სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე

ერთიანი ეროვნული გამოცდები, რასაკვირველია, უნდა გაუქმდეს.

ჯერ ერთი, ისედაც გასაუქმებელია და, მით უმეტეს, დღევანდელ სიტუაციაში.

ნაცვლად იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, ვმსჯელობთ სხვადასხვა სისულელეზე:

  • რამდენი მეტრით დავაშოროთ სააბიტურიენტო მერხები ერთმანეთს?!
  • ჩავრთოთ თუ არა სიმწრით დამონტაჟებული კონდიციონერები?!
  • სახეზე ავაფაროთ თუ არა ცხვირპირბადე აბიტურიენტს?
  • დავუდგათ თუ არა სკამი დამკვირვებელსა და დამკვირვებლის დამხმარეს?! 
  • რომელ საათზე დავიწყოთ გამოცდები?
  • რამდენჯერ გავანიავოთ აუდიტორიები საგამოცდო სესიის განმავლობაში? 
  • და სხვ.. სისულელეებს რა გამოლევს?! 

— აბაა, როგორ ჩავრიცხოთ აბიტურიენტები?! — იკითხავს მავანი, ცხადია, პირველ რიგში ისინი, ვინც ეროვნული გამოცდების აუცილებლობაში გვარწმუნებენ და ამ მიზნით მილიონობით ლარს იღებენ ხელფასებისა და სხვა სახით. 

როგორ და...

  1. ან მე-6 კლასის ნიშნების საფუძველზე (ჩემი აზრით, ყველაზე ინფორმაციული მონაცემი.) 
  2. ან/და მე-9 კლასის ნიშნების საფუძველზე.
  3. ან/და მე-12 კლასის ნიშნების საფუძველზე.
  4. ან/და აბიტურიენტის სასკოლო პორტფოლიოს (მოსწავლის ნამუშევრები: პროექტები, ესეები, ილუსტრაციები, პოსტერები, დახასიათება-შეფასებები, ვიდეობლოგები...) საფუძველზე.
  5. ან სრულიად უგამოცდოდ, უყველაფროდ. 

ცოტა მეტი ვთქვათ ბოლო, მე-5 ვარიანტზე...

წარმოიდგინეთ, უნიტაზებს ჰყიდით და კლიენტი მოვიდა:

— რა ღირს თქვენი უნიტაზი?!
— რომელი გნებავთ?
— სულ ერთი გაქვთ და... 
— ააა, უი!.. 2250 ლარი. 
— ერთი ცალი შემიფუთეთ, თუ შეიძლება...

რას იზამთ?! რასაკვირველია, მსწრაფლ ფულს გამოართმევთ, შეუფუთავთ და გაატანთ. მეტიც, შესაძლოა, შინ მიტანა-დამონტაჟებაც კი შესთავაზოთ. 

წარმოიდგინეთ, თქვენი დიალოგის შემდეგნაირად გაგრძელება:

— გვიხარია, რომ ჩვენს უნივერ... ბოდიში, უნიტაზზე შეაჩერეთ არჩევანი, მაგრამ, სანამ შეიძენთ, უნდა შეგამოწმოთ, რამდენად შესძლებთ მის მოხმარებას. თქვენ უნდა წარმოადგინოთ ცნობა თქვენი ყოველთვიური კვების რეჟიმისა და პროდუქტების შესახებ... შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ უნდა იკვებოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული საკვებით, რასაც დააკვირდებიან ჩვენი ექსპერტები და შეაფასებენ თქვენი ცხოველქმედების პროცესს და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოგცემთ უნიტაზს... 
— კი, მაგრამ...
— არავითარი მაგრამ, ასეთი კანონები გვაქვს ჩვენ...
— კი, მაგრამ ექსპერტებისა და დამკვირვებლების ან საკვები პროდუქტების ფულს ვინ გადაიხდით?!
— ნაწილს — თქვენ, ნაწილს კი — გადასახადის გადამხდელები... 
— ანუ... 
— არავითარი ანუ! გნებავთ — გნებავთ, თუ არა და კარგად ბრძანდებოდეთ! სხვაგან მიბრძანდით... 

და თქვენ გგონიათ, სხვაგანაც მსგავსი წესები არ არის?! 

... მიაღებინე, შე დალოცვილო, ვინც უნდა და როგორც უნდა ამხელა გაქანების უნივერსიტეტს!

P. S. ვიცი, რომ უნიტაზების გაყიდვა სხვა რამეა და უნივერსიტეტში სწავლა — სხვა. 

P. P. S. მალე: #საგანმანათლებლოსისულელეები 80-ან წლებში" ს მეორე ლაივი — დიპლომი.

ავტორი: გიორგი ჭაუჭიძე

კომენტარები