სიახლეები

უნდა შენდებოდეს თუ არა ჰესები?

დღესდღეობით ჰესების აშენებასთან დაკავშირებით არსებული თემები საკმაოდ აქტუალურია. ტრადიციულად, ჰესების მშენებლობას ჰყავს როგორც მოწინააღმდეგეები, ისე დამცველებიც. 

მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევს, რომ ჰესების მშენებლობა აზარალებს ბუნებას, ხელს უწყობს მდინარეების დაშრობას და აზიანებს მთლიანად ეკოსისტემას.  შესაბამისად, მათი აზრით,  ბუნება გაცილებით დიდ ზარალს მიიღებს, ვიდრე  ეს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის სარგებელია. 

მეორე მხრივ, ჰესების მშენებლობის მომხრეები მიიჩნევენ, რომ არსებული პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას, ამასთან დაეხმარება მთლიანად ეკონომიკას ამუშავებასა და განვითარებაში.

სამწუხაროდ, არც ერთი მხარე არ საუბრობს იმ მთავარ ფუნდამენტურ პრობლემაზე, რომელსაც ჩვენ ამ მიმართულებით ვაწყდებით. თუმცა, სანამ უშუალოდ ამ პრობლემაზე გადავალთ, უნდა გავიხსენოთ ახლო წარსული. მაგალითად, პანკისში განვითარებული მოვლენები, როცა მოსახლეობამ ქვები დაუშინა სპეცრაზმს და ამ ფორმით გააპროტესტა ჰესების მშენებლობა. მსგავსი სიტუაცია იყო სვანეთში, სადაც ადამიანები ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ და აქციებს მართავდნენ. რიგ შემთხვევაში მდგომარეობის ესკალაციას ჰქონდა ადგილი.

 ამ ორ ქეისს, რეალურად, ის აერთიანებს, რომ არცერთ შემთხვევაში არ იყო ეს ტერიტორიები კერძო საკუთრებად ფორმირებული -  ის საერთო საკუთრებაა, ანუ არავის ეკუთვნის. დღეს თუ შევხედავთ პროცესებს, ნათლად დავინახავთ, რომ ინვესტორი რომელსაც უნდა, პირობითად, ჰესის მშენებლობა მიდის ეკონომიკის სამინისტროში და მათ ელაპარაკება თავის პროექტზე. არადა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, როცა ეს საერთო ტერიტორიები ადამიანების საკუთრებად ფორმირდებოდა. როცა ეს მოხდება, ინვესტორი არა რომელიმე ბიუროკრატიულ სამინისტროსთან, არამედ უშუალოდ მოქალაქეებთან მივა, წარუდგენს თავის პროექტს და ეცდება შესთავაზოს  სასარგებლო პირობები, რათა მათ ჰესის აშენების ნებართვა მისცენ. თუ ადგილობრივებს არ აწყობთ ინვესტორის შემოთავაზება და უფრო მეტ საფრთხეს ხედავენ, ისინი უარს იტყვიან გარიგებაზე და შესაბამისად ამით დასრულდება პროცესი.

მეორე, ამასთან მნიშნელოვანი პრობლემა ეს არაკონკურენტული გარემოა, რომელსაც ისევ და ისევ მთავრობის მიერ დაწესებული მოთხოვნები ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ პირიქით, ხელი შეეწყოს კონკურენციის განვითარებას, რადგან ასეთ პირობებში ნებისმიერი ინვესტორი ეცდება ისეთი პროექტი წარადგინოს, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აარიდებს თავიდან და ამასთან მიმზიდველი იქნება ადგილობრივი მკვიდრებისთვის. იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა გარკვეულ სარგებელზე თანახმაა და ამის სანაცვლოდ მზადაა დათმოს ეს ტერიტორია ამაზე კითხვის ნიშნის დასმა ზედმეტია, იმდენად, რამდენადაც იგი თვითონ წყვეტს, გაყიდოს თუ არა თავისი საკუთრება.

ასეთი მაგალითები მსოფლიოში ბევრია, მათ შორის გამორჩეულია ნორვეგია, სადაც დღესდღეობით 1600 ჰესი ფუნქციონირებს და ამის გამო ევროპის რეგულირებადი სიმძლავრის 50% სწორედ  ნორვეგიაზე მოდის. ნორვეგია მსგავსი მოდელით მუშაობს და ინვესტორი არა მთავრობას, არამედ მოსახლეობას ესაუბრება. ნორვეგიას თავისი ჰიდრორესურსები მთლიანად ათვისებული აქვს, საქართველო კი მხოლოდ 22%-ს იყენებს.

შეჯამების სახით, მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში, აუცილებელია ეს ტერიტორიები ადამიანების საკუთრებად ფორმირდეს, ინვესტორი არა რომელიმე სამინისტროს, არამედ ხალხს ელაპარაკოს და მათთან დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა. მესაკუთრეები უნდა წყვეტდნენ, მისცენ მათ თავისი საკუთრება ინვესტორს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად, თუ - არა. ხოლო მეორე მხრივ, ბაზარზე ნაკლები ბარიერების დაწესებით, მნიშვნელოვანია კონკურენციის ხელშეწყობა, რაც იწვევს ხარისხის ზრდას შედარებით ნაკლები ზიანით.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე

Comments