სიახლეები

ჯაფარიძე: საქართველოს ეკონომიკას პანდემიის შედეგებთან დახმარების გარეშე გამკლავება გაუჭირდება

ოპოზიციის მიერ საერთაშორისო პარტნიორების მისამართით გაკეთებულ განცხადებას ზურა ჯაფარიძე ეხმაურება. ამბობს, რომ დღეს მათი დახმარება ქვეყანას ძალიან სჭირდება, რადგან ამის გარეშე საქართველოს ეკონომიკური კრიზისის გადალახვა, გაუჭირდება.

"კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ახლა გასაკეთებელია, არის ის რომ უნდა მივიღოთ დახმარება ჩვენი პარტნიორებისგან, როგორც ქვეყნებისგან, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან. ამ დახმარების გარეშე, პანდემიით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავება, საქართველოს ეკონომიკას, რომელიც ისედაც ძალიან სუსტ მდგომარეობაშია, ძალიან გაუჭირდება. 

პრაქტიკულად სრული თანხვედრა იყო პოლიტიკურ პარტიებში რომ ერთობლივი მიმართვა გაგვეკეთებინა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი და გვეთხოვა კონკრეტული ფინანსური დახმარება, რომელიც ქვეყანას გადაატანინებს იმ კრიზისს, რომელსაც ამ მდგომარეობაში, სამწუხაროდ, თავიდან ვერ ავიცილებთ. ეს კრიზისი დადგება მთელ დედამიწაზე მაგრამ ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანას უფრო მეტად დაარტყამს. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ერთსულოვნება, ძალიან მნიშვნელოვანია" - ამბობს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ 23-მა პარტიამ და სამოქალაქო მოძრაობამ საერთაშორისო პარტნიორებს კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო,  დახმარების თხოვნით დღეს მიმართა. 

Comments