სიახლეები

375 Views
პოლიტიკა

საბო: აგვისტოს ომის დროს დავკარგე ის ადგილი, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე

ჩემთვის 2008 წლის ომი არ დაწყებულა რვა აგვისტოს, დაიწყო ბევრად უფრო ადრე - ამის შესახებ გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰერმან საბომ, აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგ, ყოველდღიურ გადაცემაში, „გირჩის აზრით“ განაცხადა.

მისი თქმით, სამაჩაბლოში სამხედრო მოქმედებები ბევრად უფრო ადრე და ბევრად უფრო აგრესიულად დაიწყო.

დედაჩემი წარმოშობით სამაჩაბლოდანაა, რომელიც ეხლა მიტაცებულია. ბებია და ბაბუა მყავდნენ იქ და ჯერ კიდევ აგვისტო სად იყო, მათ სოფელს, ახლომდებარე ოსური სოფლებიდან, სარაბუკიდან და სხვა რამდენიმე სოფლიდან რომ ბომბავდნენ.

ბებიაჩემი სიკვდილს ძლივს გადაურჩა, ჯერ კიდევ ივლისში, როცა დაბომბვა დაიწყეს და სახლში გაჩერება აღარ შეეძლოთ. გაიქცნენ სკოლის სარდაფში, რომელიც მისი სახლიდან ნახევარ კილომეტრში იყო და ბებიაჩემმა ძლივს ჩაასწრო სარდაფში. როგორც კი ჩავიდა, მის კვალზე ეგრევე აფეთქდა ყუმბარა.

იმის თქმა რომ 7 აგვისტოს ან 6 აგვისტოს დაიწყო იქ სამხედრო მოქმედებები, ტყუილია. ბევრად უფრო ადრე დაიწყო და ბევრად უფრო აგრესიულად. შეიძლება ინფორმაცია არ გამოდიოდა ჩვენამდე კარგად და მახსოვს რომ უკვე მალევე, აგვისტოს ომამდეც, 8 აგვისტომდეც, გამოხიზნეს მოსახლეობა სოფლიდან.

ეს ის სოფელია, ვანათი სადაც ცნობილი ამბავი მოხდა, ქართული ნაწილები იდგნენ და ოსებმა რომ დააჩოქეს - სამარცხვინო ისტორიის ნაწილი“ - ამბობს საბო. 

მისივე თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა, გარკვეულწილად, ყველა მხარეს ეკისრება.

„რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე რუსული პროვოკაციაა და ის რომ ჩემი სოფელი ბევრად უფრო ადრე იბომბებოდა, ჩემთვის პირადად, ამის კიდევ ერთი დამამტკიცებელი ფაქტია.  თუმცა მგონია რომ მთავრობა რომელიც მაშინ იყო, შეიძლება ილუზიებში იყო და ეგონა რომ რუსეთი ან ვერ გაბედავდა ასე ღიად სამხედრო დაპირისპირებას, ან ამერიკელების იმედი ჰქონდათ.

ჩემთვის ძაან მძიმეა, დავკარგე ის ადგილი, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, ყოველ ზაფხულს იქ ვისვენებდი და 90-ანებში როდესაც თბილისში არაფერი არ იშოვებოდა და მეზობლები ერთად საჭმელს აკეთებდნენ, ზაფხულში იქ მივდიოდით, საჭმელი მაინც იყო იქ და მთლად ისეთი დაღუპულიც არ იყავი, სოფელი თუ გქონდა. ჩემი მიწაც მქონდა იქ, პაპაჩემმა მოგვცა შვილიშვილებს. ჩემი კერძო საკუთრებაც ოკუპირებულია“ - განაცხადა საბომ.

კომენტარები