სიახლეები

რატომ იხსნება კონკურენტი ბიზნესები გვერდიგვერდ

რატომ აშენებენ ბენზინგასამართ სადგურებს ყოველთვის სხვა ბენზინგასამართი სადგურების გვერდით? 

რატომ ხდება ისე, რომ შეიძლება კილომეტრობით ვიარო უშედეგოდ კაფის ძებნაში, ხოლო შემდეგ სამს  წავაწყდე ერთ კუთხეში თავმოყრილს?

რატომაა სასურსათოები, პროფილაქტიკები და რესტორნები ყოველთვის გვერდიგვერდ თავმოყრილი, იმის ნაცვლად, რომ ქალაქში თანაბრად გადანაწილდნენ? 

ბიზნესისთვის ოპტიმალური ადგილის შესარჩევად ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, თუმცა მსგავსი კომპანიების გვერდიგვერდ თავმოყრა ძალიან მარტივი ამბის მაგალითზე შეიძლება აიხსნას სახელად, “ ჰოტელინგის სივრცითი კონკურენციის მოდელი”.


წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ნაყინს ყიდით სანაპიროზე. სანაპირო ერთი კილომეტრის სიგრძისაა და კონკურენტები არ გყავთ.

სად დადგამდით დახლს, რათა მაქსიმალურად ბევრი პროდუქტი გაგეყიდათ? 

ალბათ შუაში.

სანაპიროს ბოლოებზე მყოფთათვის ნახევარი კილომეტრი შეიძლება შორია, თუმცა თქვენი დახლი ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ბევრ ადამიანს ემსახურება. 

ერთ დღესაც სამუშაოზე გამოსულს თქვენი ბიძაშვილი ტედი თავისი ნაყინის დახლით გხვდებათ სანაპიროზე და ის ზუსტად თქვენნაირ ნაყინს ყიდის. 

თქვენ თანხმდებით, რომ სანაპირო ორად გაიყოთ. იმისათვის, რომ კლიენტებს შორს წასვლა არ მოუხდეთ, თქვენ დახლს ცენტრიდან 250 მეტრით სამხრეთით დგამთ, საკუთარი ნახევრის ცენტრში. ტედი კი ცენტრიდან 250 მეტრით ჩრდილოეთით, საკუთარი ნახევრის ცენტრში ინაცვლებს.

ამ შეთანხმებით, თქვენგან სამხრეთით ყველა,  ნაყინს  თქვენთან ყიდულობს. ტედისგან ჩრდილოეთით ყველა მისგან ყიდულობს, ხოლო სანაპიროს შუაში დარჩენილი დამსვენებლების 50% უახლოეს დახლთან მიდის. არავის უწევს 250 მეტრზე მეტის გავლა და ორივე გამყიდველი დამსვენებლების ნახევარს ემსახურება. 

თამაშების თეორეტიკოსები ამას სოციალურად ოპტიმალურ გამოსავალს ეძახიან. ის ამცირებს დახლამდე მისასვლელად, გამვლელების მიერ გადადგმული მაქსიმალური ნაბიჯების რაოდენობას.

მეორე დღეს,  სამუშაოზე მისულს,  ტედის დახლი სანაპიროს შუაში გხვდებათ. თქვენ კი საკუთარ ადგილს უბრუნდებით, ცენტრიდან 250 მეტრში და თქვენგან სამხრეთით კლიენტების 25%-ს ემსახურებით. 

ტედი  ჩრდილოეთით საკუთარ ტერიტორიაზე ისევ იღებს ყველა კლიენტს, მაგრამ ახლა უკვე დახლებს შორის მომხმარებლების მხოლოდ 25%-ს იყოფთ. 

ნაყინების ომის მესამე დღეს,  უკვე თქვენ გამოდიხართ უფრო ადრე და დახლს გოჩას ტერიტორიის ცენტრში დგამთ. იმ გათვლით, რომ თქვენ მოემსახურებით დამსვენებლების 75%-ს თქვენგან სამხრეთით და თქვენს ბიძაშვილს ჩრდილოეთით კლიენტების მხოლოდ 25% დაუტოვებთ, როდესაც ტედი ბრუნდება, ის დახლს თქვენგან სამხრეთით დგამს და ამით სამხრეთით მყოფ ყველა კლიენტს იპარავს, ხოლო  თქვენ ჩრდილოეთით  მხოლოდ მცირე მუშტრის ამარა გტოვებთ.  რბოლას რომ არ ჩამორჩეთ თქვენ ტედისგან ათი ნაბიჯით სამხრეთით ინაცვლებთ და ისევ იბრუნებთ კლიენტურას. 

შუადღის შესვენებაზე, ახლა უკვე ტედი ინაცვლებს თქვენგან სამხრეთით ათი ნაბიჯით და ისევ გართმევთ ყველა კლიენტს სანაპიროს ბოლომდე. 
დღის განმავლობაში ორივე აგრძელებთ გარკვეული პერიოდულობით სამხრეთით კლიენტების ძირითადი ნაწილისკენ სვლას. მანამ, სანამ საბოლოოდ ორივე, სანაპიროს ცენტრში არ აღმოჩნდებით  და ორივე გვერდიგვერდ, ნაყინის მსურველი დამსვენებლების 50%-ს ემსახურებით.

ამ დროისათვის თქვენ და თქვენი მეტოქე ბიძაშვილი აღწევთ იმას, რასაც თამაშების თეორეტიკოსები ნეშის წონასწორობას ეძახიან - მდგომარეობა, როცა არცერთ თქვენგანს არ შეუძლია მიმდინარე სტრატეგიიდან გადახვევით უპირატესობის მიღება. 

თქვენმა  თავდაპირველმა სტრატეგიამ, რომლის მიხედვითაც ორივე, ცენტრიდან 250 მეტრის მოშორებით იყავით, დიდხანს ვერ გასტანა, რადგან ეს არ იყო ნეშის წონასწორობა.  

ორივე თქვენგანს შეეძლო დახლის ერთმანეთის მიმართულებით გადაადგილება, რათა მეტი ნაყინის გაყიდვა მოგეხერხებინათ. 

ახლა კი, როცა ორივე სანაპიროს ცენტრში ხართ, არ შეგიძლიათ დახლი ყველაზე შორეულ კლიენტთან ახლოს ისე გადააადგილოთ, რომ ამჟამინდელ კლიენტებს დისკომფორტი არ შეუქმნათ. ამასთან, თქვენ უკვე აღარ ფლობთ სოციალურად ოპტიმალურ გამოსავალს, რადგან სანაპიროს ორივე ბოლოდან კლიენტებს საჭიროზე მეტი მანძილის გავლა უწევთ ტკბილეულის მისაღებად. 

ახლა კი, გაიხსენეთ სწრაფი კვების ობიექტები, ტანსაცმლის მაღაზიები, თუ მობილური ტელეფონის ჯიხურები  სავაჭრო ცენტრებში. მომხმარებლებისთვის შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო ეს სერვისები ქალაქში რომ გადანაწილებულიყო, მაგრამ ეს ბიზნესებს აგრესიული კონკურენციის წინააღმდეგ დაუცველს დატოვებდა. .

რეალურ ცხოვრებაში, კლიენტები ერთზე მეტი მიმართულებიდან მოდიან, ხოლო ბიზნესებს სრული თავისუფლება აქვთ გამოიყენონ სასურველი მარკეტინგული სტრატეგიები, იქნება ეს - პროდუქტების გამრავალფეროვნება, თუ ფასდაკლებები, მაგრამ ყველა ამ სტრატეგიას თან ახლავს მარტივი პრინციპი - კონკურენტ კომპანიებს ურჩევნიათ ერთმანეთთან რაც შეიძლება ახლოს იყვნენ.
 

Comments