სიახლეები

გირჩს საუბარი რომ შეეძლოს - დათო წურწუმია

გირჩს საუბარი რომ შეეძლოს, ალბათ ასე მოგვმართავდა ბაბლს:

მე ვარ გირჩი!

ჩემი ძირითადი მიზაინია რაც შეიძლება მეტი თავისუფლების მოპოვება ჩემთვის და გარშემომყოფთათვის.

თავისუფლებისთვის ვარსებობ და მის გარეშე ვერ ვიარსებებ, მშია და მწყურია თავისუფლება. ვცდილობ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მოვიპოვო.

ამ მიზნის მისაღწევად ვმოქმედებ ჩემი შინაგანი რწმენის, მორალურობისა და პრაგმატულობის გათვალისწინებით.

ყველა მეთოდს მივმართავ მეტი თავისუფლების მისაღებად. ძირითადი მეთოდებია ბრძოლა, ადამიანებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და ვაჭრობა. ვებრძვი ყველას და ვვაჭრობ ყველასთან, თუ ჩემი რწმენა მკარნახობს იმას, რომ ეს მიზნის მიღწევაში დამეხმარება.

არსებობა მიწევს ისეთ გარემოში, სადაც ფაქტიურად თანამოაზრე არ მყავს, არავის არ აინტერეესებს მეტი თავისუფლება, პირიქით, ნაკლები თავისუფლებისკენ მიილტვის ყველა. ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი ინტერესები და მიზნები: ძალაუფლების ხელში ჩაგდება, დაფინანსების მოპოვება, შურისძიება და ა.შ.

მეტი თავისუფლების მოპოვების მიზნით ყველასთან ვცდილობ საერთო ენის გამონახვას, ვევაჭრები ყველას, განურჩევლად ყველაფრისა, ვცდილობ იმ ნამუსზე ავაგდო, რომელიც სავარაუდოდ მცირედით მაინც აქვთ, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება წამოვიღო ყველასგან.

ქვეყანაში არსებობს ძალადობრივი სისტემა, რომელსაც თავის სასარგებლოდ იყენებს ორი მთავარი ძალა. ამ სისტემის საშუალებით, ერთ-ერთი მათგანი ეუფლება სრულ ძალაუფლებას, რის შემდეგაც ჩაგრავს მეორეს, ქვეყანაში არსებულ ყველა ინსტიტუტს, მათ შორის სასამართლოს იყენებს პოლიტიკური ოპონენტის დასასჯელად და პოზიციების გასამყარებლად.

შემდეგ ამ ძალას ენაცვლება მეორე ძლიერი ძალა, რომელიც სისტემის მეშვეობით აგრძელებს იგივეს.

ასევე არსებობენ პატარა ძალები, რომლებსაც დამოუკიდებლად წარმატების მიღწევის უნარი არ აქვთ და ეტმასნებიან ერთ-ერთ ძლიერ ძალას, იმის მიხედვით თუ რომელთან მიიღებენ უფრო მეტ სარგებელს.

მე ვხედავ, რომ ამათ მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებთ, ვხედავ, რომ ამათ ხელში ამ ყველაფერს დასასრული არ აქვს. ვხედავ, რომ ამ პროცესში მეტი თავისუფლების მიღწევა შეუძლებელია.

ჩემთვის აქ ყველა ერთნაირია, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ძალა იქნება მმართველი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ სად იქნება, სანამ ეს სისტემა იარსებებს ეს პროცესი გაგრძელდება და თავისუფლების ხარისხის ამაღლება შეუძლებელი იქნება.

გადავწყვიტე ამ გიჟებს ეს სისტემა გამოვაცალო, რათა ეს ყველაფერი დავასრულო. შევეცადე ხელისუფლებაში მყოფ გიჟებთან გამომენახა საერთო ენა, მაგრამ არ დამელაპარაკნენ.

შემდეგ მივედი ოპოზიციაში მყოფ გიჟებთან, დავპირდი, რომ კოალიციას შევუქმნიდი, თუ ხელს მოაწერდნენ სისტემის დანგრევის მიზნით ჩემს მიერ შედგენილ დოკუმენტებს და საჯაროდ პირობა დავადებინე, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეასრულებდნენ შეთანხმებას, რომელიც დროთა განმავლობაში უზრუნველყოფდა სისტემის დაშლას.

შემდეგ იყო არჩევნები, რომელშიც არსებობის მანძილზე პირველად მივიღე მონაწილეობა დამოუკიდებლად და მოვიპოვე 4 გარანტირებული მანდატი და მე-5 ის მოპოვების რეალური შანსი.

ხელისუფლებამ არასწორად დათვალა ხმები და შეეცადა მე-5 მანდატის მოპოვების შანსი წაერთვა ჩემთვის. მე შევაგროვე შესაბამისი მტკიცებულებები, გავასაჩივრე შედეგები და ისევ დავიბრუნე მე-5 მანდატის მოპოვების შანსი.

მე არჩევნების შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან საბოლოო ჯამში იმდენი მანდატი მივიღე, რამდენიც ხმების პროპორციულად მეკუთვნოდა. ყოველ შემთხვევაში საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები არ მქონდა, ამიტომ მზად ვიყავი მიმეღო შედეგები და ბრძოლა გამეგრძელებინა მეორე ტურში, კიდევ ერთი მანდატის მოსაპოვებლად.

ამასობაში აგორდა პროტესტი. ოპოზიციაში მყოფი გიჟები ამბობენ, რომ მათ ხმები მოპარეს და ამას დაამტკიცებენ. მე ეს მჯერა, რადგან მეც მომპარეს ხმები, რომელიც შემდეგ დავიბრუნე, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შედეგად, ამიტომ მხარს ვუჭერ პროტესტს და ველოდები, რომ ისინი დადებენ შესაბამის მტკიცებულებებს და დაიბრუნებენ მოპარულ ხმებს.

შევუერთდი პროტესტს და ვაკვირდები პროცესებს.

ოპოზიციაში მყოფმა გიჟებმა, რომელებსაც აქვთ უდიდესი გამოცდილება და რესურსები, საჩივრები შეიტანეს არაუფლებამოსილი პირების მეშვეობით, ანუ დაუშვეს ისეთი იურიდიული შეცდომა, რომელიც გამორიცხავდა საჩივრების განხილვას.

შემდეგ აღმოჩნდა, რომ არასწორად შედგენილ ოქმებს, რომელთა მიხედვითაც ოპოზიციის მტკიცებით, მოხდა ხმების მოპარვა, ხელს აწერდნენ თავად ოპოზიციის ოფიციალური წარმომადგენლები, ანუ ის ოფიციალური შედეგი, რომელსაც ოპოზიცია აპროტესტებს, დაიდო ოპოზიციის და პოზიციის წარმომადგენლების მიერ, ერთობლივი გადაწყვეტილებით.

ოპოზიიციის ნაწილმა შეიტანა ასევე გამართული საჩივრებიც, რომლებიც ხელისუფლების გიჟებმა სათანადოდ არ განიხილეს.

ოპოზიცია აყენებს ულტიმატუმებს და ითხოვს სამი პირობის შესრულებას: 1) რიგგარეშე არჩევნები ან რეფერენდუმი; 2)პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება; 3)საარჩევნო სისტემის რეფორმა.

ხელისუფლება პირველ ორ პირობას კატეგორიულად უარყოფს, მესამეზე მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამს.

მეგობარი ქვეყნების ელჩები მხარეებს მოუწოდებენ შერიგებისკენ, პოზიციას ულოცავენ გამარჯვებას, ოპოზიციას ურჩევენ შევიდნენ პარლამენტში. ოპოზიცია ამაზე ღიზიანდება და აგინებს ელჩებს.

მოკლედ ვხედავ, რომ საგიჟეთი აიწია, არც ერთი მხარე არ თმობს პოზიციებს და შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი.

გადავწყვიტე ეს კრიზისი გამომეყენებინა მეტი თავისუფლების მოსაპოვებლად.

საჯაროდ გამოვაცხადე, რომ ჩემთვის პრიორიტეტია უბარიერო, პროპორციული არჩევნების მიღწევა, რომელიც მოსპობს ერთპიროვნულად ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესაძლებლოას.

მივედი ოპოზიციის გიჟებთან და ვეუბნები, რომ თუ ისინი მეოთხე მოთხოვნად დაამატებენ ჩემს მოთხოვნას და თავიანთ მოთხოვნებთან ერთად ყოველთვის საჯაროდ ილაპარაკებენ, მეც ასე მოვიქცევი, ჩემს მოთხოვნასთან ერთად საჯაროდ გავაჟღერებ მათ მოთხოვნებს და ვიქნები ბოიკოტის რეჟიმში. ამრიგად მე შევუერთდი ბოიკოტს, არა იმიტომ, რომ რაიმე სახის ვალდებულება მქონდა ვინმეს წინაშე, არამედ იმიტომ, რომ პრაგმატული თვალსაზრისით, ჩემი მიზნის მისაღწევად მივიჩნიე საჭიროდ.

მე ჩემს პირობას პირნათლად ვასრულებ, ვარ სრული ბოიკოტის რეჟიმში (არ ვიღებ დაფინანსებას და ხელფასს, არ ვსარგებლობ არანაირი უპირატესობით და საჯაროდ ვაცხადებ, რომ არ მივიღებ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში) და ჩემს მთავარ მოთხოვნასთან ერთად ვაჟღერებ მათ მოთხოვნებს.

იმათმა კი გადამაგდეს და ჩემს მთავარ მოთხოვნას საერთოდ არ აჟღერებენ, თან არიან არა სრულ ბოიკოტში, არამედ ნაწილობრივში, იღებენ დაფინანსებას, ზოგ შემთხვევაში ხელფასებსაც, აპირებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და აწყობენ უნიჭო სპექტაკლებს.

ისინი ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტულია მხოლოდ ის, რაც წითელი ხაზია მეორე მხარის გიჟებისთვის, ესენია რიგგარეშე არჩევნები (ან რეფერენდუმი) და პოლიტიკური პატიმრები.

ხელისუფლების გიჟებმა გამოუშვეს პოლიტიკური პატიმრების ნაწილი, მაგრამ სავაჭროდ დატოვეს ერთი პატიმარი.

მე ვხედავ, რომ ყველანი ერთად აღმოვჩნდით ჩიხში, რაც ჩემი მიზნის მიღწევას ხელს უშლის, ამიტომ ოპოზიციას შევთავაზე, რომ რეფერენდუმის ჩატარების ნაცვლად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამოგვეყენებინა რეფერენდუმად და ეს მოგვეთხოვა ერთობლივად ხელისუფლებისთვის. მათ ამ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

მაშინ მე დავრწმუნდი, რომ მათ შეთანხმება არ სურთ და რიგგარეშე არჩევნების და რეფერენდუმის თემას საბაბად იყენებენ.

საბაბად იყენებენ ასევე პოლიტიკური პატიმრის თემას, მათი რეალური მიზანი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რომ ყოფილიყო მათ შეეძლოთ ბოიკოტი გამოეცხადებინათ საერთოდ არჩევნებისთვის. ნაცვლად ამისა, ისინი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებშიც აპირებენ მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროსაც შეიძლება პოლიტიკური პატიმარი გვყავდეს.

მათ არ აქვთ არანაირი გეგმა და არიან მოლოდინის რეჟიმში. ელოდებიან, რომ ხალხს ძლიერ მოშივდება და პროტესტის გამოსახატავად ქუჩაში გამოვა, რასაც ესენი გამოიყენებენ.

ასევე ელოდებიან, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი ბაიდენი დაინახავს მასთან გადაღებულ ფოტოებს, რომელსაც კვირაში ორჯერ აქვეყნებს ოპოზიციის ბელადი, გული აუჩქროლდება და ხელისუფლებას ეტყვის წაით სახლებშიო, შემდეგ კი თვითონ მოვლენ ხელისუფლებაში ბელადთან ერთად.

მოკლედ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გიჟებთან მაქვს საქმე და ამათგან არაფერი არ გამოვა, ანუ ჩემი მიზნების მიღწევაში ესენი არ დამეხმარებიან. შესაბამისად მე არ მაქვს უფლება თავი მოვიტყუო და მოვატყუო ჩემი ამომრჩეველი, არ მაქვს უფლება თავი მივიჩნიო ვალდებულად ოპოზიციის წინაშე და ვიყო ბოიკოტის რეჟიმში ოპოზისიის იმ მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით ოპოზიციას სინამდვილეში საერთოდ არ აინტეტესებს.

ოპოზიციის მოთხოვნებიდან რიგგარეშე არჩევნები მე ისედაც არ მაინტერესებს. მაინტერესებს, მხოლოდ პოლიტპატიმრების თემა და მათ გასათავისუფლებლად ყოველთვის ვიბრძოლებ, ამისათვის ბოიკოტი საუკეთესო საშუალებად არ მიმაჩნია. ჩემი მთავარი მიზანია იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას უწყობს ხელს, ჩემი მთავარი მიზანია ამ გიჟებს საბოლოოდ გამოვაცალო ხელიდან სისტემა, რომელსაც ისინი ერთმანეთის დასასჯელად იყენებდნენ, იყენებენ და მომავალშიც გამოიყენებენ, თუ ეს შანსი ვერ გამოვიყენე და უბარიერო პროპორციული არჩევნები ვერ დავდე.

მოკლედ როდესაც დავრწმუნდი, რომ ოპოზიციის გიჟებთან ვაჭრობა უშედეგო გამოდგა, მივმართე პოზიციის გიჟებს და ვიწყებ მათთან ვაჭრობას. ვეუბნები მათ, რომ მათი ბელადი ჭკვიანი კაცია, მან პირველმა გასცა დაპირება უბარიერო პროპორციულ არჩევნებზე და ისე წავიდა, რომ პირობა ვერ შეასრულა, მისი და ჩემი ინტერესები ამ საკითხზე ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ დამეხმარეთ მე ჩემი მიზნის მიღწევაში და ბელადს დაპირების შესრულებაში, სანაცვლოდ მე გპირდებით, რომ ოპოზიციას შემოვიყვან პარლამენტში და განვმუხტავ პოლიტიკურ კრიზისს და რადგან თქვენ არ გჯერათ, რომ მე ამას შევძლებ, ასევე გპირდებით, რომ თუ ამას ვერ მოვახერხებ მე შემოვალ პარლამენტში ოპოზიციის გარეშე.

ეხლა ველოდები პასუხს ხელისუფლების გიჟებისგან, თუ ისინი დამთანხმდებიან და დადებენ უბარიერო პროპორციულს, მივალ ოპოზიციის გიჟებთან და შევეცდები დავარწმუნო, რომ შეთანხმებაზე წამოვიდნენ, იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საკმარისი რაოდენობის ოპოზიციონერს დავარწმუნებ, შემოვიყვან პარლამენტში და შევაცვლევინებ კონსტიტუციას, რის შემდეგაც ყველას მოესპობა ერთპიროვნულად ძალაუფლების ხელში ჩაგდების შესაძლებლობა.

ეხლა ვარ მოლოდინის რეჟიმში, ველოდები პასუხს ხელისუფლების გიჟებისგან. შემდეგ ვიმოქმედებ შესაბამისად. გავაგრძელებ ბრძოლას და გავაკეთებ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევ მიზნის მისაღწევად.

მთელი ამ ხნის მანძილზე, მთელს ქვეყანაში მთავარი თემაა პარლამენტში შესვლა - არშესვლა. ყველა მეკითხება შევალ თუ არა. ზოგიერთი დორბლიანი გიჟი მლანძღავს და მაგინებს, ჟურნალისტები სკანდალებს აგორებენ, თვალებში სისხლჩაქცეულები კითხულობენ შევდივარ თუ არა, ჩემი მთავარი მიზანი კი არავის აინტერესებს.

ამ საგიჟეთში ერთადერთი ვისი იმედიც მაქვს, ხართ თქვენ, ჩემი მხარდამჭერები, ჩემი თანამებრძოლები რომლებიც ამბობთ, რომ თქვენთვისაც თავისუფლებაა, მთავარი. მე მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ გირჩისთვის და თავისუფლებისთვის!

სამწუხაროდ თქვენი ნაწილიც ჩაება გიჟების საერთო ფერხულში.

თავისუფლებისთვის მებრძოლო ადამიანებო! ნუთუ ისე დაგეხშოთ გონება, რომ ამ ყველაფერს ვერ ხედავთ და ვერ ხვდებით? ნუთუ ისე გაგიწყდათ შუბლის ძარღვი, რომ გიჟებს აყოლილები გამეტებით მლანძღავთ და მაგინებთ, მხოლოდ იმის გამო, რომ მეტი თავისუფლებისთვის ვიბრძვი?

იმედი მაქვს დაფიქრდებით, გაერკვევით ვითარებაში და ჩემთან ერთად იბრძოლებთ თავისუფლებისთვის

კომენტარები