სიახლეები

ოჯახის წევრ პატიმრებს შესაძლოა ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობა გაუჩნდეთ

დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ჩვენი კანონპროექტი განიხილეს, რომელიც პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხება.

2021 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი დავარეგისტრირეთ, რომლის მიზანიცაა ოჯახის წევრებს, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებაში იხდიან სასჯელს, ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება ჰქონდეთ.

კანონპროექტის შექმნა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც 2021 წლის 26 ივნისს ორმა ოჯახმა წერილი გამოგვიგზავნა და თხოვნით მოგვმართა, რომ ამ საკითხით დავინტერესებულიყავით. ერთ-ერთ პატიმარს და მის მეუღლეს, რომელიც ასევე მსჯავრდებულია, არსებული შეზღუდვის გამო 3 წელი ერთმანეთის ხმა არ გაუგონიათ და ასე გაგრძელდება კიდევ 3 წელს. 

ამ საკითხზე მუშაობის პროცესში დავინტერესდით, სულ რამდენი ადამიანი იყო ქვეყანაში ისეთი, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს და 25 ნოემბერს სადეპუტატო წერილით იუსტიციის სამინისტროს მივმართეთ.

იუსტიციის სამინისტროს პასუხიდან გავიგეთ, რომ პენიტენციალურ დაწესებულებაში 2022 წლის 5 იანვრის მონაცემებით 443 ასეთი ადამიანი იხდის სასჯელს.

ევროპულ ციხის წესებში ნათქვამია, რომ მსჯავრდებულს მაქსიმალურად უნდა შეუნარჩუნდეს გარესამყაროსთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ციხეში ამისთვის სათანადო პირობები არ არსებობს, ადმინისტრაცია უნდა ეცადოს და შექმნას ეს პირობები.

ევროპული ციხეები რომ უფრო ჰუმანურია, ამის ნათელ მაგალითად შეგვიძლია მოვიშველიოთ ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულებს გამონაკლისი შემთხვევების სახით (როგორიცაა ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, შვილის დაბადება თუ სხვა) საპატიმროს დატოვების უფლებას აძლევენ. ამის ფონზე, ჩვენ მათ ერთმანეთთან დარეკვასაც კი ვუკრძალავთ.

პატიმრობის მიზანი ვერ იქნება, რომ ოჯახის წევრებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება ავუკრძალოთ.

რა რისკს უნდა წარმოადგენდეს სატელეფონო საუბარი, რომელიც ყველამ იცის, რომ ისმინება, როდესაც ერთი ციხიდან მეორეში რეკავ, წარმოუდგენელია იქ დაგეგმო რაღაც კრიმინალური დანაშაული იმ იმედით, რომ მას არავინ მოისმენს.

                                                                                                                                                                                           - თქვა იაგომ.

ქართულმა ოცნებამ ჩვენს კანონპროექტს დღეს მხარი დაუჭირა, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი უკვე სესიაზე პირველი მოსმენით გავა.

მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული კანონმდებლობით ამ ადამიანებს არაჰუმანურად ვექცევით და შეიძლება ითქვას, ერთადერთ სანუგეშო წყაროს (ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას) ვართმევთ.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები გაიზიარებენ ჩვენს არგუმენტებს და ამ ცვლილებას მიიღებენ.

კანონპროექტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

                                                                                                                                                                          ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments