სიახლეები

ჰერმან საბოს ჯარის ისტორია - #არამონობას

სამყაროში არსებობს ერთი ჯადოსნური რამ, რასაც შეუძლია ნებისმიერ მოვლენას მყისიერად შეუცვალოს შინაარსი.
ეს ჯადოსნური რამე არის თანხმობა.


ნებისმიერი მოვლენა თანხმობით ერთ რამეს ნიშნავს, ხოლო თანხმობის გარეშე - მეორეს.
მაგალითად, სექსს თუ თანხმობა ახლავს, ჩვეულებრივი, ჯანსაღი, სასიამოვნო აქტივობაა. აი თანხმობის გარეშე კი - გაუპატიურებაა.
ფულის ერთი ადამიანის ჯიბიდან მეორეს ჯიბეში მოხვედრა “თანხმობით” - ვაჭრობაა. “თანხმობის” გარეშე - ყაჩაღობა, ძარცვა. 

მათრახით ცემა “თანხმობით” ჩვეულებრივი BDSM-ია, “თანხმობის” გარეშე - წამება.
ცხვირ-პირის გაერთიანება “თანხმობით” - სპორტია. ბოქსი, კარატე, კუნგ ფუ. “თანხმობის” გარეშე - ხულიგნობა.
გაჭირვებული ადამიანისთვის რამის მიცემაც ამ წესს ემორჩილება. “თანხმობით” - ეს სიკეთის კეთებაა. “თანხმობის” გარეშე კი - ერთი ადამიანისთვის რამის წართმევა, მეორის სასარგებლოდ, ანუ ძალადობა. 

იგივე პრინციპია სამშობლოს დაცვაზეც.
თუ მე ჩემი ნებით მივდივარ, ვიღებ იარაღს და მზად ვარ, რომ ყოველ დღე თავი გავწირო, მე ჯარისკაცი მქვია და ღირსებით ვატარებ ფორმას.
ხოლო თუ მე ჩემი თანხმობის გარეშე წამიყვანეს - რამდენადაც არ უნდა აუცილებელი ყოფილიყო ჩემი “ძალით წაყვანა”, რამდენადაც ძალიან არ უნდა ვჭირდებოდე სამშობლოს, რამდენადაც დიდი სადღეგრძელოთი არ უნდა გაეპრავებინათ ჩემი წათრევა, რამდენი პროცენტიც არ უნდა იყოს საქართველო ოკუპირებული - თანხმობის გარეშე ეს ქმედება არის ძალადობა. ძალადობა ჩემზე. ყველა თქვენგანის სახელით.

თან, ამას ზემოდან თუ იმას დავუმატებთ, რომ ჩემი ერთი წლით ყარაულად წაყვანა არანაირ კავშირშია არც ქვეყნის თვდაცვასთან, არც ტერიტორიების დაბრუნებასთან, არც ჩემს წვრთნასთან და ა.შ.
უბრალოდ ერთი წლით მონად მივყავარ ბიუროკრატს - მისი მანქანის ნომერი უნდა დავიზეპირო, სწრაფად გავუღო ხოლმე შლაგბაუმი და სამხედრო სალამი სწორად მივცე. 

უნივერსიტეტში ექვსი წელი ვისწავლე. ყოველ ახალ სემესტრში ერთ საგანს ვიტოვებდი, რათა ჯარში არ წავაყვანე. ძალიან გვიჭირდა, მე-11 კლასიდან ოფიციანტად ვმუშაობდი დედაჩემს რომ დავხმარებოდი. მამა ვერ მუშაობდა. დედაც მსახიობია და წარმოიდგინეთ, რამდენი გვექნებოდა შემოსავალი. 

2012 წლის საშემოდგომო გაწვევაზე მაინც მომიწია წასვლა. იმედი მქონდა სამედიცინო კომისია დამბრაკავდა - ბრტყელი ტერფი, გული ბავშვობიდან მაწუხებს, წამიერად ვიღლები ხოლმე (მერე აღმოჩნდა, რომ ფილტვებზეც დარხეული მქონია, მარა მაგ დროს ეგ არ ვიცოდი). მაგრამ, კომისიაზე ასეთი პოლიტიკა აქვთ - შენი ფეხით თუ მიხვედი, ესე იგი ვარგისი ხარ :) 

არ დამბრაკეს. 

სავალდებულო ჯარში ასეთი სისტემაა - თუ ძალოვანებში ვინმე ნაცნობი ან ახლობელი გყავს, მას შეუძლია შენი რეკომენდატორი გახდეს და ვისაც უკეთესი რეკომენდატორი ყავს, ყველაზე “კარგ” ადგილასაც ის ხვდება. კარგში იგულისხმება დაცვის სამსახური, საელჩოები, ქალაქში არსებული დაწესებულებები - რომლების დაცვისასაც სადმე სითბოში ზიხარ, ტელევიზორიც გაქვს და ოფიცრებიც ტვინს არ გიჭამენ. 

ვისაც რეკომენდატორი არ ყავს, ის ყველაზე ცუდ ადგილას ხვდება. ასეთი ადგილი კი ჩემ დროს ციხეების გარე დაცვა იყო. 

მეც მანდ მოვხვდი. 

სამედიცინო კომისიის დასრულებისთანავე ავტობუსებში აგვყარეს და გეგუთში, კარანტინში წაგვიყვანეს.

14 დღის მანძილზე გულმოდგინედ გვასწავლიდნენ მწყობრად სიარულს, ე.წ. “შაგაობას” და თვალების ჩასისხლიანებამდე ყვირილს - “გაუ მარ ჯოს!”

საკვებს არაუშავდა. ჩაის გვაძალდებდნენ - დალიეთ, კარგიაო. მერე ჭორად გავიგე, მაგ ჩაიში ბრომს ურევენ, ერექცია რომ არ გქონდეთო. არ ვიცი რამდენად სიმართლეა :)) ისე გვღლიდნენ დღის მანძილზე, სულ არ იყო საჭირო დამატებითი მედიკამენტები. 

ყველაზე მეტად დაუბანლობა გვაწუხებდა - სექტემბერში, სქელი ქურთუკებით საათობით შაგაობის მერე, როდესაც ორი წყვილი საეჭვი წარმომავლობის სამხედრო წინდა გაქვს მხოლოდ, ტრუსიც და მაისურიც - ერთი…
მახსოვს, მეათე თუ მეთერთმეტე დღეს ათმეთაურებმა (რომლებსაც ჩვენთან ერთად 80 კაციან საერთო ყაზარმაში ეძინათ) ოფიცრებს სთხოვეს, აბანავეთ ჯარი, ვეღარ ვიძინებთო :დ ასე გვაბანავეს მეორედ. (პირველად წყალი კარანტინში ჩასვლისას გადაგვავლეს.)

კარანტინის ბოლოს ცხრა ტყვია გვასროლინეს, ოღონდ არავის აინტერესებდა, მიზანში ვარტყამდით თუ არა - უბრალოდ გასროლის ხმას შეგვაჩვიეს :დ 

რუსთავისკენ არსებულ ერთ-ერთი ციხის გარე დაცვაში გამანაწილეს. 

რადგან უნივერსიტეტი მქონდა დამთავრებული, “ამან წერა იცისო” და სხვა ჯარისკაცებისგან განსხვავებით, იშვიათად მიწევდა ხოლმე “ვიშკაზე” დგომა - ხან ათმეთაურის ფუნქციები მებარა, ხან ალაყაფთან ვიდექი, უფროსობის მანქანების ნომრებს ვიმახსოვრებდი, რომ მცოდნოდა, ვინ შემომეშვა სწრაფად და ვინ - არა. 

იმაში გამიმართლა, რომ ადამიანი ოფიცრები შემხვდა - დალაპარაკება შეიძლებოდა, რამდენადაც ამის საშუალებას მათი სამსახური აძლევდათ. 

სხვა მხრივ კი ის ერთი წელი კოშმარი იყო, რადგან:
 

  • ყაზარმაში, სადაც ჯარს ეძინა, ფანჯრები ან ჩამტვრეული იყო, ან ისე უბერავდა პაპაჩემის დროინდელი დარაბებიდან, რომ თავი გარეთ გვეგონა ხოლმე. 

  • რკინის საწოლებზე არაფერი გვეგო, ზედ რკინაზე გვეძინა ხოლმე ჩაცმულებს. თუ გაგვიმართლებდა, იქვე მდებარე მაღაზიიდან მუყაოს ყუთები მოგვქონდა ხოლმე, რომელსაც ამ რკინებზე ვაფენდით. 

  • გათბობა არ იყო, ჩემი გამათბობლით დავდიოდი ხოლმე 3 დღეში ერთხელ. ბოლოს იქვე დავტოვე, ჩემ მერე მოსულებისთვის :დ

  • არც საკვები იყო. ის 50 ლარი, რომელსაც ხელფასად გვაძლევდნენ, ზოგს გზაშიც არ ყოფნიდა და ხშირად მინახავს მშიერი ან 24 საათი ცარიელ პურზე მყოფი ჯარისკაცები. ვისაც უჭირდა კი ვუყოფდით ხოლმე საკვებს, რომელიც თან დაგვქონდა სახლიდან, მაგრამ ერთი წელი ამდენ ადამიანს ვინ გამოკვებავდა. 

  • 24 საათიდან, კარგ ვარიანტში 4 საათი გვეძინა ხოლმე, 1.5-1.5 საათიანი ნაწყვეტებით. ღამით, ყოველ 6 საათში - საათნახევარი ძილი. ბოლოს ისე დავხელოვნდით, თავის დადებისთანავე გვეძინებოდა :დ 

  • ოთხმეტრიან “ვიშკებს” მოაჯირები აკლდა და რამდენიმეჯერ, უძილობისგან გასავათებული, ბეწვზე გადავურჩი გადმოვარდნას. 

  • “ვიშკებზე” ყველა ფანჯარა ჩამსხვრეული იყო და ქარში, წვიმაში თუ თოვლში, ყარაული ვერსად ეფარებოდა. მაგ ტერიტორიაზე ისეთი ქარები იცის ზამთარში, მოაჯირების ნარჩენებს ვებღაუჭებოდით ხოლმე, რომ არ გადმოვეგდეთ. 

  • ყველა ამ სიკეთეს, ჩემთვის ისიც ემატებოდა, რომ მამაჩემი ამ დროს ლოგინად ჩავარდა, დედას ხელფასი არაფერში გვეყოფოდა და ერთ-ერთ ტელევიზიაში მუშაობა მიწევდა 12-14 საათიანი რეჟიმით. სამ დღეში ერთი დღე-ღამე ყარაულად ვედექი ციხეს, მეორე და მესამე დღე კი სამსახურში ვაღამებდი. სხვანაირად არც გამოდიოდა.  

2013 წლის იანვარში უფროსობა გამოგვიცვალეს - ახალი მთავრობის დანიშნული ხალხი მოვიდა. “ჯარს ყურადღება უნდა მივაქციოთო” და მართლაც, რაღაცები გამოასწორეს - მატრასები მოგვიტანეს, ფანჯრები ჩასვეს, ორი პატარა გამათბობელიც გვიყიდეს, მაგრამ ამ გამათბობლებს თან ახალი სერჟანტიც მოყვა, რომელიც ორი რამით დამამახსოვრდა: პირველი, თავისი სპეც-რაზმელობის ისტორიებს გვიყვებოდა ხოლმე და მეორე, ღამენათევ ათეულს დილით ჰარდკორ ვარჯიშის სესიებს გვიწყობდა. “აი, იმ მთას ხო ხედავთ? ჰოდა მანდ გაიქეცით.” - ჩვენთან ერთად თვითონაც მორბოდა ხოლმე, მაგრამ ეგ სულაც ამ ამსუბუქებდა სიტუაციას. 

სამხედრო ბილეთი ჯერაც არ ამიღია, ისე დავამთავრე. ამბობენ, იმ სამხედრო ბილეთში “მსროლელი” გიწერიაო, ანუ რამე რომ მოხდეს, ჩემი იმედი უნდა ქონდეს ვინმეს ბრძოლის ველზე? 0 ცოდნის მქონდე “ჯარისკაცის”? 

თუ თავდაცვისუნარიანობა გაღელვებთ და გინდათ, ჩვენს ჯარს პასუხის გაცემის შესაძლებლობა ქონდეს, როგორ არ ითხოვთ დღესვე ამ სამარცხვინო ყარაულობის გაუქმებას? ეს სისტემა ხომ იმდენ დონეზეა არასწორი:

ძალადობაა - ადამიანებს მათ ნების საწინააღმდეგოდ, რაღაცებს ვაკეთებინებთ ისე, რომ არჩევანს არ ვუტოვებთ. 

ფულის ფლანგვაა - ერთი ასეთი ყარაულის მომზადება, ალბათ, იაფი ჯდება, მაგრამ თუნდაც 1 ლარი ჯდებოდეს, ის 1 ლარი წყალშია გადაყრილი. ჩემი და ჩემნაირების მარგი ქმედების კოეფიციენტი ბრძოლის ველზე 0 იქნება (თუ მინუსი არა). 

ცრუ მოლოდინია - ჩემნაირების არსებობის გამო, ილუზია გაქვთ, რომ ქვეყანას რეზერვი ყავს, რომელსაც საჭიროებისას გამოიყენებს. ტყუილია ეგ. 

დისკრიმინაციაცაა - ამ ყარაულში ხვდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც არც გავლენიანი ნაცნობ-ნათესავი ყავს, არც გადასავადებელი ფული, არც დედისერთაა, არც საზღვარგარეთ შეუძლია “გაქცევა”, არც 27 წლამდე უნივერსიტეტებში უაზროდ სიარული, არც საკმარისად “ხეიბარია” და არც თავის დაზიანების ნებისყოფა აქვს. ქვეყანაში, სადაც 100 დეპუტატიდან 99-ის შვილს ახლოს არ გაუვლია კომისარიატთან, ეს დეპუტატები მზად არიან სხვისი შვილები იძლების წესით მონებად გაუშვან. 

თავდაცვაზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ერთ რამეზე ალბათ შევთანხმდებით - ყველა ქვეყანა, რომელიც ეფექტურად ახერხებს თავის დაცვას, ძალიან მდიდარია. ღარიბი და ხელშეუხებელი ქვეყნები მე არ მახსენდება. ჰოდა, სანამ არ გავმდიდრდებით, ეფექტური თავდაცვის ჩვენით აწყობის ყველა სხვა მცდელობა თვალთმაქცობა იქნება, რომლის დროსაც, სადღეგრძელოების ფონზე, სხვისი შვილების ერთი წლით, მათი თანხმობის გარეშე, მონად წაყვანას ტაშს დავუკრავთ. 

Comments