სიახლეები

ცენტრალურად დაგეგმილი კრიზისი

რატომ ხვდება საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ასეთი მოუმზადებელი COVID-19-ის პანდემიას?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია, რომ ჯერ შემდეგ კითხვას ვუპასუხოთ:

ვინ მკურნალობს დღეს საქართველოში ზრდასრულ მძიმე პაციენტებს, რომლებსაც სუნთქვის და მდგომარეობის მონიტორინგის აპარატები სჭირდებათ? 

მიუხედავად იმისა, თუ როგორ თვლის ჯანდაცვის მინისტრი, ინფექციონისტები საერთოდ არ უნდა გვჭირდებოდეს იმისთვის, რომ მოცემულ პაციენტებს ვუმკურნალოთ. უფრო მეტიც, ჩვენს ინფექციონისტებს არ აქვთ გავლილი სათანადო ტრენინგი, რომ ამ პაციენტებს უმკურნალონ და ამდენად, ასეთი აქტივობისთვის მოუმზადებლები არიან. 

რადგან მე აშშ-ის ჯანდაცვის სისტემას ყველაზე კარგად ვიცნობ, არსებული მდგომარეობის ანალიზს აშშ-ისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემების შედარებით მოვახდენ. სპეციალისტ ექიმს, რომელიც ამ მძიმე პაციენტების მკურნალობას წარმართავს, აშშ-ში "ინტენსივისტი" ჰქვია. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ინტენსივისტი გახდე, საჭიროა, რომ სამედიცინო სკოლის (ანუ, ჩვენებურად, მედიცინის ფაკულტეტის) დამთავრების შემდეგ ჯერ შინაგანი მედიცინის რეზიდენტურა დაამთავრო, ხოლო შემდეგ დამატებითი ტრენინგი გაიარო კრიტიკული დახმარების მედიცინის ფელოუშიპის სახით. 

ეს არ ნიშნავს, რომ კრიტიკულად მძიმე პაციენტების მკურნალობაში მხოლოდ ინტენსივისტები არიან ჩართულები. ამ პროცესში, ინტენსივისტების ზედამხედველობით, ყველაზე ინტენსიურად მონაწილეობენ თავად შინაგანი მედიცინის რეზიდენტები და კრიტიკული დახმარების მედიცინის ფელოუები, ისევე, როგორც ვიწრო სპეციალისტები. 

აშშ-ში შინაგანი მედიცინის რეზიდენტურის დასრულება აუცილებელი ეტაპია იმისთვის, რომ ვიწრო სპეციალიზაცია გაიარო, შინაგანი მედიცინის რომელიმე ფელოუშიპის სახით. ასეთი ფელოუშიპებია, მაგალითად, კარდიოლოგია, პულმონოლოგია, ალერგოლოგია - იმუნოლოგია, ენდოკრინოლოგია, ინფექტოლოგია, და ა.შ.

რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, საქართველოში?

საქართველოში "ინტენსივისტების" შესაბამის ექიმებს "რეანიმატოლოგები" ჰქვიათ და მათი მომზადება, დიდწილად, ისევ ისე ხდება, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა. 

საქართველოში რეანიმატოლოგი რომ გახდე, მედიცინის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, აუცილებელია, რომ ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის რეზიდენტურა დაამთავრო. ამისგან განსხვავებით, აშშ-ში ანესთეზიოლოგია საერთოდ ცალკე რეზიდენტურაა. ფელოუშიპები, ანუ, რეზიდენტურის შემდგომი სპეციალიზაცია, საქართველოში საერთოდ არ გვაქვს, და მაგალითად, ინფექტოლოგად გახდომისთვის შინაგანი მედიცინის რეზიდენტურის დასრულება საჭირო არ არის: მედიცინის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ შეგიძლია პირდაპირ ვიწრო სპეციალიზაცია დაიწყო, ინფექციური სნეულებების რეზიდენტურის სახით. 

საქართველოში ცალკე შინაგანი მედიცინის რეზიდენტურა, მართალია, არსებობს, მაგრამ ის არაპრესტიჟულად ითვლება, რადგან ძალიან ცოტა ახალგაზრდა ექიმს სურს ზოგადი პრაქტიკის თერაპევტი გახდეს, მაშინ როცა შეუძლია პირდაპირ ვიწრო სპეციალიზაცია გაიაროს, შინაგან მედიცინაში ტრენინგის გამოტოვებით. 

მიაქციეთ ყურადღება, რომ თუკი აშშ-ში კრიტიკული დახმარების მედიცინა შინაგანი მედიცინის ინტეგრალური ნაწილია, საქართველოში ეს ორი სპეციალობა ერთმანეთისგანაა გათიშული და, შესაბამისად, არც თერაპევტების (ანუ, ამერიკულად, ინტერნისტების) მომზადება ხდება ამ სფეროში, როცა ისინი შინაგანი მედიცინის რეზიდენტურას გადიან, და არც თერაპიული განხრის სპეციალისტები, მაგალითად, იგივე, ინფექტოლოგები არიან მომზადებულები ამ სფეროში სამუშაოდ. 

გავიხსენოთ, რომ სპეციალისტებმა ვიწრო სპეციალიზაცია შინაგანი მედიცინის რეზიდენტურის გარეშე გაიარეს, და შინაგანი მედიცინის რეზიდენტურა რომც გაევლოთ, კრიტიკული დახმარების მედიცინაში ტრენინგს მაინც ვერ გაივლიდნენ, რადგან ეს სფერო ჩვენთან შინაგანი მედიცინის რეზიდენტურიდან ამოგლეჯილია და ის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის რეზიდენტურას აქვს გადაცემული. 

ზემოაღნიშნულის გამო, ამერიკელი შინაგანი მედიცინის რეზიდენტებისგან, ინტერნისტებისგან, და თერაპიული განხრის ვიწრო სპეციალისტებისგან განსხვავებით, ჩვენი შინაგანი მედიცინის რეზიდენტები, თერაპევტები, და თერაპიული განხრის ვიწრო სპეციალისტები სრულიად მოუმზადებლები არიან, რომ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს უმკურნალონ.

ამას გარდა, ჯანდაცვის სამინისტრო, ლიცენზირება-აკრედიტაციის პროცესის შედეგად, ექიმობის ან ექთნობის  მსურველ ადამიანებს ათწლეულების  განმავლობაში უზღუდავდა სამედიცინო და საექთნო პროფესიაში შეღწევას, რათა უკვე მომუშავე ექიმები და ექთნები მათი ახალგაზრდა კოლეგების მხრიდან კონკურენციისგან დაეცვა. ამით ჯანდაცვის სამინისტრო ხელოვნურად ამცირებდა და ახლაც ამცირებს კვალიფიციური ექიმების და ექთნების რაოდენობას. 

მოკლედ, ადამიანური რესურსების ნაკლებობით გამოწვეული მოსალოდნელი კრიზისი, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრი ლაპარაკობს, ჯანდაცვის სამინისტროს მავნებლური მოღვაწეობის პირდაპირი და უშუალო შედეგია, და იმაში, რომ მრუდის ასე მკვეთრად გაბრტყელება გვჭირდება, ლომის წილი თავად ამ უწყებას მიუძღვის.

მრუდის გაბრტყელების, ანუ, ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით დამცავი ქმედებების გამოყენების საჭიროება მხოლოდ იმიტომ შეიძლება იდგეს, რომ ჯანდაცვის სისტემის უნარიანობა მთავრობის ანტისაბაზრო აქტივობის შედეგადაა ხელოვნურად დაქვეითებული, და ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაშიც კი სულაც არ არის აუცილებელი, რომ ამის გამო მთავრობას ეკონომიკის ჩამოშლის და საკუთარი მოსახლეობის გაღატაკების საშუალება მივცეთ.

ავტორი: გიორგი ლომინაძე

Comments