სიახლეები

24 Views

უკუკავშირის კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.    310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად : 
,,დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც      არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული კანონი.’’

2.    3321- ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი : 
,,4) ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო  განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირის მიმართ განაჩენი გამოტანილი იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის  იმ რედაქციაზე ან ნორმატიულ შინაარსზე დაყრდნობით, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი და თუ მოქმედი რედაქცია იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას ‘’. ‘’

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                      სალომე ზურაბიშვილი

 


განმარტებითი ბარათი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე 

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, გიორგი ქებურიას  საკონსტიტუციო გადაწყვეტილების შემდეგ შეტანილი არის ცვლილება, რომლიც მიხედვითაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

 ცვლილების მიხედვით მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენება, როცა მას შეეძლო, მაგრამ  არ მოიპოვა ნეიტრალური მტკიცებულებები  სასამართლოს მიერ არ იქნება მიღებული, რადგან ბრალდებულისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვეს მიღმა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. 

სამწუხაროდ, არაკონსტიტუციურად ცნობილი ამ ნორმატიული შინაარსით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ადამიანები არიან გასამართლებულები და იხდიან სასჯელს, იმისათვის რაც დღევანდელი სტანდარტით მიუღებელ და გამამტყუნებელი განაჩენისთვის არასაკმარის მტკიცებულებად არის აღიარებული

.საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა როცა დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამართალდამცავი ორგანოს წამომადგენლების მიერ  მოპოვებული მტკიცებულება, რომელიც მხოლოდ მათი ჩვენებით არის გამყარებული არ არის საკმარისი გამამტუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა საერთო სასამართლოების პრაქტიკით გადასინჯვას არ ექვემდებარება ასეთი მტკიცებულებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელმაც უტყუარ და დასაბუთებულ ვარაუდათ მიიჩნია პირის ბრალეულობა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების ჩვენების საფუძველზე და ამასთან მათ არ დაუდასტურებიათ გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდიდა ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვებას. 

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია და სისხლის სამართლის დოქტრინი აღიარებული არის ადამიანის უფლება და კანონმდებლის ნება, რომ თუ სისხლის სამართლის კანონში შეტანილი არის ცვლილება, რომელიც აუმჯობესებს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) უფლებას აქვს უკუძალა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას სხვგავარი პრაქტიკა აქვს ჩამოყალიბებული . საქმეში  , სადაც მსჯავრდებული მოითხოვდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13-ე მუხლიში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, თავისი საქმის გადასინჯვას მოსამართლემ აღნიშნა ,, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმის ან მისი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა მხოლოდ მაშინ, შეიძლება გახდეს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი როდესაც ის არსებითად არის დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსთან.’’  აღნიშნულ განმარტებას მოსამართლე აკეთებს ამავე კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ,, არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.’’ სისხლის სამართლის კანონს- განმარტავენ , როგორც სისხლის სამართლი კოდექსი და ის არ მოიცავს სისლხის სამართლის პროცესს ან /და სხვა კანონმდებლობას, შესაბამისად  უარს ამბობენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შატანილი ცვლილებების გამო საქმის გადასინჯვაზე, რაც ეწინაარმდეგება სისხლის სამართლის დოქტრინას და საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც სისხლის სამართლის კანონში მოიაზრებს, როგორც მატერიალურ ისე პროცესუალურ კანონმდებლობას. 

სასამართლოს ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, იტოვებს შესაძლებლობას როცა დასჭირდება   310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს და როცა გადაწყვეტს ფართოდ განმარტოს ეს ჩანაწერი, რაც ნორმას ბუნდოვანს ხდის ხოლო სუბიექტებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს და აფერხებს საპროცესო უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას. 
კანონპროექტი მიზნად ისახავს სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად მსჯავრდებულის უფლების რეალიზებას, კერძოდ გადასინჯულ იქნას მისი განაჩენი. 


ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდიან ადამიანები უკანონო ნივთის ფლობისათვის, საქმის  მტკიცებულებაში  მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები იძებნება, საკონსტიტუციო სასამართლომ ქებურიას საქმეში განმარტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსი, თუმცა სააპელაციო სასამართლო უარს ეუბნება მსჯავრდბეულს მისი საქმის გადასინჯვაზე იმ მოტივით, რომ 1. განაჩენის გადასინჯვის საფუძველი არ არის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილება და 2. საგამოძიებო მოქმედებები რომლებიც დაიწყო და დასრულდა , ასევე დაკანონდა ქებურიას გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე უნდა იქნას მიჩნეული კანონიერად. 

კანონში შეტანილი ამ ცვლილებით აღსრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ყველა იმ მსჯავრდებულს რომელიც არაკონსტიტუციური მტკიცებულების სტანდარტით არის გასამართლებული საშუალება ექნება გადაისინჯოს მისი საქმე.  

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ ექნება საშუალება უარი უთხრას მსჯავრდბეულს მისი საქმის გადასინჯვაზე თუ არაკონსტიტუციურად გამოცხადდა საქმეში გამოყენებული კანონი და  ამასთან  ერთად გადაისინჯება ის საქმეები, რომელში არსებული მტკიცებულებები მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ძველი რედააქციით არის მიღებული, კერძოდ, თუ კი მხოლოდ პოლიციელების ჩვენებით დგინდება ბრალდებული პირის ბრალეულობა.  

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 

კანონპროექტის მიხედვით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის ორი ცვლილება, სსსკ-ის  310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის ამგვარი ჩამოყალიბების მიზანია რომ, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდება სისხლის სამართლი საპროცესო კანონი ან საქმეში გამოყენებული სხვა კანონი, ეს იყოს საქმის გადასინჯვის საფუძველი.

სსსკ-ის 310 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის ჩანაწერი - ,, ...სისხლის სამართლის კანონი. ‘’ სასამართლო პრაქიკაში განიმარტება, როგორც სისხლის სამართლის კოდექსი, ეს კი საშუალებას აძლევს მოსამართლეს უარი უთხრას მსჯავრდებულს სისხლის სამართის პროცესში შეტანილი ცვლილების გამო გადაისინჯოს მისი საქმე. 

ხოლო ამავე კოდექსის 3321  მუხლში შეტანილი ცლილებით შესაძლებელი იქნება კანონსტიტუციურად გამოცხადებული ახალი შინაარსი გავრცელდეს და შესაბამისად, გადაისინჯოს გადაწყვეტილების კანონიერება იმ საქმეებზე, რომლის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო და დასრულდა, ასევე დაკანონდა 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე, ვინაიდან თუ საქმის გადასინჯვისას დადგინდა რომ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს შეეძლოთ ჩხრეკის დროს მოეპოვებიათ ნეიტრალური მტკიცებულებები, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, მტკიცებულების სახით მხოლოდ მათი ჩვენება არ შეიძლება იქნეს მიღებული, რის შედეგადაც ვერ შეიკვრება მტკიცებულების ეჭვს მიღმა სტანდარტი და გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დადგება. 

დღეს გვაქვს მოცემულობა როცა მე-13 მუხლის ახალი ნორმატიული შინაარსით, გაუქმდა არაკნონსტიტუციუ შინაარსის მქონე ნორმა, რომლის მიხედვით გასამართლებულნი არიან ადამიანები, თუმცა სააპელაციო სასამართლო უარს აცხადებს უკუძალის გავრცელებაზე, ზემოდაღნიშნული მიზეზების გამო, შესაბამისად ადამიანებს რომლებსაც მოქმედი ნორმით ჩაუტარდება ჩრეკა უკეთეს მდომარეობაში არიან ვიდრე მათ ვისაც 2020 წლის 25 დეკემბრამდე ან 2021 წლიეს 1 ივლისამდე (ნორმის ძალაში შესვლის დრო) ჩაუტარდათ. 


ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

ასეთი არ არსებობს. 

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები არ არსებობს. 

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილზე.

 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

ასეთი არ არსებობს. 

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.

ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:

კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: 
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. 

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. 

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: 

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: 

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს. 

ე) კანონპროექტის ავტორი: 

საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო. 

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო. 
 

Comments