სიახლეები

კვოტირების თაობაზედ

საპარლამენტო სიების ფორმირებისას ქალთა სავალდებულო კვოტირების შესახებ საუბარი დიდი ხანია მიდის. მე ამ იდეის როგორც მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს შორის ბევრი მეგობარი მყავს. ცხადია ამ საკითხს წმინდად პრაქტიკული და იდეური მხრიდან ვუყურებ და შესაბამისად ჩემი პოზიციაც განპირობებულია არა რომელიმე ჯგუფისადმი მიკუთვნებულობიდან, არამედ ამ საკითხზე ბევრი კუთხიდან ფიქრისა და აწონ-დაწონის შედეგად.

ის, რომ საქართველოს ყველა მოწვევის პარლამენტში დიდი რაოდენობით უაზრო, უიდეო, ღირებულებებისაგან დაცლილი, მედროვე და რაც ყველაზე უარესია უტვინო ადამიანი ხვდება, არ ახალია. მათ შორის ტრადიციულად აღმოაჩენთ როგორც კაცებს, ისე ქალებს, ამ უკანასკნელთ მცირე რაოდენობით. ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ ერთხელ მაინც დაესწრებით, რომელიმე კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას და ნახავთ პარლამენტარის სტატუსით სკამებზე ჩამომსხდარ პრაქტიკულად მკვდარ სულებს, რომლებმაც საკუთარი პარტიის უფროსობიდან თუ კონკრეტული დავალება არ მიიღეს, შანსი არაა ხმა ამოიღონ და თუ ამოიღეს, მტერს და ავს, იფიქრებ ისევ ჩუმად მსხდარიყვნენ ჯობდაო. წინა მოწვევის პარლამენტში ზუსტად ამ ფაქტთან შეჯახებამ მაიძულა მეტი მეფიქრა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პირადი პოლიტიკური მიზანი არ მამოძრავებს. უბრალოდ არ შეიძლება ეს ადამიანები ცხოვრების წესებს გვიდგენდნენ. წარმოუდგენელია. და თუ დაფიქრდებით ეს წარმოუდგენლობა, უკვე თითქმის 30 წელი რომაა ჩვენ რეალობას წარმოადგენს, მიხვდებით, რატომაა ამ ქვეყანაში ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის ცხოვრება თითქმის გაუსაძლისი.

ასე რომ, ჩემს აღქმაში პრობლემა არის არა ის, რომ პარლამენტში ბევრი სულელი, ლოგიკური აზროვნების და საერთოდ აზროვნების უნარის არ მქონე კაცია, არამედ ის, რომ ზოგადად ასეთი ადამიანები ხვდებიან პარლამენტში და შემდეგ გვიდგენენ ცხოვრების წესებს. ერთადერთი, რასაც კვოტირება მოიტანს, სულელი კაცების და სულელი ქალების რიცხვს ქალების სასარგებლოდ დააბალანსებს, თუმცა თუ მართლაც გჯერათ, რომ სისულელეს სქესი არ აქვს და სულელი კაცი და სულელი ქალი ერთნაირად საშიში შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის და მისი მოქალაქეებისთვის, მაშინ ცხადი ხდება, რომ ეს კვოტები პრობლემას არ აგვარებს. ის ჰგავს მძიმე დაავადების მხოლოდ სიმპტომებზე მკურნალობას. ასეთი მკურნალობა ორგანიზმისთვის როგორ სრულდება ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია. მაგრამ როგორც ზოგადად პოზიტიური დისკრიმინაციის შემთხვევაში ხდება ხოლმე, კვოტები კიდევ უფრო გააღრმავებს და გააუარესებს ქალების მდგომარეობას გრძელვადიან  პერსპექტივაში და თუ როგორ, ახლავე აგიხსნით.

ამის გასაგებად, აუცილებელია დავიწყოთ ფუძიდან, ანუ გავარკვიოთ ნამდვილი პრობლემის არსი, კერძოდ როგორ ხვდებიან ეს ღირებულებების არ მქონე, იდეებისგან დაცლილი, უსაქმური და მედროვე ადამიანები პოლიტიკაში (სქესის მიუხედავად)?

ქართული პოლიტიკა არ ფორმირდება იდეებისა და ღირებულებების გარშემო. არც ამომრჩევლების საჭიროებებიდან გამომდინარე, ქართული პოლიტიკის ფუნდამენტს წარმოადგენს პოლიტიკის გარიგება ბიზნესებთან ამ უკანასკნელებისთვის შემდგომი პრივილეგების მინიჭებისთვის. დაფინანსების ეს სისტემა გულისხმობს პარტიაში დემოკრატიის არ არსებობს. პარტიას ის მართავს, ვისაც ფულის შემოტანა შეუძლია. ასეა დიდი და მცირე პარტიების შემთხვევაში. წლების წინ, როდესაც გირჩის კეთება დავიწყეთ, განსხვავებულად ჩვენც არ მოვქცეულვართ, ჩვენც რაღაცნაირად ასე ვხედავდით, რომ ვინმე უნდა დაგვეინტერესებინა, მაგრამ წაგებული თამაში იყო, რადგან ამავდროულად გვჯეროდა კონკრეტული იდეების, რომლებიც გამორიცხავდა შემდგომში რომელიმე კონკრეტული ბიზნესმენისთვის პრივილეგიების მინიჭებას. შესაბამისად, ჩვენი წინადადება ასე გამოიყურებოდა:

გამარჯობა, გინდა დააფინანსო გირჩი? მოგვეცი ფული, ჩვენ კი გპირდებით, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, ყველა რეგულაციას გავაუქმებთ, რომელიც უსამართლოდ გაყენებს სხვებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში. სამაგიეროდ სხვებსაც ასევე მოვექცევით, სამართლიანად. ალბათ ხვდებით რითიც დამთავრდა ეს ამბავი.

შესაბამისად მივედით იმ ეტაპამდე, რომ თუ გირჩის არსებობა გვინდოდა, ერთადერთი გზა იყო პარტია დაეფინანსებინათ ამომრჩევლებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ იდეების სჯეროდათ. გაგიკვირდებათ და მათ შორის მსხვილი ბიზნესმენები არ არიან, გირჩის დაფინანსების ძირითადი წილი მოდის ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებსაც საშუალო შემოსავლები აქვთ, გირჩის იდეების სჯერათ და საკუთარი მწირი ფინანსური რესურსებიდან ყოველ თვე 10-20 ან მაქსიმუმ რამდენიმე ასეულ ლარს ამ იდეისთვის გაიღებენ. იმისათვის, რომ გირჩის მხარდამჭერებს ეს გაეკეთებინათ აუცილებელი იყო შეგვეთავაზებინა ღია პლატფორმა და მათ შორის პარტიული სიის ფორმირების გამჭვირვალე გზა მოგვენახა, რათა ჩვენ დამფინანსებლებს ყოველთვის სცოდნოდათ ვის ან რას უჭერდნენ მხარს.

დღეისათვის არსებობს ქართულ პოლიტიკაში ორი მოდელი: გირჩის და ყველა დანარჩენის, რადგან მხოლოდ გირჩია დღეს ქართულ რეალობაში ერთადერთი პარტია, რომელიც მთლიანად დაფინანსებულია მისივე ამომრჩევლების მიერ და შესაბმისად პარტიულ სიასაც ადგენენ მისი ამომრჩევლები.

ეს ნიშნავს, რომ თუ ნებისმიერ ადამიანს უნდა გირჩის პარტიულ სიაში მოხვედრა, ერთადერთი პირობა არსებობს, მან უნდა მოიპოვოს ამომრჩევლების მხარდაჭერა. მან უნდა დაარწმუნოს გირჩის მხარდამჭერები, რომ მისი მოხვედრა პარლამენტში, შესაბამისად სიის ხუთეულში ან ათეულში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვების. გაგიკვირდებათ და პარტიული სია, რამდენადაც ის მუდმივად განახლებადია ამის გამო, ხშირად იცვლება და ამ სიაში არც თუ იშვიათად მაგალითად ჯაფარას პოზიცია პირველი ადგილით არ განისაზღვრება ხოლმე. მაგალითად ხუთეულში საკმაოდ ხშირად ხვდებოდა 21 წლის ცოტნე კობერიძე, რომელსაც სამწუხაროდ კანონმდებლობა აბსოლუტურად გაუგებარი ასაკობრივი ცენზის გამო არ აძლევს უფლებას საბოლოო სიაში იყოს.
როგორც ნებისმიერ პარტიას, გირჩსაც უნდა ჰყავდეს ძლიერი პოლიტიკოსების გუნდი. ეს მოითხოვს არა მხოლოდ ცნობადობას, არამედ შესაბამის უნარებს და ცხადია თუ გაიაზრეთ ჩვენი სისტემის ლოგიკა, შეუძლებელია ამ სისტემაში ვინმე დაიჩაგროს სქესის ან ნებისმიერი სხვა ნიშნით, რადგან გირჩში არავის არ აქვს მექანიზმი, რომლითაც რაიმე ნიშნით დისკრიმინაციას გაუწევდა ვინმეს. პლატფორმა სრულიად ღიაა, ნებისმიერი ქალისთვის, კაცისთვის, ზოგადად ნებისმიერი მოცემულობის ადამიანისთვის, მთავარია მას უნდოდეს პოლიტიკაში მონაწილეობა და ჰქონდეს შესაბამისი უნარები.
უფრო მეტიც, თუ ადამიანს აქვს კონკრეტული პროექტი, რისი კეთებაც უნდა, შეუძლია ამისთვის ცალკე მოიპოვოს დაფინანსება გირჩის შემომწირველებისაგან, რადგან გირჩის დამფინანსებლებს შესაძლებლობა აქვთ, არა უბრალოდ ზოგადად პარტია დააფინანსონ, არამედ საკუთარ ფულს მიმართულება მისცენ და კონკრეტულად მიუთითონ რაში უნდათ მათი დაფინანსება წავიდეს, ოფისის შენახვაში, რომელიმე კონკრეტულ პროექტში, თუ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკოსთან.

მოკლედ, მიუხედავად იმისა მოგწონთ თუ არა გირჩი, მისი ხედვები, იდეები და ა.შ. თუ სინდისზე ხელს არ აიღებთ, ვერ იტყვით, რომ ამ სისტემაზე უფრო სამართლიანი რამე შეიძლება არსებობდეს დღეს ქართულ პოლიტიკაში.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა პარტიებში შიდა დემოკრატიის არანაირი მოდელი არ არსებობს, მაგრამ თუ გირჩში უბრალოდ შეგიძლია პორტალზე დარეგისტრირდე, მონიშნო რომ პოლიტიკოსობა გინდა, ელაპარაკო გირჩის ამომრჩევლებს და თავისუფალი კონკურენციის პირობებში მოიპოვო ის მხარდაჭერა, რომლის მოპოვებაც შეგიძლია, ნებისმიერ სხვა პარტიაში, მოგიწევს ამ პარტიის მმართველების კონკრეტულ წრეს დაუმტკიცო პირველ რიგში, რომ იმსახურებ პარტიულ სიაში ყოფნას. გირჩის შემთხვევაში, შეიძლება კონკრეტული პიროვნული კონფლიქტიც გქონდეს ლიდერებთან, მმართველი საბჭოს წევრებთან და ა.შ., მაგრამ ვერავინ დაგბლოკავს, ვერავინ იტყვის, რომ არა, ეს ადამიანი არ იმსახურებს გირჩის სიაში ყოფნას, რადგან გადაწყვეტილებას არა ეს ხალხი, არამედ გირჩის მხარდამჭერები იღებენ.
სხვა პარტიებში, იმის მიუხედავად თუ შიდა დემოკრატიის რა ხარისხი არსებობს, გადაწყვეტილებას მაინც კონკრეტული ლიდერები იღებენ. და თუ ზემოთ დასმულ კითხვას გვინდა ვუპასუხოთ როგორ ხვდებიან არასწორი ადამიანები პარლამენტში, უნდა ვნახოთ პარტიების უმრავლესობა რა ლოგიკით ადგენს სიას. აქ რამდენიმე მოტივაცია შეიძლება არსებობდეს. პარტიული სიის პირველი ხუთი ადგილი ეკუთვნით ლიდერებს (ზოგ შემთხვევაში გამოკვეთილი ლიდერი 1 ან 2 ადამიანია), შესაბამისად, ყველა სხვა ადგილის შევსება განსხვავებულად ხდება. ზოგ შემთხვევაში ეს პირდაპირ ღირს ფული. პარტია გაურიგდება მსხვილ დამფინანსებელს, მსხვილი დამფინანსებელი კი დაფინანსების სანაცვლოდ მიუთითებს ვინ უნდა იყოს პარტიულ სიაში. მეორე არის კონტრიბუცია, მაგალითად მაღალი ცნობადობა კონკრეტულ  უბანში, კონკრეტულ სოფელში და ა.შ. ჯიგარია და ა.შ. იჯდეს, რას გააფუჭებს, მე თქვენ გეტყვით და პრინციპები აქვს და უცბად ბოსების წინააღმდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რა.
შებსამისად, რაც უფრო დიდია კონკრეტულ პარტიაში შიდა დემოკრატიის ხარისხი, იქ ნაკლებად ხვდებიან არასწორი ადამიანები პარტიულ სიაში და რაც უფრო ნაკლებია, მით უფრო მეტად. სამწუხაროდ საბოლოო შედეგი, ანუ პარლამენტის შემადგენლობა ცხადად გვაჩვენებს ხოლმე, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდეს უმრავლესობაში, შიდა დემოკრატიის ხარისხი ძალიან დაბალია.

რამდენად მოაგვარებს ამ პრობლემას კვოტირება? სინამდვილეში ამ პარტიებისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება, სულელი კაცების ნაცვლად შიგადაშიგ სულელ ქალებს ჩაწერენ.
ვისთვის შეიცვლება? პირველ რიგში შეიცვლება გირჩისთვის. ჩვენ იძულებულები ვიქნებით ყოველი მეოთხე ადამიანი სიაში გადავაჩოჩოთ და მის ადგილას ჩავწეროთ ქალი, უბრალოდ ნებისმიერი ქალი, რომელსაც პოლიტიკოსობა აქვს მონიშნული. რას მისცემს ეს ქალებს? წარმოვიდგინოთ ახლა გირჩის მაგალითზე ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ახლა დაიწყო ნაბიჯების გადადგმა, მას უნდა ემუშავა საკუთარ თავზე, გარკვეული უნარები გამოემუშავებინა, ცოდნა გაეღრმავებინა და ასე მოეპოვებინა გირჩელების ნდობა. ის ამით პიროვნულადაც გაიზრდებოდა და საბოლოოდ გაუჩნდებოდა შანსი გამხდარიყო გირჩის წონადი წევრი, კარგი პოლიტიკოსი, რომელიც თავისუფალ კონკურენციაში იქნებოდა ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსთან როგორც გირჩის შიგნით, ისე მის გარეთ. ახლა მას ეს საშუალება წავართვით. მას კონკრეტული ადგილი მივუჩინეთ მხოლოდ იმიტომ რომ ქალია და ვინაიდან დაუმსახურებელი პრივილეგია მივანიჭეთ, გარანტირებული ადგილი შევუქმენით, ამით მოვუსპეთ საკუთარ თავზე მუშაობის, განვითარებისა და უნარების გამომუშავების ყველანაირი საშუალება.

ზევით ცოტნე კობერიძე ვახსენე. ცოტნე ჩემი ფავორიტია. გირჩის ფორმირების პირველი დღეებიდანვე მე მინდოდა, რომ ბევრი ახალი ადამიანი ყოფილიყო გირჩში და ვინც მიცნობს, ცხადია იმასაც მარტივად ირწმუნებს, რომ მათ შორის ყოველთვის მინდოდა ყოფილიყვნენ ქალები. სამწუხაროდ, პოლიტიკა საკმაოდ რთულია, ყველას არ ჰყოფნის ნებისყოფა, მოტივაცია და ა.შ., ასეთი ქალები ჯერ-ჯერობით არ მოიძებნა, მაგრამ ცოტნე პოზიტიური მაგალითია როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის. პატარა იყო გირჩში რომ მოვიდა და თავისი ჟინით, მუშაობით, ცოდნით, ნებისყოფით შეძლო ის, რომ არა მხოლოდ ჩემი, არამედ ბევრი სხვა გირჩელის ფავორიტად ჩამოყალიბდა. საკუთარი გადაცემა აქვს, რომელსაც მთლიანად გირჩის შემომწირველები აფინანსებენ და აქვს საკუთარი წონაც პარტიაში. სამწუხაროდ ისევ მორიგი სულელური რეგულაციის გამო, რომელიც ზრდასრულ ადამიანებს უფლებას არ აძლევს იყვნენ არჩეულები პარლამენტში, წელს ცოტნე ვერ მოხვდება გირჩის პარტიულ სიაში და ამით ბევრს დაკარგავს გირჩიც, პარლამენტიც და ქვეყანაც. და რაც ყველაზე უარესია, მომავალ საპარლამენტო სიაშიც, შეძლება ხუთეულს მიღმა მხოლოდ იმის გამო აღმოჩნდეს, რომ ქალი არაა. უსამართლოა ხო? ასევე უსამართლო იქნება, როდესაც ცოტნეს მსგავსად თავდადებული, მშრომელი, ამ საქმეში სხვებზე მეტად მოტივირებული ნებისმიერი ადამიანი დარჩება პარლამენტს გარეთ და მის ადგილს ვიღაც დაიკავებს მხოლოდ იმიტომ რომ ქალია. და როდესაც ქალებს ასე ექცევიან, ეს ხომ უსმართლობაა, ეს ხომ საშინელებაა და რატომ გგონიათ, რომ უსამართლობაზე უსამართლობით პასუხი რამე დადებით შედეგს გამოიღებს? პირიქით, ეს იქცევა ქალებისთვის შემაფერხებლად, რადგან მათ აღარ დასჭირდებათ საკუთარ თავზე მუშაობა, კონკრეტული უნარების განვითარება, კონკრეტული იდეებისთვის ბრძოლა, რადგან მათ ადგილი გარანტირებული ექნებათ, ეს კი კიდევ ერთ არგუმენტს მისცემს სექსისტებს იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად სულელები არიან ქალები. მეორეს მხრივ კი კაცებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე, მეტი უნარები გამოიმუშაონ, მეტად ინიციატივიანები იყვნენ, რადგან სხვანაირად სიის მიღმა დარჩებიან. გრძელვადიანად თუ შევხედავთ ვინ დარჩება მოგებული ამ კვოტირებით? კაცები. პარლამენტში საბოლოოდ ნაკლები სულელი კაცი მოხვდება, სამაგიეროდ სულელების ადგილებს ქალები დაიკავებენ და კიდევ უფრო განმტკიცდება მავნე სტერეოტიპები ქალთა გონებრივი შეზღუდულობის შესახებ და დიახ, მტკიცებულება იქნება პარლამენტში კვოტებით მოხვედრილი სულელი ქალები.

და ბოლოს? ძალიან ბევრი ჩაგრული ჯგუფი არსებობს, მაგალითად რატომ არ შეიძლება კვოტები შემოვიღოთ გეებისთვის, ბისექსუალებისთვის, ტრანსგენდერებისთვის, და რელიგიურმა უმცირესობებმა რა დააშავეს? მაგალითად ყოველი მეორე რატომ არ უნდა იყოს მუსლიმი? ყოველი მესამე იუდეველი, რადგან ყოველი მეოთხე ქალია, ყოველი მეხუთე ინდუისტი, მაგრამ მოიცათ? ქრისტიანობაშიც ხომ ბევრი მიმდინარეობა არსებობს? ყოველი მეექვსე კათოლიკე, ყოველი მეშვიდე ბაპტისტი? რატომ არა? სად ვავლებთ ზღვარს პოზიტიური დისკრიმინაციისას? თუ პოზიტიური დისკრიმინაცია ასე კარგად მუშაობს, რატომაც არა, ყველა პრობლემა რატომ არ უნდა მოვაგვაროთ ამ გზით?
თუმცა გასაგებია, რომ ასე მოწყობილი სამყარო არასწორი სამყაროა, ის უსამართლობის მექანიკურ შებრუნებას წარმოადგენს და ვინაიდან უსამართლობას არასოდეს არსად და არანაირ კონტექსტში არ შეიძლება მოჰქონდეს დადებითი შედეგი, ზუსტად ამიტომ კვოტირებაც თანასწორობის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე საშინელი აქტია, რომელიც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ქალებზე აისახება პირველ რიგში უარყოფითად. აი, ამიტომ ვარ მე ქალთა კვოტირების წინააღმდეგი და არა რაიმე იდეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე. იმ ქალებს კი, რომლებიც ასე აქტიურად უჭერდნენ მხარს ამ ჩემი აზრით მავნე იდეას და რომელთა შორის ჩემი არაერთი მეგობარია, ვურჩევდი, რომ პოლიტიკაში ცვლილება პოლიტიკურად გააქტიურებით დაეწყოთ. გირჩის კარი ღიაა და მე ამ კვოტირების ნაცვლად ვისურვებდი თქვენ ყოფილიყავით გირჩის ლიდერები, ამისათვის კი მონდომება და სურვილია საჭირო. სამწუხაროდ თქვენ არასწორი გზა აირჩიეთ.

ავტორი: ტორესა მოსი

კომენტარები