სიახლეები

ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის III შეხვედრის შეფასებები

ოპოზიციის სამუშაო ჯგუფი ღია შეხვედრებს განაგრძობს.

პირველ შეხვედრაზე, ჯგუფის წევრებმა სამუშაო ჯგუფის მუშაობის ზოგადი წესები განიხილეს. მეორე შეხვედრა კი მართლმსაჯულების სისტემას, კონკრეტულად კი სასამართლოზე საუბარს დაეთმო.

გუშინდელ, III შეხვედრაზე პარტიებმა საკუთარი განსხვავებული ხედვები გამოხატეს, რომელთა დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს.

იხილეთ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარები:

იაგო ხვიჩია: 

"შეხვედრაზე ვსაუბრობდით თუ როგორ იქნება სასამართლო მას შემდეგ რაც საქართველოში შეიცვლება ხელისუფლება. შეთანხმების პროცესი არ არის მარტივი, თუმცა ფაქტობრივად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს (თითქმის მთელ სისხლის სამართლის კოდექსზე,როცა ბრალდებული ამას ითხოვს), შემოღებაზე, არსებობს კონსესუსი და არსებობს წინასწარი შეთანხმება იმაზე, რომ მოსამართლეთა ნაწილი იქნება არჩევითი პირველი ინსტანციის სასამართლოში" 

რაც შეეხება თავად შეხვედრის ფორმატს იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ყველაზე საქმიანი ფორმატია რაც კი პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში ჰქონიათ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქმიანი საუბრები და შეთანხმების პროცესი პირველად გადაიცემა ლაივ რეჟიმში.

ხვიჩიას თქმით, ასეთ ახალ ფორმატს ადამიანთა ნაწილი ახლა ეჩვევა და არის მომენტები, როდესაც შეიმჩნევა გულწრფელობის ნაკლებობა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ადამიანებს სტიმული აქვთ იყვნენ გულწრფელები, ამიტომ ნელ-ნელა ამ მიმართულებით თვალსაჩინო წარმატებები იქნება. 

გიგა ბოკერია "ევროპული საქართველო" :

" დღევანდელი შეკრება გირჩის ოფისში ეძღვნებოდა იმ ფუნდამენტურ საკითხს, რომელიც არის გადასაჭრელი ქვეყანაში და რომელიც ვერცერთმა მთავრობამ ვერ გადაჭრა, იმ ხელისუფლების ჩათვლით, რომლის ნაწილიც მე გახლდით და რომელიც კიდევ უფრო დაამძიმა ივანიშვილმა კორუფციით და აი ამ უტიფარი საქციელით (ვგულისხმობ სასამართლოს დამოუკიდებლობას). უნდა გვქონდეს კონკრეტული ხედვა როგორ გამოვიყვანთ ქვეყანას ამ მდგომარეობიდან ივანიშვილის ჩამოცილების შემდეგ. ერთი შეხვედრა ასეთ სერიოზულ საკითხებს არ ყოფნის არც ორი და სამი, ამიტომ არის "გირჩის" იდეა სწორი და დროული. ამ ყველაფერზე მუშაობას სჭირდება სერიოზული განხილვა და შესაბამისად, როცა შეიცვლება ხელისუფლება მერე არ უნდა დავიწყოთ მსჯელობა." 

ხატია დეკანოიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" :

" შეხვედრები არის ძირითადად მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით. შემდეგ კი პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების შესახებ იქნება. ძალიან ბევრი მოსაზრებაა, ბევრს ვკამათობთ, თუმცა ყველა ვთანხმდებით ერთ საკითხზე, რომ საქართველოში უნდა იყოს კანონის უზენაესობა, უნდა იყოს მართლმსაჯულება და არა მახინჯი პოლიტიკური მართლმსაჯულების სისტემა, როგორიც არის ახლა.

სამართალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ადამიანის უფლებები, ადამიანი, როგორც პიროვნება, საკუთრება და ამასთან ადამიანის მიერ სამართლის პოვნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაზე ყველა ვთანხმდებით. "

ალეკო ელისაშვილი „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა” :

" ეს შეხვედრები ჩემი შეფასებით არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები რაც კი ოპოზიციას ოდესმე სადმე გაუმართავს.  აგერ უკვე 30 წელია პოლიტიკურ პროცესს ვაკვირდები ამ ქვეყანაში, ოპოზიცია ყოველთვის ლაპარაკობდა და ლაპარაკობს ტაქტიკურ  საკითხებზე - წინასაარჩევნოდ ვის შეეკვრება, როგორ შეეკვრება, სად, ვინ რას დააყენებს და ასე შემდეგ..მთავარი კი ისაა, საბჭოთა სისტემა და საბჭოთა კავშირი როგორ შეიძლება დაიშალოს. საბჭოთა კავშირი არის ის ძალოვანი სტრუქტურები ,მართლმსაჯულების სისტემა - აი ეს როგორ დაიშალოს და მომავალში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში როგორი უნდა იყოს საქართველო, რომ არავის არ ეშინოდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორების და ზოგადად არასწორი მართლმსაჯულების და დევნის, ამაზე არის აქ ლაპარაკი."

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის სამუშაო ჯგუფი ორპუნქტიან გეგმაზე თანამშრომლობს, რომელიც სისტემის დაშლას, დეცენტრალიზებულ  ძალოვან სტრუქტურებსა და რესტიტუციას (მოქალაქეებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემას) გულისხმობს.

 


ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები