უკვე გაცემულია 0
განკუთვნილია 5 000 000 000
თებ 4, 2019 თავისუფალი განათლება

გირჩის სკოლა

ხშირად დასმული კითხვები
რა ასაკიდან იწყება სწავლა?

სწავლა იწყება დაახლოებით ხუთი წლიდან. პლუს-მინუს რამდენიმე თვე, პრობლემა არ არის.

როდის დაიწყება სწავლა?

2019 წლის ოქტომბერში.

იქნება თუ არა მაღალი კლასები?

2019-ში მისაღებად 16 წელი არის ზედა ზღვარი.

რამდენი კლასი იქნება სკოლაში?

გირჩის სკოლაში სიარული შეეძლებათ 5-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს. ისინი დაყოფილნი იქნებიან ოთხ ასაკობრივ ჯგუფად (I ჯგუფი: 5-7 წელი; II ჯგუფი: 8-10 წელი; III ჯგუფი: 11-13 წელი; IV ჯგუფი: 14-16 წელი).

რამდენი იქნება გადასახადი?

გადასახადის ოდენობა დამოკიდებულია არჩეული საათების რაოდენობაზე. დღეში 1 საათის ღირებულება წლიურად შეადგენს დაახლოებით 1,000 ლარს. შესაბამისად თუ თქვენ აიღებთ მინიმალური საათების რაოდენობას დღეში (4 საათი), წლიური საფასური იქნება დაახლოებით 4,000 ლარი. სკოლა იმუშავებს დღეში 12 საათი და შესაძლებლობა გექნებათ უფრო დიდი პაკეტებიც შეიძინოთ.

2 და მეტ ბავშვზე თუ იქნება გათვალისწინებული ფასდაკლება?

ფასდაკლება იქნება, თუმცა ზუსტი % ამ მომენტისთვის არ გვაქვს განსაზღვრული.

მასწავლებლების ვაკანსია თუ გაქვთ?

კი. მასწავლებლობის მსურველებმა უნდა შეავსონ ეს განაცხადის ფორმა: http://girchischool.ge/

სად იქნება სკოლა (მისამართი)?

სკოლა იქნება ვაკე, ვერა, საბურთალო, მთაწმინდა - ამ რაიონებიდან ერთ-ერთში. ზუსტი მისამართი გვექნება როგორც კი შენობას შევარჩევთ (დაახლოებით აგვისტოსთვის).

რა იქნება განსხვავებული არსებული სკოლებისგან?

პრინციპული განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ გირჩის სკოლა თავისუფალი იქნება არსებული სახელმწიფო რეგულაციებისგან, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უნიკალური, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენთან ოფისში, შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

რა საგნებს ისწავლიან ბავშვები სკოლაში?

გირჩის სკოლაში ვასწავლით ოთხ საბაზისო აკადემიურ დისციპლინას: ლიტერატურას, ისტორიას, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას. დანარჩენი არჩევითი საგნები კი იქნება: უცხო ენები, სპორტი, ხელოვნება, თამაშები და ტექნოლოგიები (პროგრამირება, ავტომატიზაცია, მექანიკა, ელექტრონიკა).

თბილისის გარდა თუ იქნება სადმე თქვენი სკოლა?

პირველი სკოლა იქნება თბილისში. მომავალში ვგეგმავთ ქსელის გაკეთებას და რამდენიმე რეგიონის მოცვას. 

მარიხუანას კულტივაციას რომელი კლასიდან ასწავლით?

მცენარეებთან დაკავშირებულ საკითხებს გაივლიან ბუნებისმეტყველებაში, სხვადასხვა ასაკში.

აბიტურიენტებს თუ მიიღებთ?

2019 წელს სკოლაში მიღების ასაკის ზედა ზღვარი არის 16 წელი.

ვინ იქნებიან მასწავლებლები და რითი იქნებიან უკეთესი არსებულ მასწავლებლებზე?

სკოლის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მასწავლებლის ფუნქციათა ნაწილს შეასრულებენ წარმატებული ახალგაზრდები, რომელთაც არსებული სახელმწიფო რეგულაციებით, ფაქტობრივად, ეკრძალებათ საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობის მიღება.

დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ტიპის ადამიანები შეასრულებენ მასწავლებლის ფუნქციას და როგორ იქნება ეს ფუნქცია დანაწილებული, მოგიყვებით პრეზენტაციის დროს, შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

როგორ მოხდება კვების უზრუნველყოფა?

ამ მომენტისთვის აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. კვებით უზრუნველყოფის საკითხი დამოკიდებულია შენობის კონფიგურაციაზე, რაც ამ მომენტისთვის ცნობილი არ არის. ჩვენი დიდი სურვილია, სკოლას ქონდეს საკუთარი სამზარეულო, რომელსაც სასწავლო პროცესშიც გამოვიყენებთ.

რას ნიშნავს „მშობლები გახდებიან აქციონერები“?

პირველი 300 მოსწავლის მშობლები, რომლებიც გადაიხდიან შვილის სწავლის საფასურს - მინიმუმ 2,500 აშშ დოლარს, და დაგვარწმუნებენ, რომ ზუსტად ესმით ჩვენი სკოლის შინაარსი და მიზნები, გახდებიან სკოლის აქციების მფლობელები და შესაძლებლობა ექნებათ შვილების სწავლის მომავალი წლების საფასური დაფარონ მიღებული დივიდენდებიდან.

რას ნიშნავს ადგილები შეზღუდულია?

შეზღუდულია პირველი 300 მოსწავლის ადგილი, რომელთა მშობლებიც ზემოთ აღწერილი პირობების შესრულების შემთხვევაში გახდებიან სკოლის თანამფლობელები (აქციონერები).

რას ნიშნავს „მშობელს შეიძლება შემდეგი წლების გადასახადის გადახდა არ მოუხდეს?“

პირველი 300 მოსწავლის მშობლები, რომლებიც გადაიხდიან შვილის სწავლის საფასურს - მინიმუმ 2,500 აშშ დოლარს, და დაგვარწმუნებენ, რომ ზუსტად ესმით ჩვენი სკოლის შინაარსი და მიზნები, გახდებიან სკოლის აქციების მფლობელები და შესაძლებლობა ექნებათ შვილების სწავლის მომავალი წლების საფასური მიღებული დივიდენდებიდან დაფარონ. 

2-3 წელიწადში რომ დაიხუროთ ქუდი და ამ ბიზნესს შეეშვათ, შეძლებენ თუ არა ბავშვები სხვა სკოლაში სწავლის გაგრძელებას?

დახურვას არ ვაპირებთ. პირიქით. ვგეგმავთ მსგავსი სკოლების ქსელის გაკეთებას არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.

შეძლებენ თუ არა ამ სკოლის ბავშვები უცხოეთში სწავლის გაგრძელებას?

სურვილის შემთხვევაში, უპრობლემოდ. ჩვენს სკოლას არ ექნება ავტორიზაცია, რაც ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ სახელმწიფო არ აღიარებს ჩვენ მიერ გაცემულ ატესტატს. უცხოური უნივერსიტეტები ასეთ სკოლა-დამთავრებულებს განიხილავს Homeschooler-ებად. რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტი სწავლების ასეთ ფორმას უპირატესობასაც კი ანიჭებს.

შეძლებენ თუ არა ამ სკოლის ბავშვები ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებას?

ჩვენი გულწრფელი მოლოდინია, რომ გირჩის სკოლადამთავრებულები, მომზადების იმ დონის გათვალისწინებით, რაც მათ ექნებათ, ნაკლებად მოისურვებენ სწავლის საქართველოს ე.წ. უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელებას. თუმცა ასეთი სურვილის შემთხვევაში, დარწმუნებული ვართ, სახელმწიფო ვერ შესძლებს მათთვის ამაში ხელის შეშლას. 

როდის იქნება არდადეგები?

სწავლის პროცესი ისე იქნება ორგანიზებული, რომ სკოლას წლის გარკვეულ მონაკვეთებში სპეციალურად არდადეგებისთვის გამოყოფილი დრო არ ექნება. სკოლა მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს. მშობლებს შეეძლებათ შვილი დასასვენებლად წლის ნებისმიერ დროს წაიყვანონ. სკოლაში დაბრუნების შემდეგ ბავშვი სწავლას იქიდან გააგრძელებს, სადაც გაჩერდა.

წლის განმავლობაში რამდენი დღე იქნება სწავლა?

სტანდარტულ სკოლაში, წლის განმავლობაში, სწავლის პროცესი იკავებს 180 დღეს. ჩვენთან სწავლა მოიცავს 264 დღეს. ანუ თქვენი შვილი დაახლოებით 1.5-ჯერ მეტ დროს გაატარებს სკოლაში.

შშმ ბავშვებს თუ მიიღებთ?

სამწუხაროდ, პირველ წელს არა, რადგან არ გვაქვს გარანტია, რომ სკოლა აღჭურვილი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურით. მომავალში, ზოგადად, სკოლა მიიღებს შშმ ბავშვებს. თუმცა ცხადია, სკოლა ვერ იქნება მორგებული ყველა ტიპის შეზღუდულ შესაძლებლობაზე.

რა ენები ისწავლება თქვენს სკოლაში?

სამუშაო ენები იქნება ინგლისური და ქართული. სხვა რომელი ენების შესწავლა მოხდება, ეს დამოკიდებული იქნება მშობლების ნება-სურვილზე.

შესაძლებელი იქნება თუ არა ეტაპობრივი გადახდა? 

ეტაპობრივი გადახდა შესაძლებელი იქნება. დაზუსტებული პირობები გვეცოდინება დაახლოებით 2 თვეში.

არის თუ არა ძვირი გირჩის სკოლა?

მინიმალური პაკეტი, რომელიც შეიძლება მშობელმა შეიძინოს, არის დღეში 4 საათი. ასეთი პაკეტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 4,000 ლარს წელიწადში. ეს ფასი არის ბევრად დაბალი ქვეყანაში არსებულ საუკეთესო კერძო სკოლებთან შედარებით. ამას გარდა, სტანდარტულ სკოლაში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 180 დღეს. გირჩის სკოლაში - დაახლოებით 265 დღეს. ანუ, ჩვენთან გადახდილი სწავლის საფასურით ყიდულობთ დაახლოებით 1.5-ჯერ მეტ მომსახურებას, ვიდრე სხვა, ნებისმიერ სკოლაში გადახდილი საფასურით.