სიახლეები

უშეცდომო არავინაა

რამდენი თვე უნდა გავიდეს, რომ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ? რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ არ გვიჭირდეს შეცდომების აღიარება?

კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიდგეთ სირაქლემას პოზიციაში და ვემალებოდეთ მარტივ ჭეშმარიტებას, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე თვის წინ შეცდომა დავუშვით? რატომ გვგონია, რომ შეცდომის აღიარება სისუსტის ნიშანია? რა ამბიციები გვაქვს ერს ასეთი (პრინციპში გლობალურადაც იგივე პრობლემას ვხედავ), რომ თავი შეუცდომლები გვინდა გვეგონოს და ამის გამო კაცობრიობის ათასწლეულების მიღწევების ფეხქვეშ გათელვის "გაპრავებას" ვაგრძელებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ შეცდომის აღიარება არ გვინდა?

რაც ადამიანმა აზროვნება დაიწყო, მთელი ჩვენი ძალისხმევა (ფიზიკურიც და გონებრივიც) მიმართული იყო ჩვენი ცხოველური საწყისის - სიკვდილის შიშის მოსათოკად და სამართავად. ევოლუცია, მეტყველება, პროგრესი, განათლება - კაცობრიობის განვითარების გზა საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების და ცოდნის გადაცემაა თაობიდან თაობაზე. დავიწყეთ ფიქრი, შევქმენით სიტყვები და წინაპრების შეცდომების და წარმატებების ჯერ მეტყველებით, მერე კი წერილობით გადაცემა ვისწავლეთ ერთნამეთისთვის და ამ გზით მოვედით 21-ე საუკუნემდე, როცა წამებში შეგვიძლია ინფორმაციის და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება უკვე კონტინენტიდან კონტინენტზე.

და უცებ, 2020 წელს შეგვეშინდა !!!! აი ასე, მარტივად, შეგვეშინდა და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შიში არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ხაზი გადავუსვათ ჩვენს ადამიანობას (თავისუფლებას, რაციონალობას) და უბრალოდ ვიძალადოთ ერთმანეთზე !!!

ახალი ვირუსი, ჩინეთში ქუჩაში პანტა პუნტით დაცემული ადამიანების კადრები (არცერთი ავთენტური), უჰანის ჩაკეტვა და წავიდა .... უცებ ტოტალიტარული ჩინეთის ლოქდაუნის, გადაადგილების შეზღუდვის და ადამიანების იძულებით სახლში გამოკეტვის პოლიტიკა გახდა ახალი სტანდარტი დედამიწის იმ ნაწილშიც, რომელიც თავს თავისუფალ სამყაროს უწოდებს !!!! 

და მოტივი? არცოდნა. ინფორმაციის ნაკლებობა საკმარისია იმისათვის, რომ საუკუნეებით ჩამოყალიბებული ღირებულებები გადავაფასოთ? რომელიღაც უნივერსიტეტის აპოკალიფსური პროგნოზი, გაურკვეველ მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებული გათვლები, მილიონობით ადამიანის ჰიპოთეტური დაღუპვის შესახებ გახდა კატალიზატორი პირველყოფილი შიშისა და მარტო იმიტომ, რომ მე შემეშინდა, დასაშვებად ჩავთვალე, რომ ჩემს მეზობელს შეიძლება დავავალო თავისი ცხოვრების ისე გაგრძელება როგორც მე მაწყობს, რადგან ნაკლებად მეშინოდეს!!! ჩვენ კიდევ უფრო შორს წავედით და იმ მთავრობას დავავალეთ ჩვენი შიშის გაქარწყლება ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით, რომელსაც ბავშვებისთის თვალების დათხრისთვის გადადგომას ვთხოვდით 2 დღით ადრე!!!!

ღირდა ჩვენი მეზობლების გაღარიბება ან შიმშილით სიკვდილისთვის გაწირვა იმად, რომ მე და თქვენ ნაკლებად შეგვშინებოდა ის რამდენიმე თვე, სანამ საკმარის ინფორმაციას ვაგროვებდით ამ ვირუსზე? საპირწონეა ჩემი შიში სხვისი შვილების მშიერი ცხოვრებისთვის გაწირვის? არა, ჩემთვის არასოდეს ყოფილა, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ მთავრობაც, მედიაც, ოპოზიციაც, დანარჩენი მეზობლებიც მზად ვიყავით ჩვენი სიცოცხლის დასაცავად თავი მოგვეტყუებინა და "მყისიერი" საფრთხე თავიდან აგვეცილებინა ასჯერ უფრო მეტი სიცოცხლის დაკარგვის ხარჯზე, ოღონდ არა დღეს არამედ ხვალ !!!

მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღესაც არ გვინდა შეცდომა ვაღიაროთ და თავისი სახელი დავარქვათ ყველაფერს. დღესაც არავინ ამბობს, რომ შეცდომა იყო მარტში - ეკონომიკის სრულად გაჩერება (რის შედეგადაც ასიათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა), 

- ათასობით ადამიანის 2 კვირით გამოკეტვა თუნდაც 5 ვარსკვლავიან სასტუმროში (სახელმწიფოს მიერ აღებული ვალის ხარჯზე, რომელიც ჩვენმა შვილებმა უნდა გაისტუმრონ) მარტო იმიტომ, რომ ისინი საზღვარგარეთ იყვნენ, 

- კომენდანტის საათი და გაურკვეველი მოტივებით სუფთა ჰაერზე სეირნობის აკრძალვა ....

პრობლემა ისაა, სანამ არ ვაღიარებთ, რომ შიში არ შეიძლება იყოს საფუძველი იმ უფლებების შეზღუდვისა, რომელზეც მთელი კაცობრიობა შეთანხმებული ვართ და ფუნდამენტურს ვუწოდებთ, მანამ ვერ გამოვალთ ვერც ამ კრიზისიდან, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მომავალი გაურკვეველი ვირუსის (იქნება კიდევ ბევრი) გამოჩენისას ვერაფერი დაგვიცავს იმავე შეცდომების დაშვებისგან !!!!  

სანამ არ ვაღიარებთ რა შეგვეშალა, რატომ შეგვეშალა და რომ სწორედ ამ შეცდომებმა მოგვიტანა ეს შედეგი, სანამ არ ავიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ამ შეცდომაზე, მანამ ვერ მოვთხოვთ პასუხს იმას, ვინც ჩვენი შიში სათავისოდ გამოიყენა, ვისაც გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სავალალო მდგომარეობის დადგომაზე რასაც ჩვენი დღევანდელობა ჰქვია - გაღატაკებული მოსახლეობა უკვე 2020-ში, როცა მთელი მსოფლიო ამ საყოველთაო ისტერიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს 2021 წელს ელოდება!!!

ადამიანის ცხოვრება რისკია, ყოველი დღე შეიძლება იყოს უკანასკნელი. საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ყველაფერი - ჰაერი რომლითაც ვსუნთქავთ, ცეცხლი რომლის გარეშეც ათასობით წლის წინ გადავშენდებოდით, ბანალური ნივთი, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია ... ყველაფერი შეიძლება იყოს რისკი, და ულევია კიდევ უცნობი საფრთხეები, რომლებსაც მომავალში შევხვდებით !!!!

ადამიანები მაშინ გავხდით, როცა ამ შიშის უკან გადაწევა ვისწავლეთ და უბრალოდ სიცოცხლით სიამოვნების მიღება ვცადეთ. მე ხვალ შეიძლება კოვიდმა მომკლას, ან ერთ წელიწადში აგური დამეცეს თავში, ან თუ გამიმართლა ღრმად მოხუცებული დავიძინებ და აღარ გავიღვიძებ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ის ერთი დღე, თუ ბევრი წელი რომელიც ჯერ კიდევ მაქვს, მინდა ვიცოცხლო და იმისთვის, რომ ვიცოცხლო, თავისუფლება მჭირდება!!! შიში ისედაც სულ ფონად დაყვება ყოველი ადამიანის ცხოვრებას, შიში განუყოფელი ნაწილია ადამიანობის, მაგრამ ამ შიშმა არ უნდა მართოს ჩვენი ცხოვრება.

შეცდომის დაშვება არ არის სისუსტე, შეცდომის დაშვება არ არის უპატიებელი - შეცდომების აღიარება და მათზე სწავლა იყო ის ნიჭი, რამაც ხიდან ჩამოიყვანა ჩვენი წინაპარი და ჩვენამდე - თავისუფალ ადამიანამდე - მოიყვანა !!!

ავტორი: სალომე მუჯირი

Comments