სიახლეები

ნაწილი მეოთხე - თავისუფლების ფასი

პლატფორმა

დღედღეზე პლატფორმა სრულად გაეშვება.

პლატფორმაზე ადამიანები პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ ელექტრონულად და მთელი გირჩი ვალდებულია აღიაროს ამ თამაშის შედეგები.

ვინც თამაშში იგებს, ისაა წარმატებული პოლიტიკოსი, დეპუტატი, საკრებულოს წევრი და ა.შ.

თამაშში მონაწილეობა ყველას შეუძლია მიუხედავად იმისა, სადაა ტერიტორიულად და რას აკეთებს.

პლატფორმაში ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ. ჩათვალეთ, მთელი ჩვენი უკანასკნელი დანაზოგი გავუშვით და მთლიანად ამაზე დავდეთ ფსონი.

პლატფორმის ერთი ნაწილი ნიუსპორტალია, რომელიც, ჩვენი აზრით, საინტერესო ნიუსებს აქვეყნებს, საინტერესო კითხვებს სვამს და ვფიქრობთ, რომ ამას ყველაზე საინტერესო კუთხიდან აკეთებს. ჯერ ახლები ვართ და მხოლოდ ვსწავლობთ.

ნიუსპორტალის ერთ-ერთი მიზანი, საინტერესო ამბების მოყოლით დაინტერესებული ადამიანების პოვნაა. ასეთი ადამიანები ამ ქვეყნის ყველა კუთხეში არიან და სიახლეებიც ყველგან ხდება, მთავარია შენ გაქვს თუ არა კარგად მოყოლის უნარი.

ამბავიც ისაა, რასაც კარგად ყვებიან.

პლატფორმა მეტი თავისუფლების იდეით დაინტერესებული ხალხის შეხვედრის ადგილია, პოლიტიკოსების და მათი მხარდამჭერების.

ვინც პლატფორმაზეა რეგისტრირებული, ისინი გირჩის საზოგადოებას ქმნიან.

ჩემთვის პლატფორმაზე რეგისტრირებული ადამიანი უფრო ახლობელია, ვიდრე რომელიმე ნათესავი.

მნიშვნელობა არ აქვს რომელი კუთხიდან ხარ და ვინ არიან შენი მშობლები - თუ ამ საზოგადოების წევრი ხარ, ჩვენიანი ხარ და ჩემთვის ეს ნიშნავს იმას, რომ შენ არ ძალადობ და მეტი თავისუფლების გჯერა.

პლატფორმაზე რეგისტრირებული ხალხი ამაზე ვთანხმდებით და ამ ღირებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებას ვაშენებთ.

პლატფორმა ეხმარება პოლიტიკოსებსაც და მათ მხარდამჭერებსაც.

პოლიტიკოსებს იმაში, რომ დავინახოთ რამდენია ჩვენი რეიტინგი გირჩის მხარდამჭერებში და დავაკვირდეთ ამ რეიტინგის დინამიკას ყოველდღიურ რეჟიმში.

და იმაშიც რომ პლატფორმის მეშვეობით, პოლიტიკური საქმიანობისთვის სპონსორები მოვიზიდოთ.

თავისუფლების მხარდამჭერებს კი პლატფორმა ეხმარება იმაში, რომ სწორად შეარჩიონ მათი წარმომადგენელი სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობებისთვის და მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ქმედებები ყოველდღიურად აკონტროლონ.

პოლიტიკოსებსაც და მხარდამჭერებსაც იმაში, რომ შექმნან თავისუფალ ადამიანთა საზოგადოება, სადაც ერთმანეთთან თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნობენ.

პლატფორმაზე ყველა ადამიანის წვლილი აისახება თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში, ყველა ადამიანის ხმას პლატფორმაზე მისი წვლილის შესაბამისი წონა აქვს.

დაინტერესდით პლატფორმით, საინტერესო და უნიკალური ქმნილებაა, ანალოგი არ ჰყავს.

რამდენი დეპუტატი ეყოლება გირჩს?

ბიძინას მიერ შემოთავაზებული ვარიანტით, 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

რაც ციფრებში ასე გამოიყურება:

ხმათა  2% უდრის  სამ გირჩს პარლამენტში.

3,30% - ხუთს,

6,60%  - ათს

და ა.შ.

თუ უბარიერო  პროპორციული საარჩევნო სისტემის სპეციფიკას გავითვალისწინებთ, სწორი კამპანიის პირობებში ეს ძალიან რეალისტური პროგნოზია.

წინა არჩევნების შედეგი რომ ავიღოთ 2.25% და არაფერი მივუმატოთ,  ჩვენ სამ დეპუტატზე მეტი გვყავს პარლამენტში.

საბოს კამპანიის დროს, ფინალურ ვიდეოში ვთქვით, რომ გირჩი არასოდეს აიღებს ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ შორის, არც ხელფასს.

ვერ გაგვიგეს, არასერიოზულ გამოხტომად ჩაგვითვალეს, მაგრამ ჩვენ მართლა არ ვაპირებთ იმ ხელფასის აღებას, რომელსაც სახელმწიფო გადაგვიხდის, ადამიანებისთვის ძალით წართმეული ფულიდან.

თუ ამ ფულს ხელს მოვკიდებთ, გირჩი ჩვეულებრივი პარტია გახდება, რომელსაც სისტემა უხდის ფულს და მასზეა დამოკიდებული.

გვჯერა, რომ დეპუტატს თავისი მხარდამჭერები უნდა ინახავდნენ და არა სახელმწიფო ბიუჯეტი, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ის ხალხის ნამდვილი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში.

ასეთ რეალობაში, როცა ხელფასის გამო არ მივდივართ პარლამენტში, ის კი არ არის მთავარი, რამდენი ადამიანი შედის პარლამენტში, არამედ ის, რამდენი დეპუტატის შენახვა შეუძლია გირჩს.

მჯერა, გირჩს იმდენი დეპუტატი ეყოლება პარლამენტში, რამდენის შენახვასაც შეძლებს.

ასე იხდის გირჩი თავისუფლების ფასს.

რა ღირს ერთი დეპუტატი?

საკუთარ მაგალითზე ვეცდები მოყოლას.

გირჩის დღევანდელი რეიტინგის მიხედვით, რომელიც GeD-ების ოდენობით დგინდება, გირჩის პოლიტიკოსთა პირველ სამეულში ვარ.

იგივე დასტურდება გირჩის წევრთა კუსტარული გამოკითხვებითაც, ჩვენს მხარდამჭერთა ჯგუფებშიც.

ანუ, 2020 წელს, ჩემი პარლამენტში შესვლა ძალიან რეალისტურია.

თუმცა პარლამენტში შესვლა გირჩის პოლიტიკოსის შენახვის ხარჯებს არც ზრდის და არც ამცირებს.

(ბიუჯეტიდან ფულს არ ვიღებთ)

ანუ,  დღესაც და ერთი წლის მერეც, სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მე თანაბარი ხარჯი მჭირდება.

მე დღესაც გირჩის პოლიტიკოსი ვარ და 2020-შიც ვიქნები, უბრალოდ ერთი დამატებითი ტრიბუნა მექნება, იგივე საქმის საკეთებლად, რასაც ვაკეთებ.

ნებისმიერ ადამიანს ფუნქციონირებისთვის სჭირდება რესურსი.

ჩემი ფუნქციონირება იაფი არ ჯდება, ცოტას არ ვხარჯავ და თან ბევრ ადამიანთან ურთიერთობა და მათი შრომის ყიდვა მიწევს იმისთვის, რომ გასაგებად გავაჟღერო აზრი.

თქვენც ხომ არ გინდათ, სოციალურად დაუცველი პოლიტიკოსი ლაპარაკობდეს თქვენი სახელით, ეგეთ კაცს ხო არ ანდობთ საკუთარი თავისუფლების და იდეების დაცვას?

,,პროცესს“ ვაკეთებ;

ეთერებში ვსაუბრობ;

ვდებატობ;

ტექსტებს ვწერ გირჩის ვიდეოებისთვის;

ყურადღებას ვაქცევ საიტის გამართულ ფუნქციონირებას;

სარჩელებს და სხვა იურიდიულ დოკუმენტაციას ვადგენ;

საპროტესტო აქციებზე და სასამართლო პროცესებზე დავდივარ;

ტელევიზიის გაკეთება მინდა;

დაჭერის მაღალი რისკის მატარებელი ვარ...

ყველა ეს პროდუქტი ფასი ჯდება.

ჩემი თითოეული პროდუქტის შექმნაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს.

თუ მე ჩემი ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსი არ მექნება, ახლაც და 2020 წლის მერეც, პარალელური საქმის კეთება მომიწევს, (მაგალითად, 2019 წლის იანვრამდე ვკითხულობდი ლექციებს), რომელიც შეთავსებადი არაა პოლიტიკასთან.

არ გამოდის ერთად პოლიტიკოსობა და ადვოკატობა, ან პოლიტიკოსობა და ლექტორობა, კვირაში 15 საათიანი დატვირთვით.

ან ერთს აკეთებ, ან - მეორეს.

როცა ორივეს აკეთებ, ორივეს აკლდება.

ვისაც მოგწონთ რასაც ვაკეთებ, მინდა რომ ეს იცოდეთ.

ამ ქვეყანაში არ არსებობს პროფესია პოლიტიკოსი. პოლიტიკოსები ბიუჯეტის ფულზე მსხდომი, საჯარო მოხელეები არიან. ან ჰყავთ კონკრეტული დამფინანსებელი, რომლის ინტერესებსაც ემსახურებიან. ამიტომაც არიან ისეთები, როგორებიც არიან.

გირჩსაც პერიოდულად გვიდგას ეგ არჩევანი, მაგრამ არ ვნებდებით.

პატიოსანი პოლიტიკური ფულის შოვნის ყველა სხვა გზა, დახურულია.

ბიზნესი არ გიმჩნევს. რადგან  ,,პოლიტიკაში არ ვერევით“ ტრაფარეტი აქვს აფარებული.

სხვანაირად ესმით პოლიტიკა.

ბიზნესის მიერ პოლიტიკაში დაზოგილი ფული იწვევს იმას, რომ  ბიუჯეტზე შემჯდარი პოლიტიკოსების იმედად ვრჩებით, რომელთაც ხარისხს და მორალს ვერ მოთხოვ.

ასეთი პოლიტიკოსებით სავსეა პარლამენტი და ისინი ბიზნესისთვის ცხოვრების წესს ადგენენ.

სხვანაირად რომ ავხსნათ აბსურდი, ასე შეხედეთ - იმის გამო, რომ ბატონი თემურ ჭყონია არ ერევა პოლიტიკაში, კრებითი ანრი ოხანაშვილი იღებს კანონებს, რომელსაც „კოკა-კოლა“ უნდა დაემორჩილოს.

მე ამის შეცვლა მინდა.

შემოწირულობა მხოლოდ მმართველ პარტიას აქვს. ასეთ შემოწირულობას არაფერი აქვს საერთო იდეის დაფინანსებასთან, ის უფრო გადასახადია, პრივილეგიის ყიდვისთვის.

ამ რეალობაში ვცხოვრობთ, მაგრამ ამის მიუხედავად, მე განსხვავებული პოლიტიკის კეთება მინდა და  მხოლოდ ,,გირჩში“ მაქვს ამის შანსი

მინდა, ამ ქვეყანაში, პროფესია პოლიტიკოსი შეიქმნას.

მომწონს ეს პროფესია და მინდა პოლიტიკაში დამსახურებულად ვიშოვო ფული, რაც ნიშნავს იმასაც, რომ ისეთი პოლიტიკა უნდა ვაკეთო რაც ადამიანებს სჭირდებათ. მხოლოდ მაშინ გადამიხდიან ნებაყოფლობით ფულს.

ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, ერთი დეპუტატის ოფისის შენახვა, თვეში, მინიმუმ ათი ათასი ლარი ჯდება.

თუ გინდათ, თქვენი სახელით ვინმემ კვალიფიციურად ილაპარაკოს საქართველოს პარლამენტში, მინიმუმ ეს თანხაა გადასახდელი.

პირობას ვდებთ, რამდენი დეპუტატის რჩენასაც შეძლებთ იდეის გულშემატკივრები, იმდენი კაცით შევალთ პარლამენტში.

ათი კაცი რომ მოვძებნოთ და პარლამენტში გავიყვანოთ, ამას არანაირი შინაარსი არ გააჩნია, თუ მხარდამჭერებს და ლობისტებს მათი შენახვა არ შეუძლიათ.

ხარისხზეც არ გაწუწუნებთ, საუკეთესო პროდუქტს დავდებთ, რაც შეიძლება სამყაროში არსებობდეს, ამ სფეროში.

მგონი სამართლიანი შეთავაზებაა ჩვენი მხრიდან.

რაში იხდით ფულს?

ისევ ჩემს მაგალითზე მოვყვები.

იმაში, რომ თქვენი კაცი გყავდეთ პოლიტიკაში.

თუ თქვენ დეპუტატს აირჩევთ, რომელსაც ფულს ბიუჯეტი უხდის, ის თქვენი კაცი იქნება თუ ბიუჯეტის?

ვის უფრო გაწირავს როცა არჩევანი დაუდგება, თქვენ თუ იმას, ვინც ბიუჯეტს აკონტროლებს?

ამიტომ უნდა აფინანსებდეს პოლიტიკოსს მხარდამჭერი და არა ბიუჯეტი.

ერთ დეპუტატს რომ ათასი მხარდამჭერი ჰყავდეს, რომელიც თუნდაც 10 ლარს უხდის თვეში, ხო წარმოგიდგენიათ ამ პოლიტიკოსის სიტყვის ფასი.

პოლიტიკოსის და მხარდამჭერის ურთიერთობის სტანდარტიც როგორია ამ შემთხევაში, ხო გესმით.

მარტო ფულზე ხომ არაა საქმე, ეს ნიშნავს, რომ იმ იდეას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი ახმოვანებს, ათასი გულწრფელი აქტივისტი ჰყავს.

ფულს თქვენი იდეების ლობირებაში იხდით. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ყოველდღიური ცხოვრებისეული რუტინის გარდა იდეებიც გულწრფელად აინტერესებთ და რაღაცას აკეთებენ მათი ხორცშესხმისთვის.

ფულს იხდით სპორტული ინტერესისთვისაც.  არ გაინტერესებთ  როგორი იქნება გირჩი პარლამენტში?

თუ ფსონების დადებით იღებთ სიამოვნებას, ფსონს დებთ ჩემზეც, მე კიდევ ძალიან არ მევასება, ჩემზე დადებულ ფსონს რომ აგებენ.

ფულს იხდით იმაშიც, რომ თქვენ ადვოკატის ნაცვლად პოლიტიკოსი დაგიცავთ, როცა სისტემასთან გექნებათ პრობლემა, თან  ჩვენ ნებისმიერ ადვოკატზე უკეთესი დამცველები ვართ. ადვოკატებსაც ვიცნობ და გირჩსაც. შედარებაც არ შეიძლება.

ფულს მიხდით იმაში, რომ გიცნობდეთ და როცა ჩემი დახმარება დაგჭირდებათ გვერდში დაგიდგეთ და თქვენი თავი არ დავაჩაგვრინო.

დაფინანსების ეს წესი საზოგადოებას აშენებს პოლიტიკოსის ირგვლივ. ეს პოლიტიკოსი კი ვალდებულია მოუაროს და გააფართოოს ეს საზოგადოება.

ეს აძლიერებს პოლიტიკოსსაც და იმ იდეასაც რასაც იცავს.

ასე იბადება იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკაც.

მხოლოდ ასეთი პოლიტიკოსობა მინდა.

უფრო მარტივადაც შეიძლებოდა თქმა.

ფულს იხდით იმაში, რომ ერთი კაცი მაინც გეგულებოდეთ ისეთი, ვისი იმედიც ბოლომდე გექნებათ, რომელიც არ მოგატყუებთ და ყოველთვის ზუსტად გეტყვით, რა ხდება ქვეყანაში რეალურად.

არსებული სიტუაცია

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, პარტიები დისკრედიტირებულნი არიან, მართლმსაჯულების სისტემა ისეთია, ნებისმიერი ბატონის კართან იმუშავებენ ჯალათად. ძალიან საშიში და ფეთქებადი სიტუაციაა.

ახალგაზრდების ბრძოლის შედეგად, პროპორციული არჩევნები მივიღეთ ბარიერის გარეშე, რაც სულ სხვანაირს ხდის ქვეყნის პოლიტიკურ პერსპექტივას.

გირჩი ერთადერთი პარტიაა  საქართველოში, რომელიც არავის გავლენას არ ექვემდებარება, გარდა საღი აზრისა.

გვინდა ასეთები შევიდეთ  და ასეთებად დავრჩეთ პარლამენტში.

არ შეიძლება ამ შანსის გაშვება.

და ეს მინდა იმ ადამიანებს გავაგებინო, რომლებიც თვლიან, რომ პასუხისმგებლები არიან ამ ქვეყანაზე.

მიუხედავად იმისა თუ რას აკეთებს სუსი, მჯერა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ასეთი ადამიანები.

ამ პასუხისმგებლობის ახსნა შეუძლებელია. თუ არ გესმის, სიგიჟედ მოგეჩვენება, მაგრამ ასეთი ადამიანები ყველა საზოგადოებაში არსებობენ.

ეს ის ხალხია, რომელსაც ბანალური ცხოვრება არ აკმაყოფილებს და მორალს აწვება, ცხოვრებას თვითონ აძლევს შინაარსს, რადგან ხვდება რომ იდეის გარეშე მოსაწყენია.

კომუნისტების მოსვლამდე, ეს ხალხი აფინანსებდა ყველა სასიკეთო საქმეს ამ ქვეყანაში.

მეც ყველაზე მეტად ამ ხალხის იმედი მაქვს.

ბლოგის ეს ნაწილი მათ ეძღვნება.

შეიძლება მოგწონთ ან არ მოგწონთ ჩვენი მეთოდები, შეიძლება გვეთანხმებით ან - არა რამეში, გაღიზიანებთ ან არა ჩვენი მკვეთრი პოზიციები, მაგრამ ვერავინ უარყოფს რამდენიმე რამეს გირჩთან დაკავშირებით:

  • მიკიბ მოკიბვის გარეშე ვლაპარაკობთ იმას, რასაც ვხედავთ და ვფიქრობთ;
  • არ ვართ არც ბიძინას და არც მიშას ხალხი;
  • ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე ყველაზე ბრძოლისუნარიანი და პრინციპული ადამიანების ნაკრები ვართ;
  • ვაკეთებთ კონკრეტულ საქმეებს ადამიანის სასარგებლოდ, იმ სიტუაციაში რა სიტუაციაშიც ვართ;
  • არ ვითხოვთ არავის დაჭერას და გაკულაკებას;
  • გვევასება  და პატივს ვცემთ საქმის გამკეთებელ ხალხს;
  • გვჯერა ადამიანის და ვითხოვთ მეტ თავისუფლებას, ყველაფერში;
  • ვაღიარებთ ლოგიკას და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ ამის საფუძველზე;
  • ყველა სხვაზე მეტად გვინდა წესიერი პოლიტიკის კეთება და ამას ვასხივებთ;
  • არ გვყავს ავტორიტეტები, რომლის გამოც სიმართლის დანახვაზე უარს ვიტყვით;
  • ვართ ყველაზე გამჭვირვალე პარტია, სადაც ყველაფერს მისი მხარდამჭერები წყვეტენ;
  • ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც შეუძლია გულწრფელად მოჰყვეს საკუთარი ისტორია.

 

ასეთი პროდუქტი გვაქვს დაჭაობებულ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში და ყველას შეუძლია ამით სარგებლობა.

მე მინდა ეს პროდუქტი ღირსეულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.

ამ მიზნის განსახორციელებლად ვეძებთ პარტნიორებს.

ისეთ პარტნიორებს, რომლებიც თანამშრომლობის სანაცვლოდ ტყუილის ლაპარაკს არ მომთხოვენ.

ცოტას რომ არ ვითხოვ, ეგეც სრულყოფილად მესმის.

ის რაც მე მინდა

მე მინდა საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის აგურ-აგურ დაშლა და პრეცედენტული სამართლის სისტემის აწყობა, ბევრი სასამართლოთი.

ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.

მინდა ბიუროკრატიის და რეგულირებების 90%-ით შემცირება, თან  ისე რომ ბიუროკრატები მადლობას იხდიდნენ და ისე მიდიოდნენ სამსახურებიდან.

მინდა პროპორციული საარჩევნო სისტემა ბუნებრივი ბარიერით 2020 წლის შემდეგაც.

ყველგან მეტი თავისუფლება მინდა, მაგრამ ამ სამისთვის ბრძოლა ჩემი მოვალეობა მგონია.

პარლამენტშიც ამის განსახორციელებლად შევალ.

რატომ მინდა?

ცხოვრებას არანაირი შინაარსი არ აქვს გარდა იმისა, რასაც შენ ჩადებ. შეგიძლია სრულიად უინტერესოდ და მდორედ განვლო ის და არც არანაირი განსაკუთრებული შინაარსი ჰქონდეს.

ადამიანთა დიდი ნაწილი ასე იქცევა.

სხვა  ვარიანტიც არსებობს, შენ თვითონ უსახავ შენს თავს შენი აზრით სწორ მიზნებს და როცა ასეთი მიზნებისთვის იბრძვი, უფრო მრავალფეროვანია ცხოვრება.

ის, რაც მე მინდა, უამრავი ადამიანის სიცოცხლეს და თავისუფლებას გადაარჩენს, რაც ჩემი ცხოვრების ხარისხზე, ავტომატურად დადებითად აისახება.

სწორი საქმის კეთებაში მონაწილეობა საკუთარი თავით კმაყოფილებას და თავდაჯერებას იწვევს.

თუ საინტერესო ცხოვრება გინდათ, ეს რაციონალური მიდგომაა.

რა მჭირდება

მჭირდება იმ ადამიანების ნდობა, ვისი წარმომადგენელიც რეალურად ვიქნები პარლამენტში.

ნდობის გამოხატვა პლატფორმაზე  ხდება სამი ფორმით:

  • პოლიტიკოსთა რეიტინგში მხარდაჭერა;
  • ფინანსური შემოწირულობა;
  • არჩევნებზე ხმის მიცემა.

მიზნის მისაღწევად სამივე მჭირდება.

არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ პარტიასთან არ უნდათ ურთიერთობა.

ასეთ ხალხთან პირადად ავიღებ ვალდებულებას.

ეს პირადი ანგარიშის ნომერია:
თიბისი : GE25TB7963245068100002
მიმღები: იაგო ხვიჩია

ძალიან მინდა ნდობა გამომიცხადოთ იმ საქმის საკეთებლად, რაც ძალიან მომწონს და მინდა ვაკეთო.

მაქვს თუ არა ქათული ბიზნესის იმედი

ქართულ ბიზნესს კარგად არ ვიცნობ, არ არის მარტივი სპეციალურად ჩაკეტილ საზოგადოებაში შესვლა.

ამ საქმეში გამოცდილ ხალხს ბევრჯერ უთქვამს რომ ბიზნესისგან პოლიტიკური ფულის მიღების შანსი არ არსებობს, თუ ბიძინამ არ დაავალაო. არ ვიცი ტყუილია თუ მართალი.

მე რომ ბიზნესმენი ვიყო და ქართველი პოლიტიკოსების დაფინანსება არ მინდოდეს, ეს შეიძლება ბუნებრივი ამბავიც კი იყოს და ბიძინა ნაკლებად იყოს შუაში.

საკუთარ თავზე, სხვა პოლიტიკოსებზე, უკეთესი წარმოდგენა მაქვს.

მგონია, რომ ქართულ ბიზნესსაც ძალიან ვჭირდები პარლამენტში და მათმა ნაწილმა ალბათ ეს იცის.

არ ვიცი როგორ არის სწორი ბიზნესთან ურთიერთობის დაწყება, სხვა სფეროა და ჯერ წარმატებით არ გამოგვდის, მაგრამ ერთი იდეა მაქვს.

გადავწყვიტე ჩემს ფავორიტ ათ სავაჭრო ნიშანს შევთავაზო  წარმომადგენლობა პარლამენტში.

ზუსტად ვიცი, ჩემზე უკეთ ვერავინ დაიცავს იმ ბრენდებს, რომელთა ყოველდღიური მომხმარებელიც ვარ.

ამას მალე საჯაროდ გავაკეთებ და იმედი მაქვს, დამთანხმდებიან.

P.S.  

ასეთია ჩემი თვალით დანახული გირჩის ისტორია. შეიძლება სხვისი თვალით სხვანაირად ჩანდეს, მაგრამ მე ვეცადე მაქსიმალურად გულწრფელი ვყოფილიყავი.

ბევრი  ამბავი და  ადამიანი ვერ მოხვდა ამ ბლოგში, ვეცადე მხოლოდ პოლიტიკურ ამბებზე მესაუბრა და მაქსიმალურად მოკლედ.

დანარჩენ ისტორიებს სხვა დროს მოვყვები.

 

პატივისცემით, 

იაგო ხვიჩია.

ჩემი თვალით დანახული გირჩის ისტორია - პირველი, მეორე, მესამე ნაწილები.

 

კომენტარები