სიახლეები

რაზე შეთანხმდა ოპოზიცია? მეორე რაუნდი

ბორჯომში გუშინ გამართულ შეხვედრაზე, სადაც ოპოზიური პარტიების უმრავლესობა იყო წარმოდგენილი, ხანგრძლივი, 10 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, "გირჩისთვის" ფუნდამენტური მნიშვნელობის უმეტეს საკითხებზე შეთანხმება შედგა. 

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკის ნაწილი და კმაყოფილი ვარ ზოგადად რაზეც შევთანხმდით. მათ შორის იმაზე, რომ მთავრობის ზომა არ უნდა აღემატებოდეს "მშპ"-ს (მთლიანი შიდა პროდუქტის) 20%-ს. ასევე უნდა შევიმუშავოთ მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ეროვნული ვალუტა არ გაუფასურდეს. ჩვენი გადმოსახედიდან ეს ნიშნავს, რომ მიმოქცევაში დოლარი უნდა გავუშვათ. ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო, ამიტომ მკაფიოდ ფორმულირება არ გავაკეთეთ და დავუტოვეთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს თავისუფლება, შეიმუშაონ სხვა მექანიზმები, თუ ასეთი არსებობს."

                                                                                                                                          - თქვა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

"გუშინ ჩვენ ბევრი დრო დავუთმეთ მართლმსაჯულების სისტემაზე საუბარს, დღის დაახლოებით 2/3, მაგრამ თითქმის ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმებას მივაღწიეთ. პოლიციაში არჩეული შერიფები იქნებიან, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო და პირველი დღიდან ამას ვიძახდით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურაში ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე დაზარალებულს ექნება უფლება თავისი ინტერესები პროკურორის მაგივრად დაიცვას ადვოკატმა. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა. ასევე პროკურატურას აღარ ექნება გამოძიებაზე ზედამხედველობის და გამოძიების უფლებამოსილება, ის იქნება მხოლოდ წარმომადგენელი სასამართლოში. ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რაც თავისი შინაარსით საბჭოთა პროკურატურის დანგრევას ნიშნავს. რაც შეხება "სუს"-ს, ის დაიშლება და მისი ფუნქციები გადანაწილდება რამდენიმე ორგანოზე.  ქვეყანაში აღარ იარსებებს პოლიტიკური პოლიცია და შეიქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო. შეთანხმება ასევე განათლების სფეროშიც შედგა- კერძო სკოლები გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულაციებისგან და საჯარო სკოლებს ექნებათ მმართველობითი და ფინანსური ავტონომია."

                                                                                                                                           - განაცხადა იაგო ხვიჩია. 

"სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური პრობლემები არსებობს, მაგრამ არა ის, რომ რაღაც საკითხებზე შეთანხმებას ვერ ვაღწევთ. პარტიების რაღაც ნაწილი სუბიექტური მიზეზების გამო ხელმოწერისგან თავს იკავებს. გამოსავალია, რომ პირველ ეტაპზე ვცადოთ, ერთიანად რამდენი პარტია მოაწერს ხელს შეთანხმებას თბილისში. ამის შემდეგ ვცადოთ ცალკე დალაპარაკება პარტიებთან. იმ შემთვევაში, თუ პრობლემა არის ის, რომ ერთ პარტიას მეორესთან ერთად არ უნდა ხელმოწერა, მაშინ შეიძლება "გირჩმა" და სხვა პარტიებმა ცალკე გააფორმონ შეთანხმება, რომელიც იქნება ორმხირივი და არა მრავალმხრივი. 

ამ საკითხების მომზადებაზე, რაზეც ახლა შეთანხმება მოხდა ვახოზე და სანდროზე მეტი პრინციპულად არავის უმუშავია, მათ შორის პარტიებთან კომუნიკაციის თვალსაზრისითაც. ასევე გუშინდელ შეხვედრაზე იაგოს, ხატიას და გიგას აქტიურობა იყო ჩემი აზრით, პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ფინალში გავსულიყავით.

საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ შევძელებთ და ამ შეთანხმებას რეალობად ვაქცევთ და ის პარტიები, რომლებიც ხელს მოაწერენ და საარჩევნო კამპანიის დღის წესრიგში შეიტანენ ამ საკითხებს და მათზე ისაუბრებენ თავიანთ ამომრჩევლებთან, ხოლო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამას განვახორციელებთ, ეს შეთანხმება იქნება ყველაზე ანტისაბჭოთა და ანტირუსული საქმე, რაც შეეძლო ოპოზიციას გაეკეთებინა."

                                                                                                                                            - მიიჩნევს ზურაბ ჯაფარიძე.

ოპოზიციური პარტიების შეთანხმებას: მართლმსაჯულების, რესტიტუციის, მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირებასა და განათლებაზე ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12:00 საათზე "გირჩის" ინიციატივით და "NDI" (National Democratic Institute) - ის ორგანიზებით ბორჯომში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო შეხვედრა დაიწყო. 

შეხვედრაში მონაწილეობას: "გირჩი", "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ერთიანი საქართველო", "ლელო" და "მოქალაქეები" იღებდნენ. 

                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები