სიახლეები

3006 Views
პოლიტიკა

ბერძენიშვილი: ასლან აბაშიძემ საკუთარი ხელით ჩაცხრილა განიარაღებული ნოდარ იმნაძე

„ასლან აბაშიძემ საკუთარი ხელით ჩაცხრილა განიარაღებული ნოდარ იმნაძე“ - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დათო ბერძენიშვილმა იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „პროცესი“ ისაუბრა.

მისი განცხადებით, ნოდარ იმნაძე ასლან აბაშიძის პირველ მოადგილედ ზვიად გამსახურდიამ დანიშნა, რასაც აჭარაში დიდი პროტესტი მოყვა. ბერძენიშვილი იხსენებს, რომ თანამდებობაზე დანიშვნიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, იმნაძეს აბაშიძეს დაუპირისპირდა - რის შემდეგაც აბაშიძემ ის საკუთარი ხელით მოკლა.

„იმნაძეს ძალიან ცუდად მოექცა აჭარის საბჭოთა კომუნისტური ხელისუფლება. 1988 წლის ბოლოს სახლიდან გამოათრიეს და ლამის ლინჩის წესით გასამართლებას უპირებდნენ აბსოლუტურად უდანაშაულო კაცს. მერე დააპატიმრეს კიდეც და საბჭოთა პერიოდში ციხეში იჯდა.

მას ასლანი არ უყვარდა მაგრამ თავის თავზე ჰქონდა წარმოდგენა, რომ შეძლებდა მის გაკონტროლებას. მე მაშინ ნოდარს ვუთხარი რომ არ იყო ეს სწორი, ეს როგორ უნდა დანიშნოთ ან როგორ უნდა გააკონტროლოთ, მაგრამ ასეთი ამბავი იყო. ეს მოხდა 14 მარტს. 22 აპრილს უკვე ნოდარ იმნაძე დაუპირისპირდა ასლან აბაშიძეს როცა იმან მართლა ჩამოიყვანა 10 ათასი კაცი, რომელიც შს მინისტრად ეთნიკური აჭარლის დანიშვნას ითხოვდა...

ძველი საბჭოთა გადმონაშთია, რომ როგორც მოსკოვიდან ნიშნავდნენ მეორე მდივანს, რუსს, ისე აჭარაში თბილისიდან ნიშნავდნენ მეორე მდივანს. ამიტომ როცა ეს რევანშისტული ნომენკლატურული პოლიტიკა იწყებოდა, ნოდარი დათვრა იმ დღეს, კარგად ისროდა, დიდი დათვის თანავარსკვლავედი მის კაბინეტში იარაღით მოხატა, დატოვა ანდერძად, კარგად ვისვრიო, შეუვარდა ასლანს, მაგრამ პირდაპირ სროლა არ დაუწყია. მას გამოეკიდა მისი შვილი ნატო და ნატოს თანდასწრებით მოხდა ეს.

მე ეს ვერსია ვიცი და როგორც ჩანს, ეს არის სწორი. ჯაიანი იყო კგბ-ს უფროსი რომელმაც ესროლა ხელში, განაიარაღა და მერე ასლან აბაშიძემ საკუთარი ხელით ჩაცხრილა განიარაღებული კაცი.

ნოდარ იმნაძე თბილისში პატივით დაკრძალეს და აჭარაში ის გამოცხადდა მტრად. უკვე დაღუპული. ამის შემდეგ, ზვიად გამსახურდიამ არ თქვა ასლან აბაშიძეზე უარი, პირიქით..“ - იხსენებს დავით ბერძენიშვილი.

გადაცემის „პროცესი“ სრულ ჩანაწერს დღეს, 20:30 საათზე, გირჩი TV-ის ეთერსა და გადაცემის ფეისბუქ“-გვერდზე იხილავთ.

Comments