სიახლეები

1166 Views
განათლება

განათლება რომელიც ვერაფერს გვასწავლის

- გამარჯობა, განათლება რა ღირს?
- მილიარდ 485 მილიონი ლარი.
- რა ამბავია, ცოტა მაინც დააკელი.
- ვერა ბატონო, მე ასე ვყიდი.

16 სექტემბერს, საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, ათასობით მშობელმა ხელი ჩაჰკიდა ათასობით ბავშვს და რაღაც რკინა-ბეტონისა და მეტალო-პლასტმასის შენობაში მიიყვანა, რომლებსაც სკოლებს ვეძახით. ზეიმობს ერი, ფეისბუქზე გვხვდება პოსტები, რომლებშიც უფროსები-უმცროსებს, გაღიმებული და ბედნიერი სახეებით ულოცავენ ამ განსაკუთრებულ დღეს და წარმატებებს უსურვებენ, ისე რომ არასდროს დაფიქრებულან, ასეთი სკოლის გამოზრდილთაგან, ბევრმა მიაღწია კი წარმატებას? „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“, აშკარად წარმატების დეფიციტს განვიცდით ყველა სფეროში, ბავშვს რომელსაც 12 წლიან აბსურდის თეატრში ათამაშებ, განწირულია წარუმატებლობისთვის და თუ ვინმე იტყვის - „რატომ კი მაგრამ, ვიღაცეები ხომ ხდებიან წარმატებულები“ - ვიტყვი რომ ეს ქართული სკოლის დამსახურება ვერ იქნება, ბევრი მიზეზის გამო.

ყველაფერი იწყება 6 წლიდან, როცა კოხტად ჩაცმული ბავშვები მიგვყავს სკოლებში და ყველაზე ცოცხალი, ენერგიის დახარჯვაზე და მათთვის საინტერესო რაღაცეების ათვისებაზე ორიენტირებული ადამიანები, შეგვყავს საკლასო ოთახებში და ვაჩვევთ მორჩილებას, ვაიძულებთ 45 წუთი მერხთან წელში გამართულად ჯდომას, მასწავლებისთვის მთელი გულისყურით მოსმენას და „საჭირო ოთახში“ გასასვლელად, ხელის აწევით, პატივცემული მასწავლებლისგან ნებართვის მიღებას, 6 წლის ბავშვებს, რომლებიც დამოუკიდებლად, თავიანთ სმარტფონებში საკმაოდ რთულ თამაშებს თამაშობენ და იუთუბზე მულტფილმებს უყურებენ, კითხვას ვასწავლით 1876 წელს გამოცემული „დედა ენის“ ტრანსფორმირებული ვარიანტით, რაც სხვა არაფერია, თუ არა უკან გადადგმული ნაბიჯი.

ბიუროკრატების მიერ დამტკიცებული გრიფირებული სასწავლო პროგრამებით, ათასობით ბავშვის ინდოქტრინაციას ვახდენთ, ყველას ერთნაირად ვასწავლით მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, საქართველოს და მსოფლიო ისტორიას, გეოგრაფიას, ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხო ენას და ა.შ, ბავშვებს, რომლებიც ზრდასრული ადამიანების მსგავსად ინდივიდუალურები არიან და სხვადასხვა ინტერესი აქვთ, ყველას ერთნაირად ვუტენით თავს ერთნაირი ინფორმაციით და ამით, მათ არ ვუტოვებთ გონებაში ადგილს იმისთვის, რომ იფიქრონ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მათ აინტერესებთ და განვითარების საშუალებას მისცემთ, საბოლოოდ, გამოდის, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ადამიანებს არც ის ახსოვთ რასაც ასწავლიდნენ და ვერც ის ისწავლეს რაც აინტერესებდათ. მასწავლებლები ხშირად მეუბნებოდნენ, ისევე როგორც ბევრ ჩემს თანატოლს, „სად იყურები, ბუზებს ითვლი?“, ბუზები და მათი დათვლა არასდროს არ მიზიდავდა, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ნამდვილად უფრო სახალისო იქნებოდა, ვიდრე „ელექტროლიტური დისოციაციის თეორია“ ან რამე მსგავსი. ბევრი რამ არ მაინტერესებდა სკოლაში, მაგრამ მაინც მიწევდა იქიდან წამოღებული დავალებების მინიმუმ დაზეპირება და სკოლამდე მიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში არც გარეთ გამიშვებდნენ, არც ტელევიზორთან დამსვამდნენ და არც არაფრის ნებას არ მომცემდნენ. ვიჯექი საათობით და ვიზეპირებდი ისეთ მასალებს რომლებიც ძლივს შედიოდა თავში, რადგან არ მაინტერესებდა, სკოლიდან წამოსვლის შემდეგ კი, ისე მარტივად იშლებოდა ეს ინფორმაცია ჩემი გონებიდან, როგორც კომპიუტერიდან არასაჭირო ფაილები. იყო შემთხვევები როცა რაიმე მასალა ან საგანი მომეწონებოდა და ძალიან მარტივად და დიდი მონდომებით ვსწავლობდი, მე-5 კლასში ინგლისურის სწავლა რომ დავიწყეთ, ძალიან მომეწონა, გაკვეთილზეც მთელი გულისყურით ვუსმენდი ხოლმე მასწავლებელს, ყველაზე მეტად ვაქტიურობდი, დავალებებსაც დიდი სიხარულით ვამზადებდი და სულ ხუთიანებს ვიღებდი, რაღაც დროის შემდეგ, როცა მასწავლებელმა შემატყო, რომ მუდამ მომზადებული ვიყავი, იმის მაგივრად რომ დამატებითი დავალებები მოეცა და ეზრუნა ჩემს უფრო მეტად განვითარებაზე, უბრალოდ დავალებებს აღარ მიმოწმებდა და დაფასთან აღარ მიძახებდა, მეუბნებოდა: „შენ ვიცი რომ იცი“, კლასში პირველი ვიყავი ინგლისურში და ჩემთვის არ იყო საკმარისი სწავლის ის ტემპი რომელსაც ჩემი კლასი ფეხს უწყობდა, ასე ვიქეცი პასიურ მოსწავლედ და დავკარგე ინტერესი ამ საგნის მიმართ, იგივე მოხდა გეოგრაფიის შემთხვევაშიც, მე-8 კლასიდან უკვე ისე შემზიზღდა სკოლა და გაკვეთილებზე ჯდომა რომ სახლიდან გასული კლასელებს ვხვდებოდი და სკოლის ნაცვლად ხან სად მივდიოდით და ხან სად, ამის გამო სახლში მუდამ „მხვდებოდა“. 13 წლის ასაკში, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამ, სკოლად წოდებულ, შენობაში არაფერი ჩემთვის საინტერესო არ ხდებოდა, არც ჩვენ ვაინტერესებდით იქ არავის, გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელთან კითხვებით მისულ ბავშვებს ყველა გაგვირბოდა და სამსასწავლებლოში ყავას მიირთმევდნენ, მათი მიზანი არ იყო ბავშვების აღზრდა, რაიმეს მართლა სწავლება და ცხოვრებისთვის მომზადება, მათი მიზანი იყო რაც შეიძლება მალე მოეკლათ ის 6 საათი, რაც შეიძლება ნაკლებად დაღლილიყვნენ და საღამოს, სახლში მოემზადებინათ აბიტურიენტები რომლებსაც 11 წელი „ასწავლიდნენ“.

დღეს, საქართველოში მოქმედი 2318 სკოლიდან, 2085 საჯაროა და 233 კერძო, მართალია კერძო სკოლებში სწავლების ხარისხი შედარებით მაღალია, მაგრამ ისინიც ხელ-ფეხ შეკრულები არიან სხვადასხვა რეგულაციით და არ აქვთ უფლება თვითონ განსაზღვრონ სასწავლო პროგრამა და სწავლების მეთოდიკა, ამგვარად, სახელმწიფოს სრულად მონოპოლიზებული აქვს განათლების ბაზარი. უვიცი სახელმწიფო ბიუროკრატების მიერ, სავალდებულო სასწავლო პროგრამაში დაშვებული შეცდომები ერთნაირად დაღს ასვამს როგორც საჯარო ისე კერძო სკოლების მოსწავლეებს, წელიწადში მილიარდ 485 მილიონს ვხარჯავთ „განათლებაზე“, რომლის 80% სკოლებზე მიდის, ერთი ბავშვის განათლება წელიწადში მინიმუმ 1900 ლარი უჯდებათ გადასახადის გადამხდელებს და აბიტურიენტთა 60%-ზე მეტს წაკითხულის გააზრება არ შეუძლია, მშობლებს კი რომლებსაც ბავშვები კერძო სკოლებში დაყავთ, ორივე ტიპის სკოლის საფასურის გადახდა უწევთ, მისთვის წართმეული გადასახადებიდან საჯარო სკოლების დაფინანსების სახით და მისი შვილის კერძო სკოლაში სწავლის საფასურის სახით.

დღევანდელ რეალობაში, როდესაც სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, შეუძლებელია იმის პროგნოზირება თუ რომელ პროფესიაზე იქნება ხვალ მოთხოვნა, სისულელეა 12 წელი ბავშვებს ვასწავლოთ ისეთი რაღაცეები, რომლებიც დიდი შანსია რომ ხვალ არ დასჭირდეთ, ამიტომ, წლების განმავლობაში, მათი ყოველდღე საათობით დაბმა საკლასო ოთახებში და უსარგებლო ინფორმაციებით მათთვის თავის გამოტენა სიგიჟე მგონია. დღეს სკოლის ფუნქცია უნდა იყოს ბავშვების მორალური აღზრდა, სხვა და სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავება და ნამდვილი ცხოვრებისთვის მომზადება, რათა ადვილად შეძლონ დამოუკიდებელად ცხოვრება, საზოგადოებაში ინტეგრაცია და იმ პროფესიის ათვისება რომელიც მათ მოეწონებათ დროის იმ კონკრეტულ მომენტში. უმჯობესია ისე წარვმართოთ სასწავლო პროცესი რომ ის იყოს ბავშვებისთვის საინტერესო, მივუდგეთ მათ ინდივიდუალურად, მოვუსმინოთ, მოვექცეთ ისე როგორც ზრდასრულ ადამიანებს, გავიგოთ რა აინტერესებთ, რა ოცნებები აქვთ, დავეხმაროთ მათთვის საინტერესო თემების ადვილად სწავლისთვის საჭირო „სქილების“ გამომუშავებაში, შეუძლებელია ბავშვს არ გაუჩნდეს რაიმეს სწავლის სურვილი სკოლაში, სადაც მას კლასში გამომწყვდევის ნაცვლად თავისუფალ და მხიარულ გარემოს შეუქმნიან და უინტერესო ინფორმაციის დაზეპირების იძულების ნაცვლად, მისთვის საინტერესო თემებზე ესაუბრებიან.

კახა ბენდუქიძეს აქვს ძალიან ზუსტად ნათქვამი: „დღევანდელი ქართული სკოლა შუაში გაეჩხირა, საბჭოთა სკოლად აღარ ვარგა და თანამედროვე სკოლად არ ჩამოყალიბდა“, დიდი ხანია დროა, რომ შუაში აღარ ვიყოთ გაჩხერილები და თანამედროვე სკოლად ჩამოვყალიბდეთ, დავიწყოთ საჯარო სკოლების პრივატიზაცია, გადასახადების გადამხდელებს აღარ ვაყრევინოთ ფული სერვისში რომელიც კარგ პროდუქტს ვერ გვაწვდის, ადამიანებს რომლებსაც განვსხვავებული პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა შეხედულებები აქვთ, ქონდეთ რაც შეიძლება დიდი არჩევანი - მიიყვანონ შვილები ისეთ სკოლებში რომლებიც უფრო ახლოა მათ შეხედულებებთან, სკოლებში ჩვენს შვილებს ასწავლიდნენ არა საბჭოთა კავშირის გამოზრდილი პროლეტარები, არამედ თანამედროვე, ინოვაციური იდეების მქონე წარმატებული ადამიანები, სკოლები ემსახურებოდნენ ბავშვების დამოუკიდებელი, ნამდვილი ცხოვრებისთვის მომზადებულ, რაციონალურად მოაზროვნე ახალგაზრდებად ჩამოყალიბებას და არა 70 000-მდე მასწავლებლის სოციალურ უზრუნველყოფას და არჩევნებზე მათი, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

როგორც ყველა სფეროში, ისევე განათლებაშიც, წარმატების ფორმულა იგივეა, საჭიროა განვათავისუფლოთ ის სახელმწიფოს გავლენისაგან, ნაკლები სახელმწიფო = მეტ თავისუფლებას, მეტი თავისუფლება = მეტ განათლებას.

ავტორი: დავით გაგუა

Comments