სიახლეები

მარტის მეოთხე კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები გირჩის ყოველკვირეულ დაიჯესტში

22 მარტს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პოლიტიკაში ბრუნდებოდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა:

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ.

გირჩის ყოველდღიურ გადაცემაში „დაუჯერებელი ამბები“ სანდრომ და იაგომ ეს თემა განიხილეს.

სანდრომ გამორიცხა, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება ქართული ოცნების გარეშე ხდებოდეს, თუნდაც დაფინანსების და ადამიანური რესურსით. მისივე თქმით, გახარიას ივანიშვილისგან, როგორც მინიმუმ, ნებართვა მაინც უნდა აეღო.

ქართული ოცნების პოტენციური ამომრჩეველი ლელოს ხმას უკვე აღარ მისცემს და მგონია, რომ გათვლა სწორედ ამაზეა. ის ხმები რაც შესაძლოა ქართულმა ოცნებამ დაკარგოს, ამ ხმებს  გახარიას მეშვეობით უკან დაიბრუნებენ

                                                                                                                                                                       - მიიჩნევს სანდრო.

იაგომ თქვა, რომ ბოლომდე შეთანხმებული პოზიციების არ სჯერა და გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება ყველაფრის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახალ მოთამაშეს გააჩენს.

მას შემდეგ, რაც კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა, ოპოზიციამ 15 მაისს მასშტაბური აქცია დაანონსა. მათი თქმით, აქციამდელ პერიოდს ისინი რეგიონებში ხალხთან შესახვედრად გამოიყენებენ.

იაგო მიიჩნევს, რომ ოპოზიცია უბრალოდ ორ თვიან შვებულებაში გავიდა.

სანდროს თქმით კი, სინამდვილეში აქციებზე მობილიზებული პარტაქტივიდან უმეტესობა სწორედ რომ რეგიონებიდან იყო და პრობლემა ისაა, რომ რეალურად თბილისის მოსახლეობის უმეტესობა ამ აქციებზე არ გამოდის.

 

 

ამავე დღეს ვახო მეგრელიშვილმა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ველი მოკვდა.

ის გიორგი გახარიას განცხადებასაც გამოეხმაურა:

დღევანდელი კრიზისის კონტექსტში დაუჯერებელია, რომ ის [გიორგი გახარია] იყოს დამოუკიდებელი ოპოზიციური ძალა და ეს ხელისუფლებამ მოახერხოს და მიჰყიდოს საზოგადოებას.

მისივე თქმით, დესტრუქციული ოპოზიციის პირობებში ბიძინა ივანიშვილი აკეთებს თავისთვის მოსაწონ ოპოზიციას, გახარიას ამბავი სწორედ ასე გამოიყურება.

 

 

სანდრომ დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ თქვა, რომ გირჩს მშვიდობიან გარემოში ცხოვრება სურს.

ვიღაც თუ მელაპარაკება ისე, რომ ჩემი განადგურება უნდა და საწყისი პოზიციაა რომ მეორე მხარემ ყველაფერი უნდა დათმოს და წავიდეს, შემდეგ კი შეიძლება მადლობა უთხრან, ბუნებრივია ჩემი რეაქცია თავდაცვითი იქნება და ყველაფერს გავაკეთებ მოლაპარაკებების ჩასაშლელად და თუ ასეთი განწყობით მიდიან მხარეები მოლაპარაკებებზე არაფერი არ გამოვა.

 

 

იაგომ სტუმრად გადაცემაში „360 გრადუსი“ მოლაპარაკებებზე ისაუბრა. მისი თქმით, დანიელსონის მიზანია, რომ ორმა გაჯიუტებულმა მხარემ შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა მოლაპარაკებების მაგიდაზე არიან ადამიანები, ვისაც შეთანხმება არ უნდა და ამ ხალხის მონაწილეობით ამის მიღწევა შეუძლებელია, რაც ჩვენ ადრეც ვიცოდით.

რაც შეეხება ოპოზიციის სამომავლო გეგმებს, მისთვის მათი პოზიციები სრულიად გაუგებარია და მიიჩნევს, რომ სინამდვილეში რეგიონებში სიარულს არანაირი შინაარსი არ გააჩნია.

მოვა ის დრო, როდესაც გასაგები გახდება, რომ მიშაზე ბრმად აყოლა და ქუჩაში დარჩენა ნაციონალური მოძრაობის მასშტაბური საპროტესტო ტალღის იმედად, მაშინ, როდესაც საერთაშორისო მხარდაჭერა არ გაქვს, დასაფიქრებელია, რადგან ეს ძალიან ჰგავს ახირებას.

არ მინდა ჩვენი პარტნიორები და ამომრჩევლები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ახირებული ხალხი ვართ, კამათი და დისკუსია არ შეგვიძლია და არას თქმას არგუმენტების მიუხედავად ვერ ვიტანთ

                                                                                                                                                                         - განაცხადა იაგომ.

 

 

23 მარტს ვახომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, გადაცემაში „კომენტარი“ ასე შეაფასა:

პოლიტიკა საუბარია და ვინაიდან მოთამაშეებმა პოლიტიკური ველი მოკლეს, ჩვენ იძულებული ვართ, რომ ახალი შესაძლებლობები ვიპოვოთ, წინააღმდეგ შემთვევაში რჩება ქუჩა და პარლამენტში ჩაკეტვა და აქედან არცერთი სწორი პოლიტიკის საკეთებლად მიზანშეწონილი არ არის.

 

 

ამავე საღამოს პირველი არხის ეთერში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დებატები გაიმართა, სადაც ვახო მეგრელიშვილი და გივი მიქანაძე მონაწილეობდნენ.

ქვეყანაში არ არსებობს ისეთი ინსტიტუტი, რომელიც ტელევიზიებს მიღმა იტყვის, რა არის მართალი და რა არა და ამას ვინმე დაიჯერებს. სწორედ სასამართლო სისტემის გაუმართაობის და უნდობლობის გამო შეიქმნა ეს პრობლემა, როდესაც შუამავლები გვჭირდება და ისინი ფაქტობრივად სასამართლოს ფუნქციას ასრულებენ. მოლაპარაკებები კი ორთაბრძოლის არეალად გადაიქცა, რამაც ეს კრიზისი წარმოშვა, რომელშიც ვიმყოფებით.

ქართული ოცნება ამ ბრძოლის გამო, რომელიც მას და მთავარ ოპონენტს შორისაა გამართული, ფაქტობრივად ქვეყანას ასეთ კრიზისში ტოვებს, პარლამენტს კი იმ არასრულფასოვანი ფორმით, რომელიც დღეს არის

                                                                                                                                                                          - განაცხადა ვახომ.

 

 

იაგომ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას არჩევნების გაყალბება არ უდასტურდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ყველაფერში მართალია და მიუხედავად შედეგების აღიარებისა პარლამენტში შესვლა სირცხვილი გახდა.

ჩვენ ხომ ფაქტობრივად ოპოზიციას გავემიჯნეთ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი პარლამენტში შესვლა-არშესვლა მათ კი არ დავუკავშირეთ, არამედ პროპორციული უბარიერო არჩევნების მიღება-არ მიღებას, სადაც თუ ქართული ოცნება გვეთანხმებოდა, ოპოზიციას დავიყოლიებდით, მაგრამ ხელი შეგვიშალეს, არ უნდათ მათ ჩვენი შესვლა და პარლამენტში მარტო ყოფნა ურჩევნიათ.

 

 

საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრისტიან დანიელსონი მიმდინარე კვირაში საქართველოში დაბრუნდებოდა და მოლაპარაკებების პროცესი განახლდებოდა.

გირჩის აზრით, მნიშვნელოვანია დანიელსონი რა ცვილებებით ჩამოვა, რადგან როგორც გამოჩნდა, 64 საათიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, მისი მცდელობა წინა ჩამოსვლაზე უშედეგოდ დამთავრდა.

24 მარტს მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანა მესამე ტალღის მოლოდინშია და ეპიდემიოლოგების თქმით, შესაძლოა შეზღუდვების გამკაცრება ისევ მოხდეს.

პანდემიასა და ქვეყნის ეკონომიკურ მგომარეობაზე მის გავლენაზე, სანდრომ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისი თქმით, პანდემიის გარეშეც ვიცოდით, რომ ეკონომიკური ზრდის ძალიან დაბალი ტემპები გვქონდა და უცნაური არაა ის ფაქტი, რომ ისევ ღარიბები ვრჩებით.

სანდრო მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას პანდემიასთან ბრძოლის სხვანაირი მიდგომა რომ ჰქონოდა, დღეს სულ სხვა სურათი გვექნებოდა.

ადამიანებს ვისაც მუშაობა შეეძლო, თავიანთი საქმის კეთება უნდა გაეგრძელებინა და ზარალი ბევრად ნაკლები იქნებოდა და ბიზნეს სექტორი რომ არ გაჩერებულიყო, შესაძლოა ბიუჯეტშიც უფრო მეტი რესურსი ყოფილიყო.

მისივე თქმით, ხელისუფლება ამის სრულიად საწინააღმდეგოდ მოიქცა და ბიზნესისთვის მუშაობის შესაძლებლობის ნაცვლად, უზარმაზარი საგარეო ვალით მათი დახმარება გადაწყვიტა.

 

 

იაგომ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ დანიელსონის საქართველოში დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, დარწმუნებულები ვერ ვიქნებით, რომ დასავლელი პარტნიორები მოლაპარაკებების პროცესში წარმატებას ჩვენს ნაცვლად მიაღწევენ. იაგოს ოპტიმიზმის საუძველი არ აქვს და მიაჩნია, რომ რაღაც ახალი გზის მონახვა აუცილებელია, რადგან ამ ორი კვირის განმავლობაში არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ შეცვლილა და იგივე ფორმატში მოლაპარაკებების წარმართვას უბრალოდ აზრი არ აქვს.

მთელი ამ მოლაპარაკებების ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი განსხვავებული შეხედულებები სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით დავაახლოვოთ. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ ჩვენი კოლეგები ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან არა.

 

 

ოთხშაბათის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ვენეციის კომისიის დასკვნა იყო, ხელისუფლების მიერ დეკემბერში ინიცირებული კანონპროექტის შესახებ, რომელიც პარლამენტში არ მყოფი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას და განკუთვნილი უფასო საეთერო დროის გაუქმებას გულისხმობს.

გირჩის პოზიცია მისი ინიცირების დღიდან იყო, რომ მსგავსი კანონპროექტი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პარტიების პირდაპირი შანტაჟია.

ვენეციის კომისიის დასკვნაში იგივე იკითხება:

პოლიტიკური პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპარლამენტო სხდომებისა და სესიების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან.

იაგომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, გადაცემაში „ბარიერი“ ისაუბრა.

მისი აზრით, დასავლელმა პარტნიორებმა ახლა მოსამართლის როლი უნდა შეითავსონ და მტყუან-მართალი გაარჩიონ, რადგან კეთილშობილური მოწოდებები შერიგებისკენ და შეთანხმებსიკენ როგორც ჩანს საკმარისი არ არის, ამიტომ ქირურგიული ჩარევაა საჭირო, რომ რაღაცა გამოვიდეს.

30 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, გვაქვს ამბიცია პრო-დასავლელობაზე, ათასნაირ ხელშეკრულებაზე  ხელი გვაქვს მოწერილი, ამდენი ხანია დასავლეთთან ვინტეგრირდებით, თითქოს პარლამენტარიზმიც უნდა გვქონდეს, ერთი შეხედვით ხელისუფლებასაც არჩევნებით ვცვლით, მაგრამ ამის მიუხედავად ლაპარაკი არ ვიცით და საუბარში ძალიან დაბალკვალიფიციური პოლიტიკოსები გვყავს, ყველა მაგარია სიტყვით გამოსვლაში, ქართული პოლიტიკური კულტურა ასე განვითარდა, მაგრამ მისი მთავარი კომპონენტი ლაპარაკი ფაქტობრივად არცერთ პოლიტიკოსს არ გააჩნია. ამიტომ როდესაც სადღაც მოხვდებიან ან ღმერთს ეძებენ (მესიას), ან თვითონ ხდებიან მესიები და სწორედ ეს გვაქვს შესაცვლელი, რაც ანტი-დასავლური და არა-ევროპულია და სანამ ამას არ მოვიშლით, მანამდე პანაცეა ჩვენი მეგობრები ვერ იქნებიან.

 

 

25 მარტს ვახომ სტუმრად ანა ახალაიას „დღის ამბებში“ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მხარეები ამ პროცესში უფრო მოქნილები გახდნენ და ისეთი იდეები განიხილონ, რომელიც აქამდე არ განხილულა.

ალტერნატივა გვჭირდება რა შეიძლება იყოს შეთანხმების თემა და მე ვფიქრობ, ეს არა 20 ივნისის საქმის ამნისტიაა, არამედ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაა, იმ რეალობის აღიარება, რომ მაგიდის მეორე მხარეს არა რომელიღაც პარტიის წარმომადგენელი, არამედ მართლა მისი ლიდერი ზის.

ნიკა მელია და გიორგი რურუა ხომ არ არიან მთავარი პრობლემა, ეს ხომ შედეგია ამ დაპირისპირების, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს და ისინი ამის მსხვერპლნი არიან, მაგრამ წყარო ამ დაპირისპირების არის ამ ადამიანი პოლიტიკური ველიდან გარიყვა და თუ შერიგებაზე და დათმობებზეა საუბარი, მაშინ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა ჩამოვიდეს და ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევიდეს.

 

 

გადაცემაში „360 გრადუსი“ იაგომ განაცხადა, რომ მისი აზრით დანიელსონი წინა 64 საათიანი გამოცდილების შედმეგ დარწმუნდებოდა, რომ სხვა მიდგომაა საჭირო.

მისივე თქმით, დანიელსონს განაჩენის გამოტანის უფლება უნდა ჰქონდეს და მისი სურვილია, რომ პარტნიორებმა საკუთარ თავს ამის უფლება მისცენ.

იაგომ ასევე გირჩის ინიციატივაზე, მიხეილს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ ისაუბრა:

ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ინტერესებისთვის კარგად არ იბრძვის, მემგონი ეს პარტია ბოლომდე მიხეილ სააკაშვილსაც არ გამოადგა.

ჩემი აზრით, მათი მთავარი მოთხოვნა ეს რაღაც უცნაურობები კი არ უნდა იყოს, არამდე მათ ლიდერს საშუალება უნდა მიეცეს ქვეყანაში ჩამოვიდეს და პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს ისე, რომ დაჭერა არ ემუქრებოდეს და მათი მხრიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთადერთი ეს საკითხი უნდა იდოს.

 

 

26 მარტს იაგომ დანიელსონის საქართველოში დაბრუნებისა და მოლაპარაკებების შესახებ,  გადაცემაში ანა ახალაიას „დღის ამბები“ ისაუბრა.

მისი თქმით ყველამ კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში ერთ მთავარ ძალას მართავს მიხეილ სააკაშვილი, ხოლო მეორეს ბიძინა ივანიშვილი მართავს და მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი ადამიანები ერთმანეთს სულ ტყუილად ხვდებიან, რადგან მათ ლიდერებს შერიგების ბრძანება არ აქვთ გაცემული.

ამიტომ თუ ეს კონფლიქტი სხვანაირად არ გვარდება, ეს ხალხი მოლაპარაკებების მაგიდასთან ერთად უნდა დაჯდეს.

მიხეილ სააკაშვილი აქ რომ იყოს ეს საშიში საერთოდ არ იქნება, ხოლო ის ფაქტი, რომ ის საქართველოდან განდევნილია, ეს მას რაღაცნაირი შარავანდედით მოსავს და მის გუნდში არსებულ სხვა ადამიანებს თავისუფლად ქცევის საშუალებას უსპობს.

იაგოს თქმით, გირჩს არ სურს რომელიმე მხარის წინააღმდეგ ბრძოლა და თუ შეთანხმება და პარლამენტი ვერ შედგება, გირჩს ალტერნატიული გეგმა ექნება, რომელიც არც ქართული ოცნების და არც ნაციონალური მოძრაობის გეგმის ნაწილი არ იქნება.

ეს გამოკვეთილად და მკაფიოდ გირჩის გეგმა იქნება და ისეთი რომელიც არავის არასდროს არცერთ სხვა გეგმაში არ შეეშლება

                                                                                                                                                                            - აღნიშნა იაგომ.

 

 

ვახომ რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ამ კრიზისს დაპირისპირებული მხარეების თვალთახედვით შევხედავთ, ეს ჩიხური სიტუაციაა, ამიტომ მას განსხვავებულად უნდა შევხედოთ, რათა ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, სადაც ვერცერთი მხარე გამარჯვებული ვერ იქნება.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ კრისტიან დანიელსონის ვიზიტი ამჯერად უფრო წარმატებული იქნება.

 

 

ვახომ გადაცემაში ინგა გრიგოლიას „დღის ამბები“ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიზისი ნებისმიერ მოლაპარაკებას ართულებს და თუ ორ მთავარ დაპირისპირებულ პარტიას შორის კონფლიქტი არ გვარდება, არც გირჩს და არც სხვა ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას მისი მოგვარების შანსი არ აქვს.

მისივე თქმით, ფუჭად დაკარგული დროის გამო, ყველაზე დიდი ამბიცია მოლაპარაკებების სტრატეგიის შეცვლის, თავად კრისტიან დანიელსონს უნდა ჰქონდეს. რადგან იგივე ხალხით, იგივე სტილში და იგივე თემებით გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს და გამორიცხულია, რომ მხარეები შეთანხმებამდე მივიდნენ, ამიტომ ან შემადგენლობის კონფიგურაციები, ან ფორმატი უნდა შეიცვალოს.

თუ მართლა ვიფიქრებთ ჩვენი პრობლემის წყაროზე, შესაძლოა სიტუაცია სულ სხვა ჭრილში დავინახოთ.

გორბაჩოვი და რეიგანი რეიკიავიკში, რომ შეხვდნენ ერთმანეთს, არ შეიძლება რომ სააკაშვილი და ივანიშვილი სადმე წავიყვანოთ და დავალაპარაკოთ ერთმანეთს, რადგან ეს ადამიანი ჩვენს საზოგადოებაში რაღაცნაირად დასაბრუნებელია.

 

 

ამავე საღამოს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებები 29 მარტს განახლდებოდა.

კრისტიან დანიელსონი შაბათს გვიან ღამით საქართველოში დაბრუნდა. ჟურნალისტებთან საუბრისას დანიელსონმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი 3 დღეს გასტანს და ის უკვე ხვალიდან პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პროცესში ჩაერთვება.

მსურს ოპოზიციას და ხელისუფლებას დავეხმარო, რათა მათ შეთანხმებას მიაღწიონ და ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს.

ახლა კომპრომისის დროა და ეს არ არის სისუსტის ნიშანი, ეს ძალის ნიშანია. კომპრომისი არის იმის ჩვენება, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს, რაც არის ევროპული გზა.

გირჩი იმედს იტოვებს, რომ 64 საათიანი უშედეგო დიალოგის შემდეგ, ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან დანიელსონი სტრატეგიას შეცვლის და მიდგომებში უფრო ხისტი იქნება.

                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments