სიახლეები

102 Views
პოლიტიკა

ევროპული საქართველო: არშესრულებული პირობის საკუთარ თავზე მიწერა, არაკორექტულია

2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მიერ ზაფხულში გაცემული დაპირების ირგვლივ დღეს გაკეთებულ განცხადებებს "ევროპული საქართველო" ეხმიანება.

განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "ამ ვითარებაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან ამ ჯერ არშესრულებული პირობის დადების საკუთარ თავზე მიწერა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული და არასწორია, " - პარტიის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა და მას უცვლელად გთავაზობთ.

" საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ღირებულებებით და სტრატეგიით განსხვავებული პოლიტიკური პარტიების ვალია, ამ ამოცანის გადაჭრაზე კონცენტრირება.

2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქართული დემოკრატიისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ პირობის დადება ქართული საზოგადოების აქტიურობისა და სიმამაცის დამსახურებაა; მათ შორის, განსაკუთრებით მათი, ვინც პროტესტი გამოხატა და ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად სამოქალაქო საზოგადოების დიდი სიმტკიცე აჩვენა ხელისუფლებას.

დღეს პროპორციული არჩევნები მიღწეული არაა. ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია. ამ ვითარებაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან ამ ჯერ არშესრულებული პირობის დადების საკუთარ თავზე მიწერა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული და არასწორია.

ასევე შეცდომაა ამ არაკორექტულ განცხადებაზე რეაგირებისას ოპოზიციის შემდგომი კოორდინაციისთვის რაიმე წინაპირობების დაყენება ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან.

ბუნებრივია, რომ ამ კონტექსტში მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვისაც მეტი პოლიტიკური წონა აქვთ. მოვუწოდებთ ყველას ვკონცენტრირდეთ ეროვნულ ამოცანაზე - ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაზე. შემდგომი კონკურენციის პირობებში პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული ფასეულობითი და სტრატეგიული სხვაობები საჯარო დისკუსიის ბუნებრივი და აუცილებელი ნაწილი იქნება." 

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ფეისბუქ სტატუსით გამოეხმაურა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ "ენმ-მ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს პროპორციული არჩევნების დაპირება"

როგორც ჯაფარიძე წერს, "გირჩი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" კომუნიკაციას გააგრძელებს, თუმცა გრიგოლ ვაშაძეს არაფერზე აღარ დაელაპარაკება. 

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

 

კომენტარები