისა და პლურალისტური გარემოს ჩამოყალიბების კუთხით ენიჭება პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების, სულ მცირე, მეორე მოსმენით მიღებას. პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, 2%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარებას, რაც პირდაპირ არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებითაც.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და საარჩევნო ბარიერის დაწევა პირდაპირ ეხმიანება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციისაკენ. რამდენადაც მხოლოდ  პროპორციული საარჩევნო სისტემა მაღალი ბარიერის პირობებში ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების სამართლიან წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში, აუცილებელია ორპარტიულობისა და პოლარიზაციის შემცირების მიზნით, ბარიერის დაწევა, რაც გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს, საშუალებას მისცემს ახალ პოლიტიკურ  პარტიებს წარმოდგენილნი იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში და გააჟღერონ საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფის ხმა.

19 აპრილის შეთანხმება, ამბიციური საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის არათუ 2%-იანი, არამედ ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს. პოლიტიკური პოლარიზაციის მაქსიმუმადე შემცირების მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნული დათქმის შესრულება, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერის დაწესება და შეთანხმებაში მოცემული პირობისათვის არაერთჯერადი ხასიათის მიცემა.

  1. დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება, ასევე, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფაქტორის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან. მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შეამცირებს პოლარიზაციას, გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ ველს, მმართველ პოლიტიკურ ძალას კი გამოაცლის „მტრის ხატს“, რომელთან პოლემიკაც ორმხრივი სიძულვილის ენაზეა აგებული. ამ დიქოტომიიდან თავის დაღწევის საშუალება, მხოლოდ ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მიერ  გადაწყვეტილების მიღებაა, რაც თავად ნაციონალურ მოძრაობასაც მისცემს შესაძლებლობას ტრანსფორმირდეს  თანამედროვე პოლიტიკურ ძალად. ამავე კონტექსტში მნიშნველოვანია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის  მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული რისკები არ გახდეს ქვეყნისათვის ისტორიული სირცხვილის გამეორების წინაპირობა.
     
  2. ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან შორს არ არის. პოლარიზაციის შემცირების კუთხით, რაც თავის თავში დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებასაც მოიცავს, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში. იმისათვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესებზე უნდა აიღოს მან, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია. საჭიროა ყველა ფორმალური პოლიტიკური აქტორი, განსაკუთრებით ისეთი გავლენიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მან, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტმა, პოლიტიკურ გუნდთან ერთად, აიღოს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში.

ზემოაღნიშნული ნაბიჯების გადადგმა, ერთი მხრივ პირდაპირი წინაპირობაა ევროკავშირის მიერ 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების ვალდებულების შესრულებისა და მეორე მხრივ, ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისა და ახალი  დემოკრატიული თამაშის წესების დამკვიდრების ხელშეწყობაა, რაც განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნიდან კონსოლიდირებული, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნად გვაქცევს.

Comments