სიახლეები

თამბაქო და მთავრობა

ის, რაც ამჟამად თამბაქოს გარშემო ხდება, არის მომხმარებლებზე ძალადობის - გაზრდილი გადასახადების გზით მათთვის ფულის წაგლეჯვის - შეფუთვა მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვის კეთილშობილურ საბურველში.

ზოგადად, მთავრობას ძალიან უყვარს მის მიერ ჩადენილი ძალადობის გახვევა რაღაც დიად მიზნებზე ზრუნვაში - წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობისთვის ამა თუ იმ სისაძაგლის მისაღება ძალიან გაუჭირდებოდა. საბოლოოდ, ეს თავად კეთილშობილურ მიზანს უტეხს სახელს და ლაფში თხვრის.

თამბაქოს მოწევა არის ჯანმრთელობისთვის უაღრესად მავნე ქმედება და რაც უფრო მეტი ადამიანი დაანებს მას თავს, მით უკეთესი იქნება, მაგრამ ეს ადამიანებმა საკუთარი ნებით უნდა გააკეთონ და არა იმიტომ, რომ მათ ამის გაკეთებას აძალებენ, მათივე ძარცვის გზით.

ეს ქმედება არაეფექტური და კონტრპროდუქტიულია, რადგან თამბაქოზე მოთხოვნას კი არ ამცირებს, არამედ მხოლოდ მისი მოწოდების შემცირებას ცდილობს. სანამ არსებობს მოთხოვნა, ადამიანები ყოველთვის ეცდებიან საკუთარი მოთხოვნის ალტერნატიული გზებით დაკმაყოფილებას და, ხშირად, მოახერხებენ კიდეც ამას, იქნება ეს უფილტრო სიგარეტი და შესახვევი თამბაქო, სანამ მათზეც გაიზრდება გადასახადი, კონტრაბანდა თუ არალეგალური წარმოება-გასაღება.

რაც უფრო მაღალი იქნება სიგარეტის ფასი, მით უფრო მიუახლოვდება არსებული მდგომარეობა სიგარეტის აკრძალვას და ადამიანებს ამ პროდუქტის არალეგალური გზით მოპოვება-მოწოდების მით უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ. შედეგი იგივე იქნება, რაც აკრძალული ნარკოტიკების შემთხვევაში გვაქვს: ხარისხის კონტროლის მოსპობა, სიგარეტის ბაზრის ძალადობრივი გარჩევების ასპარეზად ქცევა, და გადასახადების გადამხდელებისთვის წართმეული ფულის ფლანგვა უმსხვერპლო "დამნაშავეების" გამოვლენაზე, დაკავებაზე, გასამართლებაზე, და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შენახვაზე.

მეორე მხრივ, ის, რომ სიგარეტის არალეგალური ბაზრიდან სახელმწიფოს გადასახადები ვერ ამოაქვს, სულაც არ მიმაჩნია პრობლემად - პირიქით, ყოველნაირად მივესალმები ამას. გადასახადები არის ძარცვა, და რაც უფრო ნაკლებად მოახერხებს სახელმწიფო ამ გზით უდანაშაულო ადამიანების გაძარცვას და მერე ნაძარცვი ფულის თავის ჭკუაზე გაფლანგვას, მით უკეთესი.

ასევე არ მიმაჩნია პრობლემად ის, რომ კონტრაბანდული სიგარეტი აფხაზეთიდან შემოდის. რაც უფრო მეტი ვაჭრობა - თუნდაც, არალეგალური - იქნება აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის, მით უფრო მეტად გამდიდრდება ორივე მხარე, მით უფრო მეტად დაუახლოვდებიან ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს, და მით უფრო მეტად აღმოიფხვრება შუღლი და მტრობა მათ შორის.

თამბაქოს მოწევა ჰაერიდან მოფრენილი მავნე ჩვევა არ არის. სწორედ თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებთან გარიგებულ მთავრობებს მიუძღვით ლომის წილი იმაში, რომ ადამიანები ეწევიან. მთავრობები ათწლეულების განმავლობაში ასუბსიდირებდნენ თამბაქოს წარმოებას. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ ჯარისკაცებს სახელმწიფოები სიგარეტს მიზანმიმართულად ურიგებდნენ, რათა ეს ადამიანები ამ მავნე ჩვევაზე შეესვათ. სიგარეტის რეკლამირებას სახელმწიფო მასმედიის საშუალებები ახდენდნენ.

დღეს, როცა ჯანმრთელობისთვის თამბაქოს წევის უკიდურესი მავნებლობა ფართოდ გახდა ცნობილი, სახელმწიფო მის მიერვე თამბაქოს წევას მიჩვეული მომხმარებლებიდან, ვითომდა, ისევ ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით, დამატებითი გამორჩენის მიღებას ცდილობს, თამბაქოზე დაწესებული გაზრდილი გადასახადების გზით, და კერძო რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში სიგარეტის წევის აკრძალვის შედეგად ამოღებული ჯარიმების გზით. ეს უკანასკნელი კერძო საკუთრების უფლების უხეშ შელახვას წარმოადგენს.

მწეველების დიდი ნაწილი ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ თამბაქოს წევით საკუთარ ჯანმრთელობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს და ამ მავნე ჩვევისთვის თავის დანებებას ცდილობს, ხოლო თავისუფალი ბაზარი და მასზე მიბმული ტექნოლოგიური პროგრესი ამ სურვილის დაკმაყოფილებას ცდილობენ.

როგორ მაიქლ რასელს აქვს ნათქვამი: "ადამიანები ნიკოტინის გულისთვის ეწევიან, მაგრამ ტარათი კვდებიან". თავად ნიკოტინი, იმ დოზით, არ დოზითაც სიგარეტის წევის დროს ხდება მისი მიღება, ჯანმრთელობისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს. ჯანმრთელობისთვის ძლიერ საფრთხეს სწორედ სიგარეტის "ტარა", ანუ, ის ბოლი ქმნის, რომელიც სიგარეტის წვის დროს წარმოიშვება და უაღრესად მავნე ნივთიერებებითაა გაძეძგილი.

სწორედ ამიტომ შეიქმნა ალტერნატიული პროდუქტები ნიკოტინის შემცველი საფენების, ნიკოტინის შემცველი საღეჭი რეზინების, და, ბოლოს, ელექტრონული სიგარეტის სახით. ელექტრონული სიგარეტი ბევრად უფრო ნაკლებად მავნებელია, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი, და მან მალე მოიპოვა პოპულარობა. სამწუხაროდ, სახელმწიფოები ყოველნაირად უშლიან ხელს ელექტრონული სიგარეტით ჩვეულებრივი სიგარეტის ჩანაცვლებას, ელექტრონულ სიგარეტზე მკაცრი შეზღუდვების და აკრძალვების დაწესების გზით.

ავტორი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები