სიახლეები

1771 Views
პოლიტიკა

მახარაძე: დავიშლებით, როცა სახელმწიფო გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს

საზოგადოებრივი მორალი არის საფუძველი, რომ შეიზღუდოს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება 

ამის შესახებ გირჩის საინფორმაციო პორტალთან, პარლამენტთან მიმდინარე კონსერვატიული აქციის ორგანიზატორმა, ზურა მახარაძემ განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, აქციის მთავარი მიზანი, საჯარო სივრცეში საკუთარი სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირების აკრძალვაა. მახარაძე ამბობს, რომ აუცილებელია, ქვეყნის კანონმდებლობა მოსახლეობის და მათი ინტერესების მიხედვით შეიცვალოს. 

შეკითხვაზე, რატომ არ იშლება აქცია იმ დროს, როცა თბილისი პრაიდი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე ჩატარდა, განაცხადა, რომ პრაიდი არ ჩატარებულა. 

შსს-სთან ოცი კაცი გამოვიდა, გაიქნიეს დროშები და გაიქცნენ. პრაიდი ვისაც აინტერესებს რა არის, შეუძლია დაგუგლოს და ნახოს

ზურა მახარაძემ ანტისაოკუპაციო აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა - განაცხადა, რომ თვრამეტი დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეები "ნაციონალურმა მოძრაობამ" სათავისოდ გამოიყენა. მახარაძე 20 ივნისის ღამით მომხდარზე პასუხისმგებლობას, პოლიციასთან ერთად სწორედ ოპოზიციას აკისრებს. 

მისივე თქმით, ოკუპაციასთან ბრძოლა არა დისკოთეკით და ფლეშმობით, არამედ ქართული საქმის კეთებით შეიძლება.

საქართველოში ოკუპაციას, დემოგრაფიის, ეკონომიკისა და სამხედრო ძალის გაძლიერებით უნდა ვებრძოლოთ

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ გადაწყვიტეს დღევანდელი აქციის იმ ადგილას ჩატარება, სადაც ანტისაოკუპაციო პროტესტი უკვე დაგეგმილი იყო, მახარაძემ გირჩის წევრებს და მხარდამჭერებს ასე უპასუხა 

თქვენ ეს ადგილი პრივატიზებული არ გაქვთ. შესაბამისად, საჯარო სივრცეა, ჩვენ მოვედით და დავდექით. გინდათ რომ აქ იდგეთ? იყიდეთ ეს ადგილი სახელმწიფოსგან, მოდით და დადექით

მახარაძე ფიქრობს, რომ პარლამენტის წინ მინდინარე აქცია არ დაიშლება იქამდე, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. 

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები