სიახლეები

ევროპისკენ მისასვლელი გზა არ შეიძლება გადიოდეს ეკონომიკის ვარდნასა და ადამიანების გაღატაკებაზე

ადრე იტყოდნენ მოუხნავში გადადიანო და ასე მოუხნავში გადადის უკვე ბიუროკრატია, შეიძლება ითქვას ვეღარ ჩერდებიან და კორუფციის ახალი არხების გახსნის მიზნით (ნებით თუ უნებლიედ) ფასადურად კი ადამიანებზე ზრუნვის მოტივით, სულ უფრო მეტ მავნებლურ რეგულაციებს ღებულობენ, ეს ევროპასთან უკნიდან დამსგავსების აზვირთებული ტალღა ჩვენ გვიქადის ეკონომიკის ვარდნას, სიღარიბის ზრდას და მოსახლეობის შემცირებას... ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთება დიდი ვერაფერი ბედენა იყო ყოველთვის, მაგრამ ყოფა-ცხოვრებას მეტნაკლებად ეკონომიურად და ხალისიანად ვახერხებდით. ნელ-ნელა ეს უპირატესობაც თვალსა და ხელს შუა გვეცლება და მეტწილად იმ ადამიანების გამოისობით, ვინც არც ეკონომიკის პრინციპების გონზე არაა და არც წარმოდგენა აქვს რა უნდა აკეთოს რომ ქვეყანა საინტერესო გახდეს და განვითარდეს... გენეტიკური იმუნიტეტი ბევრს საშუალებას აძლევს მოერგოს ცვალებად გარემოს, “იჩალიჩოს”, “იდვიჟენიოს”, “დაალაგოს”, “გამოცვალოს”... ზოგი ამას არათუ აკეთებს არამედ წარმატებულადაც კი, ზოგი თავის და თავსიანების დროსა და ჟამს ელოდება, მაგრამ უამრავი ადამიანი ამ პროცესის მიღმაა და თითქოს შეგუებულიცაა რომ 21-ე საუკუნეში თუ ლუკმა-პურს მოიპოვებს და გამოძვრება სიღარიბის ნიშნულიდან უკვე წარმატებაა... კი , 21-ე საუკუნის საქართველოში ეკლესიებში სანთლების დანთება და ღმერთისთვის მადლობის გადახდა, იმისთვის რომ რაღაცა მაინც გაიმეტა, დღის წესრიგშია და ეს მადლიერების გრძნობა ერთგვარი ჩამკეტია მეტი სიკეთისა თუ კეთილდღეობის მოპოვების სურვილის გზაზე... ამ გზით სიარულის ხელდასმა ელიტისგან იმაშიც სჩანს თუ რამდენი ეკლესიაა აშენებული ბოლო ათწლეულებში და რამდენი მართლა დოვლათის შემქმნელი საწარმო, ამასთან რა ბიუროკრატიული ჯოჯოხეთი უნდა გამოიარო ჰესისა თუ ქარხნის ნოლიდან ასაშენებლად და ამის ფონზე რა უმარტივესია ტაძრის აგება, ოღონდ კი მოინდომე... ყველაფერს თავისი ადგილი და ზომა-წონა აქვს... ბევრი ხიზილალის ჭამაც მავნებელია...

დღეს რა ხოდზეცაა ბიუროკრატია და რა სისულელეებსა თუ უმსგავსობებს იგონებს საკუთარი არსებობის გასაპრავებლად, ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს, ამის შედეგს თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქე თუ ამ ქვეყანაში ჩამოსული სტუმარი თავის თავზე ცალსახად გრძნობს, ოღონდ მიზეზს ვერ ხვდება, იმიტომ რომ ბიუროკრატიას იღბალიც და ყისმათიც აქვს მუდამ გამოუჩნდეს სიბრიყვეთა გასამართლებელი ისეთი “სიკეთეები”, როგორიცაა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, გლობალური პანდემია თუ სხვა...

ეს ქვეყანა ამ გზითა და ამ ტემპებით განვითარებულ სახელმწიფოს ნაკლებად, უფრო დასასვენებელ ბანაკს დაემსგავსება, და ივლიან ჩვენი შვილებიც ზაფხულობით და ზამთრობით, თითო-ოროლა კვირას გამონახავენ წელიწადში წინაპართა სამშობლოში დროის გასატარებლად, ან უკეთეს შემთხვევაში სხვაგან გაკეთებული ბიზნესის წყალობით აქ იცხოვრებენ და არ შეეშვებიან გაწელილი ელარჯისა თუ ჩაქაფულის დაგემოვნებას...

ყველა რეგულაცია არის ფეხზე გამოდებული მარყუჟი, ეს მარყუჟი კი ყველაზე ეფექტურად მუშაობს ცხვრებზე, ისინი არც კი ირხევიან მის მოსაცილებლად. თოკის კერვასა და მარყუჟების შეკვრას კი ყველაზე ნაკლები ცოდნა-განათლება სჭირდება, ხოდა იქსოვება და იკერება, მანამ, სანამ არ გაჩნდება მათი მოცილების და დაგლეჯვის სურვილი...

და კიდევ, არც თუ ისე ცოტას ფხანს გულს სხვის ფეხზე გამობმული მარყუჟის ხილვა და ეს იმდენად სიამოვნებს კიდეც რომ საკუთარ ფეხზე გამობმასაც ყაბულსაა, ეს ის ადამიანებია, ვინც საკუთარი წარუმატებლობის მიზეზს ხშირად სხვის წარმატებაში ხედავს და გულს მალამოდ ედება სხვისი დაშვება, ვინაიდან შეგუებულია რომ ვერც ვერასოდეს აფრინდება თავად...ამ განცდის მიზეზი კი სამწუხაროდ ამ ქვეყანაში საკმარისზე მეტია...

Comments