სიახლეები

ვაქცინაცია

აშკარაა, რომ ის ადამიანები, რომლებიც, ზოგადად, ვაქცინაციის წინააღმდეგები არიან, ხშირად, შეთქმულების თეორიების და ფსევდომეცნიერული მითების მსხვერპლს წარმოადგენენ და ამით საკუთარი ან სხვისი ბავშვების - და არა მხოლოდ ბავშვების - სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, რაც სრულიად გაუმართლებელია. საშინელი ინფექციების თავიდან აცილების საქმეში ვაქცინებს უზარმაზარი დადებითი როლი აკისრიათ. 

თუკი მშობელს ბავშვისთვის ზიანი მოაქვს, მაგალითად, თუკი არ უვლის მას, ან მასზე ძალადობს, ასეთი მშობელი ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მას მშობლის უფლებები სასამართლოს გზით უნდა ჩამოერთვას. ბავშვების ვაქცინაციაზე უარის თქმა ასეთი შემთხვევად არ შეიძლება ჩაითვალოს. გასათვალისწინებელია ე.წ. ჯოგის ეფექტი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თუკი გარშემო საკმარისი ბავშვია აცრილი, ეს აუცრელ ბავშვებსაც იცავს, რადგან ინფექციის გადაცემის ჯაჭვია გაწყვეტილი. მეორე მხრივ, როგორც კი აცრილი ბავშვების პროცენტი გარკვეულ კრიტიკულ რიცხვს ჩამოცდება, ეპიდემიების წარმოქმნის და ელვისებური სისწრაფით გავრცელების საფრთხე ვითარდება.

შეიძლება ითქვას, რომ ის მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილებს არ ცრიან, მათ ვაქცინების გვერდითი ეფექტებისგან იცავენ, მაგრამ ამას მთელი საზოგადოებისთვის და, საბოლოო ჯამში, საკუთარი შვილებისთვის ინფექციური დაავადებების საფრთხის გაზრდის ხარჯზე აკეთებენ.

ამავე დროს, ვერც მეორე მხარის პოზიცია უძლებს კრიტიკას. აშკარაა, რომ ვაქცინებს, ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვა მედიკამენტს, გააჩნიათ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ეფექტები. უფრო უკეთესი, ანუ, უფრო ეფექტური, უსაფრთხო, და იაფი ვაქცინების შექმნა მუდმივი პროცესია და, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერ წარმოებაში, კონკურენცია აქაც მაღალ ხარისხს და/ან დაბალ ფასს ქმნის.

სამწუხაროდ, ვაქცინების წარმოება, როგორც წესი, სახელმწიფოების მიერაა ძალადობრივად მონოპოლიზებული, რაც იმას იწვევს, რომ ვაქცინების ეფექტურობა და ხარისხი დაბალია, ხოლო მათი ფასი - მაღალი.

თუკი, მაგალითად, საბჭოური ავტომობილები უვარგისი, ანუ, არაკომფორტული, სახიფათო, და ძვირი იყო, რადგან მათ სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლია აწარმოებდა, ზუსტად იგივე მიზეზის გამო სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლიის მიერ წარმოებული ვაქცინები, ასევე, შეიძლება  დაბალეფექტური, სახიფათო, და ძვირი იყოს.

ამჟამად, როგორც წესი, ვაქცინებს თავად მთავრობები კი არ აწარმოებენ, არამედ ამას მათთან გარიგებული და, ამდენად, ძალადობრივი მონო- და ოლიგოპოლიის მდგომარეობაში ჩაყენებული კერძო კომპანიები აკეთებენ, თუმცა, ამით პრინციპულად არაფერი იცვლება. ეს კრონი ბიზნესები მთავრობებს მათ მიერ დაწესებული შეზღუდვებით - მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების ყალბი უფლებით - კონკურენციისგან ჰყავთ დაცული. საბოლოო შედეგი იგივეა: დაბალი ხარისხი და/ან მაღალი ფასი. 

რადგან მომხმარებელს ამ მაღალი ფასის გადახდა უჭირს, ვაქცინების წარმოების საფასურის გადახდას მთავრობა, ჩვეულებრივ, გადასახადების გადამხდელებს აიძულებს. ძალადობრივი მონო- და ოლიგოპოლიების მიერ წარმოებული ვაქცინების დაბალი ხარისხი, თავის მხრივ, იმას განაპირობებს, რომ ადამიანების ნაწილს საკუთარი ბავშვების ვაქცინაციაზე უარის თქმის სურვილი უჩნდება და ამას, საბოლოოდ, ეპიდემიების აფეთქებასთან მივყავართ ხოლმე. 

ასეთი ეპიდემიების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა ცდილობს მოსახლეობას ძალადობრივი მონო- და ოლიგოპოლიის მიერ წარმოებული უხარისხო და/ან ძვირი ვაქცინების მოხმარება აიძულოს, რასაც ამ მოსახლეობის მხრიდან სრულიად გასაგები უარყოფითი რეაქცია მოსდევს ხოლმე პასუხად. გაუმართლებელია, რომ მომხმარებელს ჯერ რომელიმე პროდუქტის ან სერვისის არჩევის უფლება  წაართვა, რაც, დიდი ალბათობით, ამ პროდუქტის ხარისხს და/ან ფასს გააუარესებს, და შემდეგ მას ამ პროდუქტის ან სერვისის მოხმარება აიძულო.

ანტივაქსერების დაცინვის ნაცვლად, ბევრად უფრო სწორი იქნება, რომ ვაქცინების წარმოების სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლიის კლანჭებიდან გამოგლეჯა და ამ პროცესის ერთმანეთთან შეუზღუდავ კონკურენციაში მყოფი კერძო კომპანიებისთვის გადაცემა მოვითხოვოთ, ხოლო ვაქცინების საფრთხის ან უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მოპოვების და მოსახლეობისთვის მისი მიწოდების უფლება ინტერესთა კონფლიქტში არმყოფ მხარეს, ანუ, კვლავაც, ერთმანეთთან შეუზღუდავ კონკურენციაში მყოფ სხვა კერძო კომპანიებს მივცეთ.

ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ სწორი ინფორმაცია მიიღოს იმ პროდუქტის ან სერვისის შესახებ, რომელსაც მოიხმარს, და არავის აქვს იმის უფლება, რომ სხვა ადამიანებს ამა თუ იმ პროდუქტის ან სერვისის მოხმარება აიძულოს. ვერავინ დამაჯერებს იმაში, რომ, ზოგადად, მშობლებს უფრო ნაკლებად ადარდებთ საკუთარი შვილების ჯანმრთელობა, ვიდრე სახელმწიფო ბიუროკრატიას. გამონაკლისები სწორედ წესების არსებობას ადასტურებენ.

ის, რომ ადამიანების დიდ ნაწილს სათანადო განათლება არ გააჩნია, რათა ვაქცინების შესახებ სწორი ინფორმაცია მიიღოს და სათანადო დასკვნები გააკეთოს, დიდწილად, ასევე განათლების სერვისის სახელმწიფოს მიერ ძალადობრივად მონოპოლიზების შედეგია, თუმცა, ეს სხვა საუბრის თემაა.

ავტორი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები