სიახლეები

თავისუფლება სწავლას!

ქართული საგანმანათლებლო სისტემის მთავარ ტრაგედიად რაც მიმაჩნია, კარგად მოგეხსენებათ, ვინც 80-იანი წლების #საგანმანათლებლოსისულელეებს ადევნებთ თვალს - ეს არის საბჭოური მემკვიდრეობის მონება, ვერა და ვერ გავთავისუფლდით ამ მარწუხებისგან. მცდელობაც, ნაცვლად გადამჭრელი ზომების მიღებისა, წარმოადგენს საბჭოური იდეალების გარემონტებას, მაკიაჟს.

რა არის მთავარი საბჭოთა იდეალი? რკინა-ბეტონით აშენებულ შენობაში ყველა ბავშვი უნდა მოვაგროვოთ იძულების წესით და უნდა ვასწავლოთ ერთნაირად ერთნაირი შინაარსი.
(ნუ შემომედავებით, რომ ჩვენი კურიკულუმები და რესურს-მეთოდები თითოეულ მოსწავლეზეა ორიენტირებული და ამჟამად მიმდინარე რეფორმა... საკმაოდ კარგად ვიცი, რაც ხდება სკოლებში - მოგეხსენებათ, პრაქტიკოსი მასწავლებელი ვარ...)

რა უნდა გავაკეთოთ საბჭოთა მემკვიდრეობისგან თავის დაღწევისა და სწავლის გათავისუფლების მიზნით?

  1. ვაღიაროთ საშინაო განათლება. მივცეთ ადამიანებს უფლება, თავის შვილებს ასწავლონ ისე, როგორც მათ მიაჩნიათ საჭიროდ. იმის პრევენციის მიზნით, რომ ვინმემ გაუნათლებელი არ დატოვოს პირმშო (რისი შიშიც გადაჭარბებულად მეჩვენება, მაგრამ - მაინც.), დავაწესოთ საერთო ეროვნული სერტიფიცირება დამოუკიდებელ ცენტრებში: ოთხი კლასის სერტიფიკატი, შვიდი კლასის სერტიფიკატი, ათი კლასის სერტიფიკატი. ხოლო უფრო ზედა საფეხურზე სწავლის ამბავი სრულად მივანდოთ აბიტურიენტს, მშობელსა და უნივერსიტეტს (ხვდებით, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სახელმწიფო აკრედიტაციის მონსტრებისთვის ფული არ უნდა ვხარჯოთ გადასახადების გადამხდელებმა.) ვინც შესაბამის ასაკობრივ ჩარჩოში ორი მცდელობის შემდეგ ვერ აიღებს საფეხურის დაძლევის სერტიფიკატს, დავალდებულდეს საჯარო სკოლაში სწავლით.
  2.  საჯარო სკოლებში დამკვიდრდეს შერეული სწავლის ფორმატი, როდესაც მოსწავლეს/მშობელს საშუალება ექნება აირჩიოს: წლის რომელ სეზონზე, რომელი სემესტრის რა პერიოდში, კვირის რომელ დღეებში, დღის რომელ მონაკვეთში, რომელ საგნებზე, რომელ თემებზე იარონ/ატარონ. თემების არჩევას რაც შეეხება: საგნობრივი კურიკულუმი ისე უნდა იყოს დალაგებული, რომ საშუალებას იძლეოდეს ერთი მსხვილი თამატური ერთეულის გავლას ისე, რომ არ საჭიროებდეს მაინცდამაინც ყველას შესწავლას. (მაგალითად, ბავშვმა ისწავლოს ავსტრალიის ფიზიკურ-სოციალური გეოფრაფია და არ გაიაროს სამხრეთ ამერიკისა.)
  3. გაუქმდეს ე. წ. სავალდებულო საგნების სავალდებულოობა. ადამიანთა უმრავლესობისთვის სრულიად შეუძლებელია რვა აკადემიური საგნის გააზრებულად, პირობისეულად ათვისება. სამაგიეროდ, მოსწავლეთა უმრავლესობა შეძლებს მათთვის საინტერესო ორი-სამი საგნობრივი მიმართულებით, რაც სრულიად საკმარისი იქნება მისი გონებრივი სარქველების/სარკმელების (ჯაყელი, 2019, ახალი სკოლის მოდელი) გახსნისა და ტვინის საამქროების (ჯაყელი, 2019, იქვე) ამუშავებისთვის. აქ მართლაც გამოდგება დანიელ პენაკიონის გამოცდილება, თუ როგორ აღუძრა სწავლის წყურვილი ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა და როგორი გაქანება მისცა თავის ძალებს. ხომ წარმოუდგენელია, რომ პენაკის ძალები ასეთივე წარმატებით გამვითარებულიყო ერთბაშად სამი საგნობრივი მიმართულებით? შვიდი საგნობრივი მიმართულებით?!
  4. კერძო საგანმანათლებლო პრაქტიკის წახალისება და მშობლების მიჩვევა, რომ განათლებაში ფული უნდა გადაიხადონ. ოღონდ აქვე ისიც უნდა გააცნობიეროს მანვე, რომ ამ ფულს ის იხდის ისედაც: დაახლოებით 2 000 ლარს სახელმწიფოს სახელით ახარჯავენ მის შვილს, ოღონდ საოცრად არაეფექტურად - ამაში დარწმუნება ადვილია: ჰკითხეთ ნებისმიერ მშობელს,მისცემდა თუ არა უკეთეს განათლებას თავის შვილს, 2 000 ლარს რომ იხდიდეს კერძო სკოლაში, ნაცვლად საჯარო ოცდაშვიდბავშვიანკლასიან სკოლისა. სახელმწიფოს სახელით თანხის არაეფექტურ ხარჯვაში ვგულისხმობ, მაგალითად, სხვადასხვა საგანმანათლებლო მონსტრის დაარსებასა და შენახვას (უფრო დაწვრილებით იხილეთ ჩემი ბლოგები ამ თემაზე )
  5. სრულიად აზრსმოკლებულია ესგ-ს მიხედვით სკოლების დევნა. განსაკუთრებით, კერძო სკოლების. დღეს არათუ ვდევნით ამ სკოლებს, არამედ ფულს ვხარჯავთ ამ დევნაში.
  6.  ბიუჯეტის ფულის ნიჭიერთა პროფილური პანსიონებისკენ, მაღალმთიანი ერთმოსწავლიანკლასიანი სკოლების მოსწავლეთა პანსიონებისთვის მიმართვა.

ავტორი: გიორგი ჭაუჭიძე

კომენტარები