სიახლეები

ყველაზე ძვირადღირებული სტენსილი წინასაარჩევნოდ

 "გირჩის" წევრი მირიან ბეჟიტაშვილი რუსთაველის თეატრის მიმდებარედ სამშენებლო ღობეზე სტენსილის დახატვისთვის 1000 ლარით დააჯარიმეს. შემთხვევა დღეს ღამით, რუსთაველის გამზირზე მოხდა. 

“სამშენებლო ღობეზე გირჩის სტენსილის დახატვისთვის, კალაძის პოლიციამ დამაჯარიმა 1000 ლარით. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, არა ერთხელ ყოფილა, როდესაც გირჩს მსგავსი აქტივობები გვქონია წინა საარჩევნოდ და არასდროს პრობლემა არ ყოფილა. ვფიქრობ რომ ეს ჯარიმა, არის უსამართლო და ემსახურება პოლიტიკური აქტივობების ხელის შეშლას და ადამიანების დაშინებას, ამიტომ  კალაძის ხელის პოლიციის მიერ გამოწერილ ჯარიმას, რა თქმა უნდა არ გადავიხდი.”

                                                                                                                                 - გვითხრა მირიან ბეჟიტაშვილმა.

როგორც ვქვემოთ მოცემულ ვიდეოში ჩანს, რამოდენიმე ეკიპაჟი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არკვევდა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. ადგილზე მისულმა თბილისის მერიის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ეს იყო კულტურული მემკვიდრეობის ზონა, სადაც სამშენებლო, დროებით ღობეზე სტენსილის დახატვა ისჯებოდა კანონით. კერძოდ კი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150(2)-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. 

მუხლი 150​(2). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება 

 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 

P.S. ესეც ყველაზე ძვირადღირებული "გირჩის" სტენსილი

ყველაზე ძვირადღირებული სტენსილი

 

                                                                                                                                                      ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები