სიახლეები

ქვაციხელი ავთო მეტრეველი კანაფის კულტივაციისთვის ციხეში ვერ ჩასვეს

მარიხუანის კულტივირებასა და შენახვაში ბრალდებულ ავთო მეტრეველს პროკურატურამ შუამდგომლობა გაუფორმა. შუამდგომლობას დათანხმდა ზესტაფონის საქალაქო სასამართლოც. შეთანხმება დღეს, 30 იანვარს გაფორმდა.

"როგორც ვიცი, ლეგალურია, რომ მოწიო და საიდან უნდა მოწიო, თუ არ დათესო. დავთესე აქ, მოვიდნენ და წაიღეს. კი მაქვს ახლა სასამართლოში საქმე, ციხე მემუქრება 6-დან 12 წლამდე", — უთხრა გირჩს ავთო მეტრეველმა საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე.

დაკავებულს ექვსიდან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა საპროცესო შეთანხმებით მას ოთხი წელი პირობითი მსჯავრი და 4 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობდა. მათ შორის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ნაწილით (მუხლი 265).

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ზურაბ ბალავაძე უდანაშაულო ადამიანს ციხეში უშვებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე ლეგალურად აღიარებული მცენარის მოყვანისთვის. თანაც ისე, რომ არცერთი მტკიცებულება არ ჰქონდა გამოკვლეული. 

გირჩმა ეს საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში წაიღო და ახლა უკვე მარიხუანის კულტივირებასა და ფლობაზე სასჯელის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.

ავთო მეტრეველის სასამართლო პროცესებს ზურაბ ჯაფარიძეც ესწრებოდა. დღეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ეზოში ჯაფარიძემ, ფეისბუქის ლაივ ფორმატით, მოკლედ მოყვა მეტრეველის ამბავი და აღნიშნა, რომ ამ მოცემულობაში, მთავარი მიღწევა ამ ადამიანის ციხიდან დახსნაა.

საბოლოო ჯამში, ავთო ციხეში ვერ გაუშვეს, 4000 ლარი მიუსაჯეს, რომელსაც ვერ გადაიხდის იმიტომ, რომ არანაირი შემოსავალი არ აქვს. უფლებები შეუზღუდეს - მართვის მოწმობა ჩამოართვეს ხუთი წელი, ფარმაცევტული საქმიანობა და აფთიაქის გახსნის უფლება აუკრძალეს, მგონი, ათი წლით..არჩევნებში კენჭისყრის უფლება არ აქვს ხუთი წელი და ბევრი ამგვარი სიგიჟე. ჩამოაქვეითეს, მათი ჭკუით, გახადეს მეორე რანგის მოქალაქე, თუმცა, მთავარი რაც ავთომ გააკეთა და მათ შორის ის, რომ გვენდო, გაბედა და წამოგვყვა ამ ბრძოლაში 6 წლიან პატიმრობაზე რისკის ფასად, ჩემი აზრით, თავისი წესიერებითაც და გამბედაობითაც ამ ქვეყნის მოქალაქეების 90 %-ზე ბევრად მაგარი მოქალაქეა."

- ამბობს ჯაფარიძე საკუთარი ფეისბუქით გავრცელებულ ვიდეოში.

სიუჟეტი ავთო მეტრეველის ამბავზე.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

Comments