სიახლეები

1632 Views
ეკონომიკა

მინიმალური შრომითი ანაზღაურება - ტროას ცხენი

საქართველოში, ბოლო პერიოდში, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების
მხრიდან, პროფ.კავშირების მეთაურობით, წამოიწია „მინიმალური შრომითი ანაზღაურების“ თემა.

ზემოხსენებული ჯგუფების თქმით, დღევანდელი შრომითი ანაზღაურება არ არის საკმარისი და რეალურად დასაქმებულების უმრავლესობა "მონურ" პირობებში იმყოფება. (ტყუილად არ უწვალია თავის დროზე მარქსს.)
ამ ინიციატივამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საზოგადოების დიდი ნაწილი დადებითადაა განწყობილი და თვლის, რომ მსგავსი კანონის შემოღების შემთხვევაში, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და მასიური სიღარიბე აღმოიფხვრება, რაც დიდი სიცრუეა.
იმედი მაქვს, რომ ეს სტატია სოციალისტურ-მარქსისტული ოცნების ხომალდს რეალობის წვეტიან კლდეებზე დაამსხვრევს.

რა არის ე.წ. მინიმალური ხელფასი?

ეს არის იმ თანხის მინიმალური ზღვარი, რომელიც თვეში უნდა გადაუხადოს დამსაქმებელმა დასაქმებულს. ეს თანხა განისაზღვრება კანონმდებლობის დონეზე და არის შესასრულებლად სავალდებულო ყველა დამსაქმებელისთვის, იქნება ეს კერძო თუ საჯარო სექტორი.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ მინიმუმის დადგენას?

1) სამუშაო ადგილების განადგურება.

ეს ფაქტორი აიხსნება იმით, რომ სახელმწიფო ამ ინიციატივის ამოქმედებით
დამატებით ბარიერს შეუქმნის როგორც ახალ ინვესტორებს, ასევე უკვე არსებულ ბიზნესს და შეაფერხებს მათი გაფართოების გზას. მოდით განვიხილოთ ამის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი:

• ერთ-ერთი ძირითადი გაკვეთილი ეკონომიკაში მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც რაიმე პროდუქტის ფასი იზრდება, მისი გაყიდვა მცირდება, ანუ სულ უფრო ცოტა მყიდველი ყიდულობს აღნიშნულ პროდუქტს.
მოთხოვნის ეს კანონი ასევე მოქმედებს შრომით ბაზარზე, შესაბამისად,
მუშახელის გაძვირება გამოიწვევს მასზე შემცირებულ მოთხოვნას, რაც
გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის დაბალ ინტესივობასა და
უკვე დასაქმებული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას.

ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ დამსაქმებლები საკმაოდ უარყოფითად
რეაგირებენ მინიმალური შრომითი ანაზღაურების გაზრდაზე. ეკონომისტ ჯეფრი კლემენსისა და მაიკლ ვიზერის ბოლო კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2000 წლების ბოლოს ყველა, ორმოცდაათივე შტატში, მინიმალური ხელფასის საშუალოდ 30%-ის მომატების შედეგად განადგურდა 1.4 მილიონი სამუშაო ადგილი და რაც ყველაზე ცუდია, სამსახურის გარეშე დარჩა ძირითადად საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა სამსახური. ამ ფაქტს მივყავართ მეორე მიზეზამდე:

• მინიმალური შრომითი ანაზღაურება რეალურად ვნებს იმ ადამიანებს,
რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება.

ე.წ. მინიმალური ხელფასის გაზრდისას იზრდება დასაქმების მსურველების
რაოდენობაც, რადგან სუპერმარკეტი, რომელიც ადრე, პირობითად, იხდიდა
2ლარს საათში, უფრო მიმზიდველია, როდესაც იხდის საათში 5 ლარს. დასაქმების მსურველებში ჩვენ შეიძლება გაზრდილი რაოდენობით შევხვდეთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება, იციან უცხო ენები და აქვთ ბევრი სხვა შესაძლებლობა. კონკურენციისას ეს ხალხში ბუნებრივად განდევნის იმ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მსგავსი თვისებები, არიან გაჭირვებული ოჯახებიდან და უფრო მეტად სჭირდებათ ეს სამსახური, მაგრამ კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე ეს ხალხი, ამ შემთხვევაში, რჩება გარეთ, რადგან გაძვირებული მუშახელის პირობებში ყველა დამსაქმებელს სურს მიიღოს მაქსიმუმი, ანუ სჭირდება მეტად კვალიფიციური კადრი.
პირველ რიგში , ეს ყველაფერი დაარტყამს მცირე და საშუალო ბიზნესს, რაც
საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება და შეანელებს მის ზრდას.

2) ამ კანონმა შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტზე ან/და რაიმე სერვისზე ფასების ზრდა.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მაღაზიის მფლობელი, რომელსაც საშუალოდ თვეში აქვს 3000 ლარიანი მოგება, რომლიდანაც 600 ლარი მიდის ანაზღაურებაში, რომელსაც თქვენ უხდით 2 დასაქმებულს. შრომითი ანაზღაურების მინიმუმის დაწესების შემდეგ, სახელმწიფო თქვენ გავალდებულებთ, რომ გადაუხადოთ დასაქმებულებს, პირობითად, 2-ჯერ მეტი, ანუ 3000 ლარიდან შრომითი ანაზღაურების დაფარვაზე 600 ლარის ნაცვლად თქვენ მოგიწევთ 1200 ლარის გადახდა. ამ შემთხვევაში არსებობს რამდენიმე ვარიანტი:

- თქვენ ინარჩუნებთ ორივე დაქირავებულს, მაგრამ ზრდით პროდუქციის ფასს, რათა შექმნილი დანაკარგი აინაზღაუროთ სხვა საშუალებით.

ამ შემთხვევაში, გაზრდილი მინიმალური ხელფასი თავის აზრს დაკარგავს,
რადგანაც ფულის გაზრდილი მოცულობის პირობებში, მისი მყიდველობის
უნარიანობა იქნება იგივე, რაც იყო ამ კანონის ამოქმედებამდე, შედარებით მცირე რაოდენობის შემთხვევაში.
მარტივად რომ ავხსნა, „მონური“ 300 ლარიანი ანაზღაურებით, თქვენ შეძლებთ იმავე რაოდენობის და ხარისხის პროდუქტის ან/და სერვისის  ყიდვას, რასაც „წელში გამართული მოქალაქის“ 600 ლარიანი ანაზღაურებით, ანუ ამ შემთხვევაში 300=600.

- თქვენ ეგუებით არსებულ ვითარებას და აგრძელებთ ცხოვრებას შემცირებული შემოსავლებით, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ნებისმიერი ინვესტორი თუ ბიზნესმენი ცდილობს მაქსიმალური მოგების ნახვას.

- თქვენ ათავისუფლებთ ერთ-ერთ შედარებით დაბალკვალიფიციურ და ნაკლები უნარების მქონე თანამშრომელს და/ან ამცირებთ მუშაობის საათებს.

- თქვენ ვერ ხედავთ ბიზნესში ენერგიის და რესურსების ჩადების აზრს და
საერთოდ წყვეტთ საქმიანობას.

- თქვენ მიდიხართ გააზრებულ რისკზე და სახელმწიფოს უმალავთ ინფორმაციას დასაქმებულების შესახებ. აქედან გამომდინარეობს მე-3 შედეგი.

3) ამ კანონმა შეიძლება გამოიწვიოს მასობრივი კანონდარღვევა დამსაქმებლების მხრიდან, რომლებიც შეეცდებიან ოფიციალურად არ გააფორმონ დასაქმებულები.

წარმოიქმნება ე.წ. „მუშახელის შავი ბაზარი“ , რის შედეგადაც ეს კომპანიები დგებიან საფრთხის ქვეშ, რადგანაც მსგავსი კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები და ასეთი ფორმით დასაქმებულ ადამიანებს ვერ ექნებათ სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნება. ეს ფაქტორი კი შეამცირებს ქვეყნის ბიუჯეტში შესული ფულის რაოდენობას, რაც ასევე არ იქნება კარგი.

უნდა გავიაზროთ ის, რომ თუ 2 სუბიექტი თანხმდება გარკვეულ პირობებზე და მათ შორის შედგება თანამშრომლობა, სახელმწიფოს არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს ამ სუბიექტების შეთანხებასა თუ საქმეში ჩარევის უფლება და ხელოვნური ბარიერების შექმნის შესაძლებლობა. ვფიქრობ, რომ სოციალისტური ჯგუფების მიერ ამ კანონის მეშვეობით დაპირებული საყოველთაო კეთილდღეობა სხვა არაფერია თუ არა ტროას ცხენი, მაგრამ ძველ ბერძნების გონიერებისგან განსხვავებით, ეს ნაბიჯი უფრო უცოდინრობისა და სიბრიყვის მაჩვენებელია.

მთავარი ფაქტორი, რომელიც ყველანაირი განხილვის გარეშე ხაზს უსვამს ამ ინიციატივას - სოციალიზმი არ მუშაობს!!!

ავტორი: საბა ყაველაშვილი

Comments