სიახლეები

ნაწილი მეორე - გადატვირთვა

ვახო

ვახო თავისუფალ უნივერსიტეტში გავიცანი 2013 წელს, ნუცუბიძეზე.

ლექციაზე უნდა შევსულიყავი, ლაშა ჭოჭუამ მითხრა მოდი სიგარეტი მოვწიოთ, ძალიან საინტერესო კაცი მოვა აგრარული უნივერსიტეტიდან და უნდა გაგაცნოო.

ლაშა იშვიათად ამბობს ვინმეზე ეგეთ რამეს.

დავრჩი.

რატომღაც საუბარი ჩამოვარდა იმაზე ქრისტე მემარჯვენე იყო თუ მემარცხენე და ვახოს თვალი არ დაუხამხამებია, ისე გამოაცხადა, რა თქმა უნდა მემარჯვენეო.

არ ვეთანხმებით, ვეუბნებით, აქლემი უფრო შეძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე დამპალი კაპიტალისტები სამოთხეში და ა.შ. ხო იცით, რამდენი არგუმენტი შეიძლება იყოს ქრისტეს მემარცხენეობაზე.

ვახომ იგივე თავდაჯერებით მოგვიგო, რომ იმ პერიოდში მონათმფლობელური წყობა იყო, სიმდიდრის მოპოვების პატიოსანი გზა არ არსებობდა და მაგ დროს სიმდიდრეს ვერ გააპრავებდიო.

სულელად კი არ მიმაჩნია ქრისტეო.

ასე გავიცანი ვახო, ეს არგუმენტიც სულ მახსოვს.

თავისუფალ უნივერსიტეტში ვხვდებოდით ხოლმე, მერე ნიუტონის სკოლა გააკეთა და ნაკლებად ვხვდებოდით, მხოლოდ საპროტესტო აქციებზე.

ვახოს სულ პატივს ვცემდი.

2015 -ში, პალიკოს როცა ვკითხე ვინ მოდის კიდე პოლიტიკაში მე რო დაგთანხმდეთქო, რაც ზუსტად ვიცი, ვახო მეგრელიშვილიო მითხრა.

ძალიან გამიხარდა, მაშინ ბევრი არ იცნობდა ვახოს. მე ვიცნობდი და ამ ფაქტმა ძალიან გამიადვილა გადაწყვეტილების მიღება.

2016 წელს დავმეგობრდით, საუკეთესო მასწავლებელია ვინც ცხოვრებაში შემხვედრია.

ნიუტონის სკოლა მიატოვა გირჩის საკეთებლად.

ქვეყნის მოგება უნდა და პირველი დღიდან ეს უნდოდა.

მონობაში მყოფი ხალხის გათავისუფლებაზე კაიფობს. 

დანარჩენს სხვა დროს მოვყვები.

გადატვირთვა

კოალიციიდან წამოსვლის შემდეგ, ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდით, ყველაფერი გაურკვეველი იყო.

რაც მთავარია ფული არ იყო და უცნაურ კოალიციაში გაერთიანების შემდეგ, რეპუტაციაშიც პრობლემა გვქონდა.

მაშინ დაშლაზეც ვიფიქრეთ, მაგრამ არ დავიშალეთ.

 ჩემი აზრით, წაგებული წასვლა გაგვიტყდა.

თუ გადარჩენა გვინდოდა სასწრაფოდ რამე უნდა გვექნა.

რეგიონული ოფისები და კოორდინატორები სასწრაფოდ ჩავიხსენით, პალიკო, გოგა და გოგი მელაძე პოლიტიკიდან წავიდნენ. დაპირებისამებრ.

გოგა გირჩში დარჩა მაგრამ საჯარო პოლიტიკაზე უარი თქვა.

პალიკო ამის მერეც დიდი ხანი გვეხმარებოდა, მაგრამ გირჩიდან და საჯარო პოლიტიკიდან წავიდა.

ვხვდებოდი, უფრო მეტის აღება მომიწევდა საკუთარ თავზე, რადგან ძალიან ცოტანი დავრჩით და მეტი მომეთხოვებოდა.

 ვახო ძალიან მეხმარებოდა და მაჩქარებდა თავდაჯერება მომმატებოდა.

ფსონი დადო ჩემზე.

ჯაფარას ისეთი ფუნქცია დაეკისრა, რისი კეთებაც  არ ევასება, პარტიის ლიდერობა.

ამ პერიოდიდან ორი რამე მახსოვს.

ერთი, ვახოს გადაცემა ,,მძიმე კაცთან“.

ვახო გადაცემიდან ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა, თქვა რომ ახალი კონცეფცია რაზეც ოფისში ვსაუბრობდით ფრაგმენტულად, გადაცემაში სრულყოფილად წარმოიდგინა და ჩამოაყალიბა.

კოვზირას მადლობელი იყო, საუბრის საშუალება მომცაო.

გვთხოვა გვენახა.

დღევანდელი გირჩის კონტურები მანდ ჩანს პირველად.

მეორე გოგას იდეა იყო - დათესვა.

გაბრაზებული იყო მოსაწევზე არ დაჭერის კანონი რო ჩაუგდეს და გამწარებულმა თქვა, მკიდია, საჯაროდ დავთესავო.

გირჩი ასეთ იდეებს ხელიდან არ უშვებს.

ყველამ ერთად გამოვაცხადეთ პირველი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, ქვეყნის ისტორიაში.

2016 წლის 16 ნოემბერი

2 თვეში ან კანონი უნდა შეეცვალათ ან უნდა დავეჭირეთ.

მე გადავწყვიტე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის არსის ახსნა დამეწყო ხალხისთვის, გიჟები რომ არ ვგონებოდით.

ჯაფარა მთავარი სპიკერი იყო და ცდილობდა პოლიტიკაში დავებრუნებინეთ, არჩევნების წინ განცდილი კატასტროფის შემდეგ.

ჯაფარა

ჯაფარა პირველად 2012 წლის საარჩევნო კამპანიისას შევამჩნიე, ნაცებს აპრავებდა და ნერვებს მიშლიდა, მაგრამ დეპუტატი რო ხდებოდა მიხაროდა, იშვიათთაგანი იყო ვისაც მაგ სიაში ჭკუა მოეკითხებოდა.

ტაბულაში მისი ყველა ბლოგი წაკითხული მქონდა, იმ პერიოდისთვის უჩვეულოდ გულწრფელი იყო.

სულ ვგულშემატკივრობდი, მაგრამ პირადად გირჩში გავიცანი და ძალიან მიხარია რომ თანამებრძოლები ვართ.

ბურჭუსთან კბილებით დამიცვა, თუ სიიდან ამომიღებდნენ, მაგიდის ამოყირავებით დაიმუქრა.

ცოტა სხვა ფორმით, მაგრამ მაინც ეგ მოხდა საბოლოოდ.

მანამდე კი ვახოს თავისი ადგილი დაუთმო გამსვლელ სიაში.

რაც ვიცნობ არასოდეს მიგრძვნია, რომ რამის შეშინებოდა, რასაც ფიქრობს იმას ამბობს საოცრად ეფექტურად. ძალიან ნიჭიერია.

რაც უფრო სარისკოა რამის თქმა ან გაკეთება, იმას აკეთებს.

ზუსტად ვიცი, რომ  მართალი იქნება ისტორიასთან. მის მტრებს შანსი არ აქვთ.

მე და ჯაფარა ალბათ ყველაზე მეტად შევიცვალეთ ამ წლების განმავლობაში.

საკმაოდ გვიან დავმეგობრდით, თითქმის ახლახან.

­­

დაუმორჩილებლობის აქტი

ახალი წლის ღამისთვის მაქსიმალურად ვემზადებოდით, ახალ ოფისში გადასვლა ამ დღეს დაუმორჩილებლობის აქტით დავგეგმეთ, მედიამ ძალიან აიტაცა დათესვის თემა.

რამდენიმეწლიანი ციხე გვემუქრებოდა, ამიტომ ისე უნდა გაგვეკეთებინა, რომ ჩვენი დაჭერა თავში აზრად არ მოსვლოდათ, უხერხული ყოფილიყო.

სხვა დრო იყო, ხალხს ერთ ჩაყრა მოსაწევზე იჭერდნენ, ჩვენ ვთესავდით.

კამპანია დავიწყეთ, დაუმორჩილებლობის აქტის შინაარსი კარგად ავხსენით, საზოგადოებრივი აზრი ჩვენკენ იყო, მედია სეირს ელოდებოდა და თან ახალი წელი იყო.

არ შეგვშინებია რომ დაგვიჭერდნენ, მაგრამ არ გამოვრიცხავდით და ამიტომ არავისთვის მიგვიცია გარანტია, ყველა თავისი რისკით თესავდა.

1500- ზე მეტმა ადამიანმა დაადასტურა მონაწილეობა.

თესლების რაოდენობა გვეყოფოდა თუ არა არ ვიცოდით, მაგრამ ბოლო მომენტში დათო ტაბატაძემ, საიდანღაც ქილა გააძრო თესლებით სავსე, ყველა კარგია თუ არა არ ვიცი ოღონდო.

იმ დღეს 77-მა კაცმა დათესა და ნერგს თავისი სახელი მიაწერა, კიდევ შვიდმა ადამიანმა, მოგვიანებით ოფისში საჯაროდ გააკეთა ეს, რადგან იმ დღეს ვერ მოახერხეს მოსვლა.

სულ 84-მა კაცმა დავთესეთ.

31 დეკმებერი, 2016 წ. კანაფის დათესვა
კანაფის ნერგები

არ დაგვიჭირეს.

მას  მერე ფაქტობრივად არავინ დაუჭერიათ ამაზე.

დათესვის აქტმა, რომელსაც წინ წიქარიშვილის საქმე უძღოდა, მოსაწევის თემა გადატეხა. ჯერ ისევ აკავებდნენ, მაგრამ ყველა დაკავება მოსაწევზე პრობლემური ხდებოდა და პოლიციას საბოლოოდ გამოშვება უწევდა.

2017 წელი

ფინანსური კრიზისების, შიდა დაძაბულობების და გირჩიდან  ბევრი ადამიანის წასვლის მიუხედავად, ამ წელს შეიქმნა ბიბლიური თავისუფლება .

ამ წელს მოხდა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია და გირჩმაც ამ წელს მიიღო თავისი გამოკვეთილი სახე.

მერიის არჩევნებში ვერ მივიღეთ მონაწილეობა, არჩევნებისთვის საჭირო ხელმოწერები საჯაროდ გავაყალბეთ, მაგრამ რომელიღაც გრაფა შეგვივსია თურმე არასწორად და არ ჩაგვითვალეს, 2 დღეში გამოასწორეთო, დაგვეზარა.

ახლა რო ვფიქრობ, მოტივაცია არ გვქონდა, 25 ათასი ელექტრონული ხელმოწერა ვერ შევაგროვეთ და გაგვიტყდა.

ცესკოსთვის ხელმოწერების ჩაბარება
ხელმოწერების მიტანა ფაეტონით

მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდით.

წლის ბოლოს გოგამ დაგვტოვა. ფინანსური კრიზისიც ვერ დავძლიეთ, მაგრამ მაინც კარგი წელი იყო, მიღწეული პოლიტიკური შედეგების  თვალსაზრისით.

ჯარიდან ახალგაზრდებს  ვტოვებდით და კანაფის მოხმარება დეკრიმინალიზებული იყო.

გოგას წასვლის მერე გირჩის სტილი შეიცვალა.  ყველამ ვიცოდით რომ გოგას ჩანაცვლება შეუძლებელი იყო და არც გვიცდია.

ბიბლიური თავისუფლება

ვახოს იდეაა, კანონში იპოვა რომ რელიგიური ორგანიზაციები ჯარისგან ათავისუფლებდნენ და მკითხა, რელიგიური ორგანიზაცია როგორ დავარეგისტრიროთო.

ნიკა ობოლაძე, ჯგერე და აჩო ხაჩიძე ავირჩიეთ სასულიერო პირებად და შევიტანეთ სარეგისტრაციოდ.

რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაციისთვის ორიდან ერთ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდე, ქვეყნისთვის ტრადიციული რელიგია უნდა იყო ან ევროსაბჭოს მიერ უნდა იყოს აღიარებული როგორც რელიგია.

ჯერ უნვერსალური სიცოცხლის რელიგიის რეგისტრაცია ვცადეთ. 20 მილიონამდე წევრი ჰყავს მსოფლიოში.

დაგვიხარვეზეს.

მერე ტრადიციული გზით წავედით და არმაზის კულტის რეგისტრაცია ვცადეთ.

გვითხრეს ეგ კი არის ტრადიციული, მაგრამ მოქმედი არ არის, მრევლი არ ჰყავსო, აბა ჩვენ ვინ ვართო ვუთხარით, მარა არ გამოვიდა, სასამართლოში უნდა გვეჩივლა.

სასამართლოში ჩივილს აზრი არ ჰქონდა, არასოდეს არ დამთავრდებოდა, ამიტომ ხარვეზი გამოვასწორეთ და საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება დავაფუძნეთ.

პირველ პატრიარქად მღვდელმსახურთა კრებამ ნიკა ობოლაძე გამოარჩია.

ნიკა ობოლაძე - ბიბლიური თავისუფლების პირველი პატრიარქი, 2017-2019 წ.

ჯერ ერთი მოხალისე ვიპოვეთ და იმას შევატანინეთ ჩვენი მოწმობა სავალდებულო სამხედროს სამსახურის გადასავადებლად - იმუშავა.

დღეს ბიბლიურ თავისუფლებას 20 ათასზე მეტი ახალგაზრდა ჰყავს გათავისუფლებული სავალდებულო სამხედრო მონობისგან.

მათგან 5% -საც კი არ დაუჭერია მხარი არჩევნებზე.

ზოგადად ბიბლიურმა თავისუფლებამ დაგვანახა, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს საერთოდ არ ესმის რა ქვეყანაში ცხოვრობენ და რა ხდება მათ თავს.

თავიდან თითქმის უსასყიდლოდ ვეხმარებოდით ხალხს, მერე 50 ლარად, სახელმწიფოზე 40 -ჯერ იაფად.

ძალიან დაგვეხმარა ბიბლიური თავისუფლება. ჩვენც და ძალიან ბევრ ახალგაზრდასაც.

ლეგალიზაცია

ლეგალიზაციის პროცესი სასამართლო დარბაზში მე და დათო ზედელაშვილმა ერთად მოვიგეთ.

ისე გირჩმა მოიგო.

რომ არა გირჩი, სასამართლო იმას არ იტყოდა რაც თქვა.

სულ გვჯეროდა რომ მოვიგებდით.

პირველი სარჩელი 2016 წლის აპრილში შევიტანეთ, გოგას და პალიკოს რჩევით, მაგრამ სიტუაცია დათესვის მერე გადატყდა.

ამბობდნენ, ბიძინას უნდოდა და იმიტომ მოიგესო, მე ეს არ ვიცი, არასოდეს მისაუბრია ბიძინასთან. ასეც რომ იყოს ჩემთვის არაფერს ცვლის, არც არასოდეს ცვლიდა.

ყველა სასამართლო პროცესი მაგარი იყო, 300 პროცესზე მაინც ვიქნები ნამყოფი, მაგრამ მაშინ პირველად შევიგრძენი რას ნიშნავდა სასამართლოში ყოფნა.

რა ჭორი და ინფორმაცია არ მქონდა მოსმენილი თითოეულ მოსამართლეზე, შეუძლებელი იყო წინასწარ რამის პროგნოზირება.

მჯერა - თუ პროცესის მოგება გინდა, მოსამართლეს პატივი გულწრფელად უნდა სცე.

მთელი გირჩი ვასხივებდით საკონსტიტუციო სასამართლოს პატივისცემას.

საბოლოოდ ყველა მოსამართლე ჩვენკენ იყო, ორივე პროცესში.

ორივე გადაწყვეტილება ერთხმად მოვიგეთ. მე ყველა მოსამართლის მადლობელი ვარ.

მთავარი დეკრიმინალიზაცია იყო, მთავარი სათქმელიც იქ ითქვა.

,,სასჯელის დაწესება იმ მიზნით რომ პირმა არ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან“.

არ არის პატარა ნათქვამი საქართველოსთვის.

სხვა საინტერესო რაღაცეებიც ითქვა.

ეს გადაწყვეტილება ლეგალიზაციასაც ნიშნავდა.

მაგრამ კანონმდებლებმა ვერ გაიგეს.

მეორე სარჩელი მალევე შევიტანეთ, ჯაფარა და ვახო იყვნენ მოსარჩელეები, ძალიან მინდოდა მათი გვარები დარქმეოდა ლეგალიზაციის საქმეს, ერთგვარი საჩუქარი იყო ჩემგან.

ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ

შეუძლებელი იყო ლეგალიზაცია ვერ წამოგვეღო, ყველაფერი ნათქვამი იყო შანიძის საქმეში.

თითქმის იგივე გაიმეორა სასამართლომ.

ერთი თვით ადრე ბერამ იმღერა ლეგალიზებაზე, კარგი სიმღერა იყო, არ ვიცი გავლენა მოახდინა თუ არა სასამართლოზე, მაგრამ  სიმღერა  კარგი იყო, სწორი მესიჯებით.

მაგრამ მაინც ვერ გაიგეს.

აღმოჩნდა, რომ საპატრიარქოს ლოცვა კურთხევა არ ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს.

ჩვენს მიერ ლეგალიზებული კანაფის ფესტივალზე დაგვიჭირეს.

მარიხუანას ლეგალიზაციის ფესტივალი, 20 ოქტომბერი, 2018 წ.
ლეგალიზაციის ფესტივალი. ჯოინთების დარიგება

,,სიმართლე სამართალზე“

დეკრიმინალიზაციის მერე, იურისპრუდენციაზე გული ამიცრუვდა. ვახომ მირჩია მომეყოლა თუ რა ხდებოდა ქართულ სასამართლოში ისეთი, რამაც ხელი ჩამაქნევინა.

დაახლოებით, ორი - სამი თვე დამჭირდა გასული წლის გაზაფხულზე თავი მომეყარა და მომეყოლა რასაც ვფიქრობდი ქართულ სამართლის სისტემაზე.

არ მინდოდა რამე გამომრჩენოდა, ამიტომ კუსტარულ პრომტერზე მომიწია მუშაობა და ცოტა ბუნებრიობა აკლია, მაგრამ რისი თქმაც მინდოდა ვთქვი.

სასამართლოზე, პროკურატურაზე, ბიუროკრატიაზე და ადვოკატურაზე.

ამ ვიდეოში საჯარო მოსამსახურეების მიმართ შეთავაზება მქონდა, 3 წლის განმავლობაში ვუხდით ხელფასს, იმ პირობით რომ არასოდეს იმუშავებენ სახელმწიფო სამსახურში.

კერძო სექტორში თავის პოვნაში უნდა დავეხმაროთ ამ ხალხს.

ბიუროკრატიის უმტკივნეულოდ შემცირების გეგმა გვაქვს ასეთი გირჩს.

მაშინ არ დაგვიჯერეს, მაგრამ მე ვოცნებობ ამ ოცნების ასრულებაზე და უარის თქმა ოცნებაზე არ მიყვარს.

აუცილებლად შევთავაზებთ ოდესმე ბიუროკრატიას, 3 წლის ხელფასს, ოღონდ თავი დაგვანებონ და თავისუფლად სუნთქვის საშუალება მოგვცენ.

ამ ვიდეოების გამოსვლის მერე ჩემი პირველივე მისვლა სასამართლოში პატიმრობით დასრულდა.

სისტემამ 10 დღით გაგვამწესა ციხეში მე და ვახო.

პოლიციასთან ურთიერთობა

2018 წლის 2 მაისს ქუჩიდან ყვირილი შემოგვესმა, ვიღაც საშველად გვიხმობდა.

გუდვილის წინ, ქავთარაძეზე, მეორე სართულზე გვქონდა ოფისი, ფანჯარასთან მივცვივდით, რამდენიმე ადამიანი ცდილობდა ერთი კაცის წაქცევას, ეს უკანასკნელი, განწირული ხმით ყვიროდა და ჩვენგან ითხოვდა შველას.

მე, ვახო, ნიკა ობოლაძე, ჯგერე და ოფისის სხვა თანამშრომლები სწრაფად ჩავედით სიტუაციის გასარკვევად.

პოლიციელები იყვნენ, ამბობდნენ ადამიანს ვაკავებთ,  მოსაშარდად უნდა გადავიყვანოთო.

აღმოჩნდა, რომ ვისაც აკავებდნენ გვიცნობდა, ჯაფარას ნათესავი იყო და რამდენჯერმე იყო ოფისში ნამყოფი.

მოსაშარდად სიარული, დეკრიმინალიზაციის მერე დამთავრებლი იყო, არავისზე გაგვეგო რომ ძალით აშარდინებდნენ.

პოლიციელებს ეს ავუხსენით და ვუთხარით რომ ადამიანის დაკავების საფუძველი არ ჰქონდათ.

არ აინტერესებდათ, ნებისმიერ შემთხვევაში დაჭერა უნდოდათ.

ნიკა ობოლაძემ, ოფისში მდგარი, საერთო საკუთრების კანაფის ჩითილი ჩამოიტანა.

ბოლოს მოვილაპარაკეთ რომ არ დაიჭერდნენ, განყოფილებაში გადაიყვანდნენ და გამოუშვებდნენ.

ჩვენც გავყევით, კანაფის ჩითილი თან წავიღეთ, ყველას ეჭირა ხელში და სელფებს იღებდნენ.

ბოლოს ნიკა ჩითილიანად შეათრიეს პოლიციაში, წაართვეს და საბოლოოდ 500 ლარით დააჯარიმეს.

უცბად, მე და ვახოს გვითხრეს შევსულიყავით განყოფილებაში.

შევედით, პოლიცია გვებლატავებოდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.

ცოტა ხანში დაგვაკავეს. ის ღამე იზოლატორში გავატარეთ.

ამ დროს გავიცანი ქართული პოლიცია.

პოლიციელებიც შემეცოდა და ადამიანებიც მათ ხელში.

ადამიანთა დიდმა ნაწილმა, რომ იცოდეს რა ხდება პოლიციაში, ჩემი აზრით მშვიდად ვერ დაიძინებდნენ.

მე ვიცი და ყველაფერს გავაკეთებ, პოლიციელთა  დასახსნელად.

საჯარო მოხელეთა იერარქიაში პოლიციელი ყველაზე ბოლოს დგას, მათ არაფრის უფლება არ აქვთ.

100 % -ით სისტემის ბრძანებებს ემორჩილებიან.

საკუთარი ოჯახის წევრის წინააღმდეგ უნდა მისცეს ცრუ ჩვენება, თუ სისტემამ დაავალა, ასეთი წესრიგია იქ.

მე და ვახო რომ დავეჭირეთ ექვსმა პოლიციელმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ცრუ ჩვენებები მისცეს.

მურუსიძის სასამართლომ ვერ გვითხრა, რომელი წუთიდან რომელ წუთამდე ჩავიდინეთ სამართალდარღვევა, მაშინ როცა, მთელი პროცესი ვიდეოზე იყო აღბეჭდილი.

მე და ვახო 10 დღით დაგვაპატიმრეს, ჯაფარას 2500 ლარი დაეკისრა ჯარიმა.

არ გადაუხდია, არც ჩვენ გაგვისაჩივრებია პატიმრობა, უარი ვთქვით, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს ცნობაზე.

აქუმ, ნანუკამ და ინგამ სოლიდარობა გამოგვიცხადა საჯაროდ, კიდევ რამდენიმე ადამიანმა მედიიდან, რამდენიმე პოლიტიკოსმა, კოტე იოსელიანი ჩვენი დაკავების საპროტესტო აქციაზეც ყოფილა, როცა გამოვედი მერე გავიგე და ყველას მადლობა გადავუხადე.

ძაან მევასება ის ხალხი, ვინც ჩვენი დაჭერა საჯაროდ გააპროტესტა, ბევრს ამბობს ეს ადამიანზე.

ადვოკატებმა და ენჯეოებმა დუმილი ამჯობინეს, ხმა არ ამოუღიათ (საიას გარდა), ხმა არ ამოუღია სახალხო დამცველსაც.

პოლიტიკოსის გამო, სისტემის გაკრიტიკება არაა მარტივი ამ ქვეყანაში.

საპყრობილე 

რა უნდა მოვყვე არ ვიცი, მაგრამ ციხემ შემცვალა.

იმდენად საძაგელი რამეა, ფიზიკურად მოძალადის გარდა იქ არავინ არ უნდა იჯდეს.

ქართულ სასამართლოს ციხის მნიშვნელობა არ ესმის.

მე და ვახო ერთ საკანში ვიჯექით, მაგრამ ცოტას ვსაუბრობდით ძირითადად ვკითხულობდით და წაკითხულზე ვუზიარებდით აზრებს ერთმანეთს.

ციხეში, პოლიტიკური და არქიტექტურულ-საინჟინრო ლიტერატურის წაკითხვა აკრძალულია. საინჟინრო იმიტომ, რომ ციხიდან არ გაიქცეს პატიმარი.

პოლიტიკური კი იმიტომ, რომ საბჭოთა ქვეყანა ვართ, პოლიტიკის გვეშინია და ციხეში ცენზურას ვაწესებთ.

ყველა წიგნი რასაც ჩვენ ვკითხულობდით პოლიტიკური იყო.

ჩემი აზრით, ყველა აზრიანი წიგნი პოლიტიკურია, მნიშვნელობა არ აქვს მხატვრული ტექსტია თუ დოკუმენტური.

ამას გარდა ციხეში ათასი სულელური წესია, სისტემამ ისინი იმიტომ მოიგონა, რომ პატიმარი ფსიქოლოგიურად გატეხოს და დაამციროს, მაგალითად ყოველ დილით გაღვიძებენ და ოთახს ჩხრიკავენ, იმის გამოსარიცხად გვირაბს ხო არ თხრი.

ვახომ ყოველდღიურ გასეირნებაზეც უარი თქვა, ვოლიერში ვერ ვივლიო. მე ყოველ დღე ერთი საათი ბოლთას ვცემდი ასი კვადრატული მეტრის ვოლიერში.

პატიმრობის ბოლო დღე იყო, ცხრა საათზე უნდა გამოვეშვით, ვოლიერში ბოლთის ცემის მერე მისაღები უნდა გაგევლო, მისაღებიდან ერთ ერთ ოთახში ჩართული ტელევიზორი ჩანდა,  რუსთავი 2 იყო ჩართული.

თვალი მოვკარი, ბაია პატარაია გამოდიოდა სიტყვით, პირდაპირი ეთერი ეწერა და რუსთაველი გადაკეტილი იყო.

საკანში შევედი და ვახოს ვეუბნები ნანახს.

ვახოს სერიოზულად არც მიუღია, ჩანაწერი იქნებოდაო თქვა.

მე 9:20 სთ გამომიშვეს, ვახო 20 წუთის მერე, ერთად ვერ გამოგიშვებთ, ვახოს დაკავება, შენზე 20 წუთით გვიან წერია ოქმშიო.

გარეთ რო გამოვედი ბევრი ჟურნალისტი და მხარდამჭერი დაგვხვდა, ჩემი აზრი აინტერესებდათ ბასიანის დარბევაზე.

წინა 10 დღე ციხეში ვიჯექი, ციხეში კი ინფორმაცია არ შემოდის.

იქ სისტემას ყველანაირი თავისუფლება მიაქვს.

იქ მონა ხარ და არაფრით არ განსხვავდები ძველ რომში მცხოვრები კოლეგისგან.

ციხიდან გაქცევის მცდელობა არ უნდა ისჯებოდეს.

ეს ადამიანის უფლებაა, ესწრაფვოდეს მეტ თავისუფლებას.

ციხეში პატივისცემით გვექცეოდნენ, მაგრამ ეგ მონობის შინაარსს არ ცვლიდა.

გამოსვლისთანავე, ინგამ რეაქციის ეთერში ჩამრთო, მიკროფონს რო მამაგრებდნენ მაშინ მითხრა ჯაფარამ, რაც ხდებოდა ქვეყანაში და ისიც, რომ თურმე წინა დღით თვითონაც დაჭერილი იყო.

2018 წლის 12 მაისს გამოვედით.

30 ივლისს ლეგალიზაციის გადაწყვეტილება გამოცხადდა და გაბრაზებამ ცოტა გადამიარა.

 

მეორე ნაწილის დასასრული.

ჩემი თვალით დანახული გირჩის ისტორია - პირველი ნაწილი

კომენტარები