სიახლეები

ვახო მეგრელიშვილი "გირჩის" საარჩევნო კამპანიაში ერთვება

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა დღეს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება დაანონსა. "გირჩის" ამომრჩევლებს ის საკუთარ პროგრამას სთავაზობს. პოლიტიკოსს ორიგინალური მიზანია აქვს, მისი სურვილია მშობლის უფლების დაბრუნება. პოლიტიკოსი "გირჩის" ამომრჩევლებს დახმარებას სთხოვს, სავალდებულო განათლების სახელმწოფო სისტემის ალტერნატივის შექმნაში. ამისთვის მისი აზრით, მშობლებს უნდა ჰქონდეთ შვილებისთვის განათლების არჩევანი. 

თავად პოლიტიკოსს ეს არჩევანი მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ აქვს გაკეთებული. ვახო მეგრელიშვილის შვილები სავალდებულო განათლების ნაცვლად, სახლში იზრდებიან და ოჯახში იღებენ განათლებას.

მეგრელიშვილი თვლის, რომ ბავშვის სწორი აღზრდის მთავარი შემშლელი ფაქტორი სახელმწიფო განათლების სისტემაა, რომელიც ძალადობაზე და ტყუილზე დგას და მისი რეფორმირება, ან გაუმჯობესება შეუძლებელია. მისი შეხედულებები განათლების სახელმწიფო სისტემაზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

პოლიტიკოსის მოთხოვნა ნიშნავს მშობლების უფლებას, შვილისთვის აირჩიონ ნებისმიერი ფორმის და შინაარსის განათლება, ეს კი ავტომატურად გულისხმობს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო რეგულაციებისგან განთავისუფლებას. პოლიტიკოსის აზრით, სკოლების მრავალფეროვნება ერთადერთი გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან.

პოლიტიკური კამპანიის განმავლობაში, მეგრელიშვილი აპირებს ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკოსთან მიუხედავად, მათი პარტიული კუთვნილებისა და დაარწმუნოს ისინი მხარი დაუჭირონ, მომავალ პარლამენტში საბჭოთა განათლების სისტემის დანგრევას თუ არა, მისი ალტერნატივის არსებობას მაინც.

მეგრელიშვილის სიტყვებით - „სისტემა უნდა დაინგრეს, სულ მცირე იმხელა ბზარი უნდა გაუჩნდეს, რომელშიც გავეტევით“. ვახო მეგრელიშვილი "გირჩის" მხარდამჭერებს სთხოვს მხარდაჭერას და სთავაზობს მის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. საარჩევნო კამპანია გაშუქდება „თავისუფალი ბაზრის“ ფეისბუკ გვერდზე და სადაც იქნება ამ თემის ენთუზიასტების და მხარდამჭერების გვერდი „მშობლები“.

Comments