სიახლეები

იაგო ხვიჩია:  შეთანხმება შესრულებად ითვლება მაშინ, როდესაც მისი ყველა პირობა სრულდება

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "რადიო პალიტრას" ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებზე და 8 მარტის შეთანხმებაზე ისაუბრა. 

როგორც ცნობილია საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციას ამ ცვლილებების მეორე მოსმენაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობა ხელისუფლებას არ შეუსრულებია და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა არ გათავისუფლებულა.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ შეთანხმება შესრულებად ითვლება მაშინ, როდესაც მისი ყველა პირობა სრულდება. ოპოზიციამ თავის მხრივ ხელისუფლებისგან განსხვავებით, შეთანხმების ყველა პირობა შეასრულა. მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ამ საკითხთან დაკავშირებით ერთადერთი არგუმენტი აქვს, რაც გულისხმობს, რომ ისინი დამოუკიდებელ სასამართლოში ვერ ჩაერევიან, თუმცა გამოსავალი არსებობს. მთავრობას შეუძლია აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ როდესაც სასამართლო გიორგი რურუას განაჩენს გამოუტანს, ისიც ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას მსგავსად გათავისუფლდება

ამ შემთხვევაში მე, რომ პარლამენტის წევრი ვყოფილიყავი გულრწფელად მენდომებოდა, რომ ჩემი ხელმოწერა ყოფილიყო ამ ცვლილებებზე და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებდი.

                                                                                                                           -განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა. 

იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც "ქართული ოცნების" გუნდის წევრია იგივე მექანიზმს გამოიყენებს და გიორგი რურუას არჩევნებამდე შეიწყალებს, შეთანხმება ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ შესრულებულად ჩაითვლება და პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა ქვეყანაში დაიწევს. 

ხოლო, თუ გიორგი რურუას გათავისუფლება არ მოხდება ხელისუფლებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საყოველთაოდ აღიარებულ პოლიტპატიმართან ერთად მოუუწევს და ბუნებრივია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ბევრად უფრო კრიტიკული თვალით დააკვირდება არჩევნებს და მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდება.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ოპოზიცია და ''ქართული ოცნება'' 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე შეთანხმდა და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა. შეთანხმების თანახმად მაჟორიტარი დეპუტატები 120/30 შერეული სისტემით და 1%-იანი ბარიერით აირჩევიან. ასევე, 40%-ზე ნაკლები ხმების მიმღები პარტია საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას ვერ შეძლებს. ამავე შეთანხმების მეორე ნაწილი კი პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულებას ითვალისწინებს. 

                                                                                                                                                               ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

Comments