სიახლეები

"გირჩის" პრაიმერისი 25.07

აგერ უკვე მესამე დღეა, სიახლეებს გაწვდით იმაზე, თუ რა ხდება ჩვენი პარტიული სიის ფორმირების პროცესში ( და ვცადოთ გავარკვიოთ, რა იწვევს ხოლმე ამ ცვლილებებს)

დასაწყისისთვის პირველ ხუთეულს წარმოგიდენთ:

1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 8.2 მილიონი GeD (Georgian Dollar)

2. ალექსანდრე რაქვიაშვილი- 7.9 მილიონი GeD (Georgian Dollar)

3. ამირან ტორონჯაძე - 7.5 მილიონი GeD (Georgian Dollar)

4. იაგო ხვიჩია - 7 მილიონი GeD (Georgian Dollar)

5. ვახტანგ მეგრელიშვილი - 6.2 მილიონი GeD (Georgian Dollar)

ახლა კი ცხელ-ცხელ ამბებს დავუბრუნდეთ. გუშინ საღამოს, თითქოს არსაიდან, სიაში მეშვიდე ადგილზე ზურას ძმა, გია ჯაფარიძე გამოჩნდა 4.6 მილიონი ჯედით. არადა, გიას "გირჩში" ბოლო გამოჩენიდან წლები გავიდა.

რა თქმა უნდა, დავინტერესდით, თუ რას უკავშირდებოდა მისი ასეთი უცაბედი დაბრუნება. ალბათ ყველამ კარგად იცით გიას პოზიცია მაჟორიტარებთან დაკავშირებით, რომელიც  მან "გირჩის" ბაბლში გააჟღერა. "გირჩის" ბაბლის ლინკი იხილეთ ამ ბმულზე. მისი პოზიცია თავიდანვე იყო, რომ "გირჩს" მაჟორიტარები უნდა დაეყენებინა. ჩვენ გიას ეს კითხვაც დავუსვით. 

საინტერესოა, რომ სიაში მეშვიდე ვარ. შევხედავ როგორ წარიმართება ეს წინასაარჩევნო პროცესი. ჩემი მიზანია, რომ რაც შეიძლება სოლიდურად იყოს "გირჩი" წარმოდგენილი საპარლამენტო არჩევნებისთვის და რაც შეიძლება მაღალი პროცენტი დადოს და რაც შეიძლება მეტი წარმომადგენლით შევიდეს შემდეგი მოწვევის პარლამნეტში.

რაც შეეხება მაჟორიტარებს - ეს უნდა იყოს კონკრეტულ ადამიანთან ერთად პარტიის გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი ოპოზიციური შეთანხმება ოლქებთან დაკავშირებით ვერ მოხერხდება და, როგორც მე მგონია, ასეთი ოლქი ბევრი იქნება, სადაც ერთიან კანდიდატზე შეთანხმება ვერ შედგება, ყველა ასეთ ოლქში მგონია, რომ "გირჩმა" აუცილებლად უნდა დააყენოს 30-ივეში, თუ ამის საჭიროება იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი.

მგონია, რომ რადგან ვერ იგებ მაჟორიტარულ ოლქს, ამიტომ კანდიდატი არ უნდა დააყენო ეს სიგიჟეა, ეს იგივეა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ვერ იგებდე და ამიტომ არ უნდა მონაწილეობდე?

                                                                                                                                                  -განაცხადა გია ჯაფარიძემ.

გიას საკუთარი GeD-ების 100 % - ით "გირჩის" ბორდის წევრმა და პოლიტიკოსმა იმედა კლდიაშვილმა დაუჭირა მხარი.

მე ჩემი GeD-ებით სრულად მხარს დავუჭერ გია ჯაფარიძეს. "გირჩის" სიაში მინდა იყოს ადამიანი, რომელსაც ცოდნა აქვს როგორ კეთდება პოლიტიკა აკადემიური წესებით. შეხვედრებზე სადაც "გირჩის" საკითხებს განიხილავდა, როცა ესწრებოდა გია ჯაფარიძე, ჩემი და მისი პოზიციები მეტ წილად ერთმანეთს ემთხვეოდა.

გიას სხვადასხვა მიზეზების გამო არ ჰქონდა გადაწყვეტილი სიაში საკუთარი კანდიდატურის დაყენება. დღეს გვქონდა საუბარი და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი GeD-ებით სრულად დავუჭირო მას მხარი და თქვენც იგივეს მოგიწოდებთ.

                                                                                                      -დაწერა იმედა კლდიაშვილმა "გირჩის" წევრების ჯგუფში.

ჩვენ ასევე გია ჯაფარიძის ძმას, ზურაბ ჯაფარიძეს დავუკავშირდით და ვკითხეთ, თუ რას ფიქრობდა გიას ამ გადაწყვეტილებაზე.

სისტემა არის ღია ნებისმიერი ადამიანისთვის, გინდ ჩემი ძმა იყოს, გინდ არ იყოს, მაგას რა მნიშვნელობა აქვს.  ზოგადად მგონია, რომ ხედვებში რაღაც განსხვავებები გვაქვს მე და ჩემს ძმას, მე უფრო პრინციპების და ღირებულებების ტიპი ვარ და ჩემი ძმა უფრო რეალ პოლიტიკის მომხრეა. ზოგადად პროცესი მგონია, რომ კარგია რაც უფრო მეტი განსხვავებული ხედვების ადამიანი ეცდება, რომ ეს სისტემა გამოიყენოს პოლიტიკური წინსვლისთვის, მგონია, რომ თვითონ სისტემისთვის არის ეს კარგი, მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ არ ჩაიკეტოს ეს სისტემა და ერთფეროვანი არ გახდეს. მაგისთვის ეგ მგონია მნიშვნელოვანი.

ამ ეტაპზე მე არ მჯერა, რომ ის პირველ-მეორე ადგილზე შეიძლება იყოს, მაგრამ მეც მაინტერესებს, რა მხარდაჭერა ექნება. თვითონ "გირჩის" შიგნით არსებობენ ადამიანები, მათ შორის მმართველ საბჭოში, რომლებიც მხარს უჭერენ გიას. ჩემს პირად პრეფერენციებში არ მოხვდება ჩემი ძმა ამ ეტაპზე ყოველშემთხვევაში და მომავალში ვნახოთ. 

რაც შეეხება გიას მაჟორიტარობას, ოპოზიციის შიგნით სადაც ვერ მოხერხდება შეთანხმება, გაუგებარია "გირჩმა" რატომ არ უნდა დააყენოს კანდიდატები. ამიტომ, თუ იქამდე მივედით და "გირჩი" გადაწყვეტს, რომ მაჟორიტარები დააყენოს, ნებისმიერ ადამიანს ექნება მაგის შესაძლებლობა, ნებისმიერ ოლქში კანდიდატურა დააყენოს, სადაც არ იქნება ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი.

                                                                                                                                           -გვითხრა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე "გირჩის" პოლიტიკოსს და ყველაზე მსხვილი GeD-ების მფლობელს ვახო მეგრელიშვილსაც დავუკავშირდით.

მემგონი გიას  გააქტიურება ზოგადად ცოტა დაგვიანებული მგონია, ანუ ჩვენ ყველა ვიცნობთ მას, მაგრამ ბაბლი, რომელიც ნელ-ნელა ივსება, მათთვის ასეთი ადამიანები უცხოა და მგონია, რომ უფრო თამაშის ფორმას და სახეს აძლევს, თუმცა საინტერესოა იმით, რომ რავი, ზოგადად ადამიანებს ისტორიას აცნობს "გირჩის" დღევანდელ დამკვირვებლებს, რომლებიც შეიძლება ერთი წელი გვაკვირდებიან , ან თვეებია გვაკვირდებიან. 

რაც შეეხება იმედას გადაწყვეტილებას - სიმართლე გითხრათ არ მჯერა, მგონია რომ მაინც თამაშობს ჯედებით, მაგრამ აი, გამოჩნდება რამოდენიმე დღეში, ვნახოთ.

                                                                                                                                                                       -ამბობს ვახო.

შეგახენებთ, რომ 30 ივლისს ზუსტად 16:20 (420) "გირჩი" პარტიულ სიას წარადგენს. ეს სიმბოლური თარიღია. 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ამ ლინკზე.

პორტალზე რეგისტრაციისათვის დააჭირეთ ამ ბმულს.

ჯედების ყიდვა-გაყიდვის გვერდი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

Comments