სიახლეები

რამდენად ეფექტურია ბიუროკრატიის მიერ საქმის კეთება?

 ქუთაისში დროშის აღმართვა ხუთჯერ სცადეს უშედეგოდ. მეექვსე ცდაზე დაკიდეს, რაც გადასახადის გადამხდელებს 50000 ლარი დაგვიჯდა. დღეს კი ეს 50000 ლარიანი დროშა ქარმა წაიღო. ზუსტად ასევე "ეფექტურად" ზრუნავს მთავრობა ნებისმიერ რამეზე.

ამის მიზეზი მარტივია: ხარჯვა ყველაზე ეფექტურია, როდესაც საკუთარ ფულს, საკუთარი მიზნებისთვის ხარჯავ, ნაკლებად ეფექტურია, როცა საკუთარ ფულს, სხვისი საჭიროებისთვის ხარჯავ და ყველაზე არაეფექტურია, როდესაც სხვის ფულს, სხვის საჭიროებებზე ხარჯავ.

ვისაც ჰგონია, რომ გერმანული, სკანდინავიური ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ბიუროკრატია, უფრო ეფექტურია, ცდება. ამ მცდარ წარმოდგენას ქმნის ის ფაქტი, რომ ის ქვეყნები, სადაც ბიუროკრატია უფრო ეფექტური გვეჩვენება, 10-ჯერ და 15-ჯერ უფრო მდიდრები არიან, ვიდრე ჩვენ ვართ და იქ ამ არაეფექტურობის მაჩვენებელი, ნაკლებად დამანგრეველი ჩანს. არსებითად, ნებისმიერ რამეს, რასაც ბიუროკრატია აკეთებს, ორჯერ უფრო იაფად და ხარისხიანად გააკეთებს კერძო კომპანია, თუკი მას თავად გადამხდელი დაუკვეთავს.

ზუსტად ამიტომაა მნიშვნელოვანი ბიუროკრატიის ზომა მაქსიმალურად შევამციროთ და რაც შეიძლება ნაკლები მივცეთ დასახარჯად და რაც შეიძლება ნაკლები სივრცე დავუტოვოთ სამოქმედოდ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გონივრულია არჩევნებზე ხმა მისცეთ ისეთ პარტიებს, რომლებიც გადასახადებისა და ბიუროკრატიის შემცირებას გპირდებიან და ამბობენ, რომ თქვენი გადასაწყვეტი იქნება საერთოდ დახარჯავთ თუ არა ფულს დროშის აღმართვაში, თუ ამჯობინებთ ამ ფულით ერთით მეტი გზა გააკეთოთ, ან სხვა პრობლემა მოაგვაროთ და თავადვე აკონტროლოთ ფასის და ხარისხის შესაბამისობა, ხოლო არაგონივრულია დაუჯეროთ პარტიებს, რომლებიც გპირდებიან, რომ დროშას ისინი უფრო იაფად აღმართავენ და იმ დროშას ქარი არ წაიღებს.

გონივრულია დაუჯეროთ პარტიებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ თქვენი გადასაწყვეტი იქნება, თქვენი ქალაქი ღვინის დედაქალაქი იქნება თუ ფესტივალების, საგანმანათლებლო ცენტრი იქნება თუ ინდუსტრიული, ხოლო არაგონივრულია დაუჯეროთ ხალხს, რომლებსაც ერთი დღე არ უცხოვრია თქვენ გვერდით, სამაგიეროდ თბილისში საკუთარ კაბინეტში, კაცმა არ იცის ვისი რჩევით გადაგიწყვიტათ რა იქნება თქვენთვის უკეთესი.

და ა.შ. და ა.შ. მოკლედ, პოლიტიკოსების საქმე არაა მზრუნველობა, ეს მათ მხოლოდ ჩვენ ხარჯზე გამდიდრების საშუალებას აძლევს და კიდევ უფრო გვაღარიბებს. დაე, პოლიტიკოსებმა მიხედონ ეროვნულ უსაფრთხოებას, მსხვილ ინფრასტრუქტურულ გლობალური მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს, უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემა და მეტი დრო დახარჯონ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ქვეყნის დეოკუპაციაზე, ჩვენ კი მოგვცენ საშუალება თავად გადავწყვიტოთ ჩვენ ფულს დროშის დაკიდებაში დავხარჯავთ, ფესტივალის მოწყობაში, გზის გაყვანაში, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციაში თუ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაში საკუთარი შვილებისთვის.

მოკლედ პოლიტიკოსები უნდა ვაიძულოთ აკეთონ თავიანთი საქმე და ჩვენ ძარცვას შეეშვან. მით უმეტეს ამ ძარცვას არ დაარქვან ზრუნვა. ყელამდე ვართ ამ დედამო**ნულების ზრუნვით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული.

და ბოლოს, ვიცი ფიქრობთ აბა იმათზე ვინ იზრუნებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირსო. სინამდვილეში თუ გინდათ გაიგოთ ამ ნაწილში რამდენად ეფექტურია ბიუროკრატია, გეტყვით, რომ სხვადასხვა ტიპის სოციალური პროექტებიდან, რომლებსაც მთავრობა გაჭირვებულებისთვის უნდა აფინანსებდეს, ყველაზე დიდი ნაწილი მაღალი და საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახებში მიდის და ამ ბიუჯეტის მხოლოდ 10% ხმარდება ღარიბებს და კიდევ 10% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებს. დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ. მთავრობა თქვენს მიერ გამომუშავებული 100 ლარიდან ჯამში 35 ლარს გართმევთ, პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადების სახით. ამ თანხის მხოლოდ უმცირეს ნაწილს ხარჯავს ის ყველაზე გაჭირვებულების დასახმარებლად. დანარჩენს კი ან თავად მოიხმარს, ან ორჯერ და მეტად არაეფექტურად ხარჯავს და შედეგად თქვენზე ყიდის ძვირ და უხარისხო სერვისებს, რომლებსაც გაწვდიან გათავხედებული საჯარო მოხელეები, რომლებსაც თავი თქვენი უფროსები ჰგონიათ. სინამდვილეში მზრუნველი მთავრობა თქვენი სიღატაკისა და მონობის ბორკილებს თქვენგანვე წართმეული ფულით ჭედავს.

ამ ქვეყანაში სიღარიბე არასოდეს დაიძლევა, სანამ მზრუნველი მთავრობა გვეყოლება. ამიტომ უბრალოდ ერთი მზრუნველი მთავრობა მეორეთი კი არ უნდა შევცვალოთ, არამედ საერთოდ აღარ უნდა ავირჩიოთ ხალხი, რომელიც ჩვენ მოტყუებას ცდილობს და გაძარცვას გვპირდება, ოღონდ სიტყვა ძარცვის ნაცვლად, ზრუნვას იყენებს.

                                                                                                                                                                              ავტორი: ტორესა მოსი

Comments