სიახლეები

კორონაც კლავს, შიმშილიც და გახარიაც!

ერთი მოკრძალებული აზრი მინდა მოგახსენოთ კორონაზე, კრიზისზე, საგანგებო მდგომარეობასა და ქვეყანაში შექმნილ აპოკალიფსურ პროცესზე.

ლამის უკვე სიზმარშიც ჩაგვესმის კორონა, კორონა!
თუმცა, ამ ერთხელაც გადადეთ საკუთარი იზოლირებული ცხოვრების რამდენიმე წუთი.

მესამე დღეა კარანტინში ვიმყოფები. ჩემ მსგავსად 3000-მდე საქართველოს მოქალაქეა გადანაწილებული სხვადასხვა საკარანტინო ზონაში, 2000-მდე კი- თვითიზოლაციაშია.

პირველ რიგში, ადეკვატურად უნდა გავიაზროთ, რა მოცემულობაა ქვეყანაში:

გვაქვს კორონა ვირუსის 50-მდე დადასტურებული შემთხვევა და ქვეყნის შიგნით, საბედნიეროდ, არ გვაქვს ვირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა 

მთელი ქვეყანა საკარანტინო ზონებს უკავია. 

გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, რომლითაც გახარიას მთავრობას მივეცით დამატებითი ბერკეტები პროცესის სამართავად. მათ შორის, მთავრობას მიეცა უფლებამოსილება შეგვიზღუდოს რიგი კონსტიტუციური უფლებები და მივუშვით მთავრობა კრიზისულ ბიუჯეტზე, რათა გამოგვიყვანოს ამ კრიზისიდან.

გაჩერებულია და პარალიზებულია მთელი ქვეყანა. შეჩერებულია ყველა ეკონომიკური აქტივობა, მოსახლეობა პანიკაშია, იმარაგებს საკვებს, პირველადი მოხმარების პროდუქტს და სახლში იკეტება .

ამას გარდა, ჩაკეტილი გვაქვს ქვეყნის საზღვრები, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება არ აქვთ დაბრუნდნენ ქვეყანაში.

მთავარი თემა დილას, შუადღეს, საღამოს, ინტერნეტში, ტელევიზორში, შინ თუ გარეთ არის  კ ო რ ო ნ ა!

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რის ფასად გვიჯდება და დაგვიჯდება ეს ყველაფერი.
საქართველოსნაირ ღარიბ ქვეყანას არ აქვს საშუალება ეს ყველაფერი აკეთოს. 
იმ ქვეყანაში, რომელშიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უმთავრესი საზრუნავი თვიდან თვემდე ოჯახის რჩენაა, სადაც ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობს, სადაც ამდენი სოციალურად გაჭირვებული ადამიანი გვყავს, სადაც ლარი ყოველდღე უფასურდება, სადაც, მარტივად რომ ვთქვათ, მოსახლეობას არ აქვს საშუალება ეს კრიზისი ისე გადაიტანოს, რომ არ მოშივდეს, ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას გააჩეროს ყველაფერი და მოსახლეობა შიმშილისთვის გაწიროს.

"აბა რა ქნან, ასეთი მდგომარეობაა ქვეყანაში და მთელი მსოფლიო ასე შვება, შეხედე აგერ იტალიას, გინდა ასე დაგვემართოს და მოსახლეობა დაიხოცოს?!" - გაისმის საპასუხოდ.

როცა საკითხის სხვა მხრიდან აფასებ, შენი მომენტალური დემონიზაცია ხდება სხვადასხვა აბსურდული არგუმენტით და არავინ ისმენს ბოლომდე შენს სათქმელს. მოდის აგრესია, ირონია, ქილიკი და რავიცი კიდევ რა...

მოდი, უფრო სიღრმისეულად გავაანალიზოთ ქართული რეალობა.

იტალიასავით არ დაგვემართოსო გვაშინებენ და სწორედ იტალიის გზა აირჩიეს კრიზისის სამართავად. 

მთელი ქვეყნის კარანტინიზაცია, იზოლაცია, ყველაფრის გაჩერება, სრული შათ დაუნი, საგანგებო მდგომარეობა - ეს არის გზა, რომელიც აირჩია იტალიამ კორონა ვირუსისა და კრიზისის სამართავად.

ტელევიზორებიდან ყოველ წუთს გაიგონებთ იტალიაში ინფიცირებულთა, გარდაცვლილთა განახლებულ მაჩვენებელს, კოლოსალურ და საგანგაშო ციფრებს, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება.

თუმცა ნაკლებად გაიგონებთ რაიმეს სამხრეთ კორეაზე, შვედეთზე, ნორვეგიასა და სხვა ბევრ ქვეყანაზე. ალბათ იფიქრებთ, ლოგიკურიცაა, რადგან იქ ვირუსის ბუმი არ არისო.

კი ეგრეა. იქ ვირუსის ბუმი არ არის, თუმცა არა იმიტომ, რომ ამ ხალხს გამორჩეული იმუნური სისტემა აქვთ და კორონა ვერ ეკარებათ, ან იმიტომ, რომ სწრაფად დაკეტეს ყველაფერი და კარანტინებში და სახლებში გამოკეტეს საკუთარი მოსახლება, არაა!

ამ ქვეყნებმა აირჩიეს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ეფექტური, უფრო სწორი და უფრო კარგი მიდგომა.

ეს მიდგომა იყო, როგორც ქალბატონი მინისტრი იტყოდა, “აგრესიული” ტესტირება, დიაგნოსტირება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და სხვა.

მსოფლიო მეცნიერებამ ვირუსის გავრცელებიდან მალევე შექმნა სწრაფი ტესტი, რათა მომენტალურად დადგენილიყო აქვს თუ არა ადამიანს კორონა ვირუსი. თუ არ აქვს, შესაბამისად მის 2 კვირა სადმე გამოკეტვას ლოგიკური ახსნა არ აქვს. ხოლო, თუ კორონა დაუდგინდება, მაშინ შესაბამისი მკურნალობა გაეწევა. 

ამ მიდგომით არაა საყოველთაო კარანტინიზაციის, ყველა ბიზნესის დახურვის, მოსახლეობის სახლში გამოკეტვის, საგანგებო მდგომარეობისა და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის საჭიროება.

ამასთან ერთად, აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. შექმნეს რუკა, სადაც მონიშნულია კორონა ვირუსის დაფიქსირების არეალები, მოსახლეობას კი მარტივად შეუძლია თავი დაიზღვიოს ინფიცირების რისკისაგან.

ეს მიდგომა გამოდგა ბევრად ეფექტური, ვიდრე ის მიდგომა, რომელსაც გახარია და ქართული მედია ერთადერთ გამოსავლად გვტენის.

მარტივად გადასამოწმებელია დაინფიცირებულთა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიხედვით.

იტალიის შემთხვევაში გარდაცვალების მაჩვენებელი არის ინფიცირებულთა 9%. სამხრეთ კორეის შემთხვევაში 1.17%; შვედეთი 1.19%; ნორვეგია კი 0.31%. 

მარტივი მისახვედრია, რომელი მიდგომა უფრო ეფექტურად მუშაობს კორონას წინააღმდეგ, რომელი მიდგომა უფრო ადეკვატურად უმკლავდება კრიზისს,
რომელი მიდგომა არ გაანადგურებს ქვეყნის ეკონომიკას,
რომელი მიდგომა არ დატოვებს მშიერს ქვეყნის მოსახლეობას,
რომელი მიდგომით არ გამოკეტავენ საკუთარ მოქალაქეებს 2 კვირა კარანტინში იმიტომ, რომ შეიძლება კორონა ჰქონდეს, შეიძლება არა!

ამის საწინააღმდეგო არგუმენტად კი გვესმის - ტესტი ძვირია.

საბედნიეროდ, ბაზარმა შექმნა ეს ტესტი, თანაც არაერთმა ფარმაცევტულმა გიგანტმა. მის ფასზე სხვადასხვა მითქმა-მოთქმაა, თუმცა ობიექტურად, ერთეული ტესტის ფასი150$-მდეა.

ალბათ ხვდებით, რომ 150$ არაფერია იმ ხარჯებთან შედარებით, რასაც ქვეყანა ხარჯავს ამ საყოველთაო კარანტინიზაციით,რომელშიც ჩართულია ყველა სახელმწიფო უწყება. ამ ყველაფერს კი ძალიან დიდი საბიუჯეტო რესურსი სჭირდება. 

თუმცა, პირდაპირ ფინანსურ დანახარჯებს უნდა მივუმატოთ ის დანაკარგი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკა განიცდის ამ არაწორი მიდგომით. ის დახურული ბიზნესები, ის უმუშევრად და უხელფასოდ დარჩენილი ადამიანები არის ფასი, რომელსაც კრიზისის ამ მიდგომით მართვისთვის ვიხდით და კიდევ უფრო “ძვირს” გადავიხდით, სამწუხაროდ.

გახარია გვეუბნება, რომ ტესტირება პანაცეა არ არის და ყველა კითხვას, რომელიც ტესტების ქვეყანაში შემოტანას ეხება აბსურდულ პასუხებს სცემს, ან წარმატებით არიდებს თავს.

მაშ, რატომ არ ვირჩევთ კორონასა და კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ეფექტურ მოდელს, რატომ ვართ კარანტინებში, რატომ არ გვიკეთებენ ტესტებს, რატომ არის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული, რატომ ვანგრევთ ქვეყნის ეკონომიკას და რატომ ვწირავთ შიმშილისთვის მოქალაქეებს აპოკალიფსური მოტივებით?

პასუხი მარტივია - გახარია არჩევნების მოგებას კორონათი აპირებს.

ხელისუფლებას რომ მართლა ადამიანების ჯანმრთელობა აინტერესებდეს და სხვა მიზანს არ ხედავდეს ამ ხელოვნურ კრიზისში, პირველ რიგში, თავს არ მოიტყუებდა და ჩვენ არ მოგვატყუებდა, რომ საგანგებო მდგომარეობისას შეკრების თავისუფლების საქვეყნო შეზღუდვა საპატრიარქოს და ეკლესიას არ ეხება.

ქართულმა მედიამ, ხელისუფლების მორჩილებისა თუ კრიტიკის დაუცხრომელი სურვილით დაბრმავებულებმა, მოსახლეობაში დანერგეს შიში. ზოგი საფუძვლიანი, ზოგი უსაფუძვლო, ზოგი ზომიერი, ზოგი გადამეტებული, თუმცა ბოლოს მივიღეთ ის, რომ შეიქმნა ხელოვნური კრიზისი. 

მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, ზოგი 2 წლის სამყოფ ტუალეტის ქაღალდს იმარაგებდა, ზოგი მაკარონს, ამან გამოიწვია ფასების ზრდა და პროდუქციის დეფიციტი, ეს კიდევ უფრო აპანიკებს მოსახლეობას და სრული აპოკალიფსისთვის მოემზადა.

ამ კრიზისულ სიტუაციაში კი, რა თქმა უნდა, მთავრობამ, გახარიამ, ბიძინამ დაინახა უზღვავი და უპირობო ლეგიტიმაციის წყარო და დაეწაფა ამ წყაროს.

ჯერ “სოციალურად უპასუხისმგებლოებს” დაუწყო დევნა პატრულით და აიწია რეიტინგი, მერე 2 კვირა კარანტინებში გამოკეტა უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეები, ჰქონდათ თუ არა კორონა.
თან კარგი საკარანტინო პირობებით იწონებდნენ თავს და მოსახლეობაც ტაშს უკრავდა, აბა როგორ, ქართველებს ხო ფეხებზე გვკიდია ყველა და ყველაფერი, ჩვენ ხო ყველაზე უპასუხისმგებლო ერი ვართ და გახარიას, რომელიც ნახევარი წლის წინ თვალთხარია ეწოდა, მოვთხოვეთ ჩვენი შველა და გადარჩენა. 

გახარიამაც, რომლის ხელისუფლების რეიტინგი და ლეგიტიმაცია გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა, არ დააყოვნა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ექსკლუზიური უფლებები გაიფორმა, მათ შორის მიიღო უპირობო ლეგიტიმაცია შეეზღუდა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები, რისი გამოცდილებაც, მასაც აქვს და სამწუხაროდ, ჩვენც გამოგვიცდია ბოლო თვეების განმავლობაში.

მერე ბიზნესმენები დაიბარა თავისთან და “სოციალური პასუხისმგებლობა” მოსთხოვა, ბრინჯის სუბსიდიას დაგვპირდა და პირბადეების ეროვნული წარმოების აყვავების პირობა დადო.

აპოკალიფსურ სცენარებში ადამიანები ელიან ხსნას, და გახარიამ მარტივად შეითავსა მხსნელის როლიც.

მედია კი ისევ, ნებით თუ უნებლიეთ ასრულებს ხელისუფლების დათვურ სამსახურს და ადამიანებს უკვე ეჭვიც არ ეპარებათ, რომ რამე სწორად არ კეთდება. 

პირიქით, ამაყობენ კიდეც, რომ საქართველო ასე ეფექტურად უმკლავდება კრიზისს. ფიქრობენ, რომ ევროპაზე უკეთაც კი ვართმევთ თავს. რად დაგვიჯდება ეს ყველაფერი კი არავინ ფიქრობს!

ხელისუფლების ლეგიტიმაციის ტალღა ისეთი სიძლიერისაა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიებიც კი დახამდნენ მას. მათაც დაინახეს რეიტინგის აწევის საშუალება ამაში.

გავრილოვის ღამის მერე ბოიკოტზე მყოფი საპარლამენტო ოპოზიცია, თავმომწონედ ვიხილეთ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, ერთხმად რომ დაუჭირეს მხარი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ქვეყანაში და უპირობოდ გაუფორმეს გახარიას სამართლებრივი ლეგიტიმაციის ექსკლუზიური ბერკეტები.

მერე ტელევიზორში გამოდიან და სიამაყით ამბობენ ჩასაფრებული პოზიციიდან არ ვესაუბრებით ხელისუფლებასო და გახარიაზე ადრე საგანგებო მდგომარეობის ინიციატივა ჩვენ გავაჟღერეთო.

აი ასე, გვიქმნიან ხელოვნური კრიზისს, ასე გამოგვკეტეს კარანტინებში და სახლებში, ასე გვინგრევენ ეკონომიკას, ბიზნესს, სამუშაო ადგილებს, ლარს,

ასე ხდება თვალთხარია - მესია

და

ასე იგებს "ქართული ოცნება" არჩევნებს.

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო მედიის, ლეგიტიმაციისა და ხელისუფლების ურთიერთმიმართების სპირალურობაზე:
მედია ქმნის აპოკალიფსურ სურათს, მოსახლეობას უჩნდება შიში, ხელისუფლება იღებს ლეგიტიმაციას. მთავრობა ამბობს, რომ სახლში დარჩით. 
შემდეგ ისევ თავიდან, ჟურნალისტი მიდის სავაჭრო ჯიხურში და ეკითხება, რატო არ დახურა ობიექტი მთავრობის რეკომენდაციის მიუხედავად, ხალხისგან ლეგიტიმაცია, და უკვე მთავრობა რეკომენდაციებს კიაღარ გამოსცემს, არამედ დეკრეტებს, რომელსაც ორგანული კანონის ძალა აქვს. 
ისევ და ისევ, ყოველდღიურად ხდება ეს პროცესი. ყოველი რეპორტაჟი არის ამ სპირალის ნაწილი.

ყველა მხრიდან გვესმის, რომ ხელისუფლება არ უნდა ვაკრიტიკოთ, რათა კრიზისი კიდევ უფრო არ გავამწვავოთ, ხელოვნურად შექმნილი კრიზისი.

თუ საკითხს სხვა თვალით უყურებ და ამას გააჟღერებ, ისევ გაისმის: შეხედე აგერ იტალიას, გინდა ასე დაგვემართოს და მოსახლეობა დაიხოცოს?!

და მერე ისევ აგრესია, ირონია და ქილიკი.

ბიძინა რომ ამერიკის ელჩთან, მთელ დასავლეთთან და ოპოზიციასთან კომპრომისზე წავიდა და საარჩევნო სისტემაზე საბოლოო შეთანხმება შედგა, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, ასე წარმატებით თუ გამოიყენებდა კორონას, არსაიდან რეიტინგის მოსატანად.

ან იქნებ ეგ ჰქონდა ჩაფიქრებული თავიდანვე. კონსპიროლოგებმა იმსჯელონ მაგაზე.

ძალიან მინდა ოპტიმისტურად დავასრულო, თუმცა არ გამომდის. 

აქამდე თუ წაიკითხე, ალბათ ისიც გაიაზრე, რომ შექმნილი კრიზისი
მხოლოდ (ან “მხოლოდ”-ის გარეშე) კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას არ ემსახურება.

დღეს კი, როცა საქართველოში კორონაც დაძრწის, შიმშილიც და ძალაუფლებით გაგიჟებული გახარიაც, რომელი მათგანი შემიწირავს ნაკლებ მნიშვნელოვანია!

 

ლუკა ჭიჭინაძე სპეციალურად გირჩისთვის

კომენტარები