სიახლეები

ოპოზიციამ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა

რა იქნება 2020 წლის არჩევნებისა და "ქართული ოცნების" დამარცხების შემდეგ? - უკვე რამდენიმე თვეა, "გირჩის" ინიციატივით, ოპოზიციური პარტიები სწორედ ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობენ. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ისინი გამარჯვების შემდეგ აპირებენ, საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლაა. 

ოპოზიციამ სასამართლო რეფორმის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწია და მემორანდუმს ამ წუთებში აფორმებენ. 

მემორანდუმის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

პოლიტიკურ პარტიათა შეთანხმება სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე
 
ქვემოთ ხელმომწერი პარტიები ვთანხმდებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განვახორციელებთ შემდეგ რეფორმებს და დავისახავთ შემდეგ ამოცანებს:

 1. ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე; შემდეგი ოთხი წლის მანძილზე - ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს;

2. 2021 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას;  სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულს, ნაფიც მსაჯულთან ერთად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს, ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე იქნება დანიშნული თუ პირდაპირი წესით არჩეული მოსამართლე;

3. საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება; საკონსტიტუციო ცვლილების გზით - 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტის გაუქმება.

4. უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოდან მოსამართლეების დანიშვნა ხანგძლივი ვადით, რომლებიც ყველა შესაძლო  კოლეგიის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ;

5. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს ან მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) დავებზე, აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივ პრეცედენტებად აღიარება.
 


ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები