სიახლეები

საბანკო რეგულაციების შესახებ

ამას წინათ, სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა: სააბაზანო ხალათში "გამოწყობილი" მამაკაცი ბანკომატით სარგებლობს და იქვე კომენტარი: მეორე ჩამოსვლაზე ხალათიც არ ეცმებაო... მინიშნება გასაგებია, ე.ი. ბანკი მაგ ხალათსაც გახდის მალეო. დიახ, ერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელზეც საზოგადოების დიდ ნაწილში საკმაოდ ნეგატიური აზრია ჩამოყალიბებული ბანკი გახლავთ. არადა ბანკი და კრედიტი იმდენადაა დამნაშავე კონკრეტული მსესხებლის გაკოტრებაში რამდენადაც მკვლელობის იარაღი მკვლელობაში.

ილია ამბობდა: "კრედიტი, რომელსაც ფული მოაქვს, ორპირი დანაა. ამ დანით კაცი გაჭირების იარასაც მოითლის და გასაღდება და ყელსაც გამოიჭრის იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოიხმარა შემწეობა კრედიტისა."

დიახ, პირად გერგილიანობას, სწორ, ყაირათიან დამოკიდებულებას ამ საკითხთან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ასე რომ სანამ სხვისკენ გავიშვერთ ხელს, აჯობებს საკუთარ ქმედებებს გადავხედოთ. თუმცა, არის კიდევ ერთი ასპექტი - კერძოდ, ხალხში ერთობ პოპულარულია აზრი ბანკების რაოდენობის შემცირების, ონლაინ სესხების აკრძალვის და ამ სფეროში მოქმედი კანონების გამკაცრების შესახებ. არადა ყველაფერი პირიქითაა, რაც მეტი ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სწრაფი სესხი გამოჩნდება ბაზარზე, მით მეტი კონკურენცია, დაბალი პროცენტი და მომსახურების მაღალი ხარისხი გვექნება. ის, რომ ბანკები, მიკრო თუ "მაკრო", "ყაჩაღადაა" გადაქცეული ეს სწორედ ხელისუფლების (ეროვნული ბანკის მეშვეობით) ჩარევის, ლიცენზიების, რეგულაციების, უსამართლო კანონების და ზოგადად პროტექციონიზმის გამოა. აი, მაგალითად: ბინა გაქვთ გაქირავებული, ან ნათესავი ცხოვრობს თქვენთან და მას რომელიღაც საფინანსო ორგანიზაციის ვალი დაედო, მოდის ამომღები და მიაქვს თქვენი ტელევიზორი ან სხვა რამ. არავინ დაგიდევთ, რომ არც ვალის აღებასთან გაქვთ შეხება და არც გადაუხდელობასთან. ნივთების უკან დასაბრუნებლად სასამართლოს უნდა მიმართოთ, წარადგინოთ მტკიცებულება, რომ ნივთები თქვენია და ბანკის მოვალე სუბიექტს მასთან კავშირი არ აქვს.

ვფიქრობ, მკითხველი კარგად ხვდება სიტუაციის მთელ აბსურდულობას, კანონმა სრული კარტბლანში მისცა ბანკს, "ქურდები" რომ არ ვართ თავად უნდა ვამტკიცოთ! იქნებ მითხრათ ამ ძალადობას და უნამუსობას კანონის სახე ვინ მისცა? ხელისუფლებამ ხომ არა?!

აი, კიდევ ერთი მაგალითი: მოგეხსენებათ ე.წ პენსიას მხოლოდ "ლიბერთი ბანკში" იღებენ. ალბათ ბევრი, პენსიის რიგში დგომისგან გაბეზრებული, დაფიქრებულა რატომ არ შეუძლია კუთვნილი პენსია იმ ბანკში აიღოს, რომელიც მისთვის უფრო ხელასაყრელია? ეგებ სხვამ უკეთესი სერვისი შესთავაზოს? რატომ ?! იმიტომ, რომ ბიუროკრატია ასე მუშაობს, სწორედ ამით ხეირობს, უქმნის რა სასათბურე პირობებს ფავორიტ კომპანიებს...

რისი თქმა მინდა: პრობლემა თავისთავად ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები არაა, პრობლემა ხელისუფლებაა მასთან შეზრდილი ბანკებით, თავისი რეგულაციებით და უსამართლო კანონებით, ანუ ის სივრცე რომელსაც სახელმწიფო ქმნის (უფრო მართებული იქნება ვთქვათ: გვიზღუდავს) ჩვენი საქმიანობისათვის. სწორედ ხელისუფლება ძარცვავს ხალხს შებოჭილ-დარეგულირებული ბანკების მეშვეობით, აკისრებს რა მათ საკმაოდ მაღალ გადასახადებს. მთავრობის პროტექციონისტულმა პოლიტიკამ აქცია ბანკები მონსტრებად, როცა სახელმწიფო პოლიტიკა და კანონები ისეა მომართული, რომ ფავორიტ კომპანიებს კონკურენტები ხელოვნურად ჩამოაცილოს. თავისუფალი კონკურენციის პირობებში ძირეულად განსხვავებული ვითარება გვექნება, ბანკები ერთმანეთს შეეჯიბრებიან უკეთესი პირობების შემოთავაზებაში...ასე რომ, ჩვენ, მომხმარებელმა ხელისუფლებას "კონტროლი" და "აკრძალვები" კი არ უნდა მოვთხოვოთ, არამედ პირიქით, მეტი გახსნილობა, დერეგულაციები და ნაკლები კონტროლი. რამდენი "ბანკი" იქნება ქვეყანაში და რამდენი ონლაინ გამსესხებელი ამას ბაზარი და კონკურენცია გადაწყვეტს და არა მთავრობა და კანონი!

ავტორი: ვახტანგ ზენაიშვილი

კომენტარები