სიახლეები

217 Views
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: "მოლაპარაკებების აღდგენა პოლიტ პატიმრების გათავისუფლებით უნდა დაიწყოს"

იაგო ხვიჩიამ ტვ-პირველის ეთერში არჩილ თალაკვაძესთან მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა. "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესებულია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ტემპერატურის დაწევით და საუბარი სწორედ ამ მიმართულებით წარიმართა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ხელისუფლებას ესმოდეს, რომ არჩევნების წელს, ამ დაძაბულ ფონზე, მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიტიკური პატიმრების არსებობა სერიოზული პრობლემაა.
მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ხელისუფლების მიერ დადებული სიტყვის შესრულებაა.

"ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ გააგრძელონ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება. ჰქონდეთ სათქმელი, რომ პირობა მეტნაკლებად შესრულებულია.
ის, რაც მე წარმომიდგენია მოცემული პოლიტიკური სიტუაციის განსამუხტად, არ ეწინააღმდეგება სხვა ოპოზიციური პარტიების სურვილებსა და მოთხოვნებს.

ხვიჩიას თქმით, თალაკვაძესთან შეხვედრაზე დანარჩენი ოპოზიციისთვის მიუღებელი წინადადებები არ წაუყენებია და ლაპარაკს ყოველთვის აქვს აზრი, თუკი ის სერიოზულობას არ დაკარგავს. 

"ჩემი აზრით, გაერთიანებულ ოპოზიციას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სწორი მოთხოვნები აქვს და მათ გვერდით ვდგავარ. ხოლო რაც შეეხება ლაპარაკს, მე ამაზე არასოდეს უარს არ ვამბობ.არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ხალხი უდანაშაულოდ გვიზის ციხეში. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება უხერხულია იქამდე, ვიდრე ეს ხალხი ზის ციხეში. 

როცა ვლაპარაკობთ და იმ მოლაპარაკების ერთ-ერთ მონაწილეს იჭერ, ამ მოლაპარაკებას აზრი ეკარგება, მაგრამ როცა საუბარია იმაზე როგორ შეიძლება აღდგეს ეს დიალოგი, ამის ალტერნატივა სხვა არაფერია."

- ამბობს იაგო ხვიჩია დიანა ტრაპაიძის ეთერში.

შეგახსენებთ, 18 თებერვალს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. საუბარი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის აღდგენის შესაძლებლობებს ეხებოდა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები