სიახლეები

264 Views
პოლიტიკა

კუკავა: ვაშაძესთან დაკავშირებით ჯაფარიძის პროტესტს ვიზიარებ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის, განცხადების კრიტიკას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. 

როგორც პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა, კახა კუკავამ, "გირჩის" ახალი ამბების სააგენტოს განუცხადა, ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად, არც ის ეთანხმება გრიგოლ ვაშაძის განცხადებას. მიიჩნევს, რომ ის შინაარსობრივადაც არასწორია, რადგან პროპორციული სისტემისთვის ბრძოლა 2007 წელს დაიწყო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი იმავე წლის 7 ნოემბერს აქციაზე შეკრებილი საზოგადოება დაარბია. 

რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას, კუკავა აღნიშნავს, რომ ის ინტერპარტიული ჯგუფისგან წამოვიდა, რომელიც არასაპარლამენტო პარტიებით იყო დაკომპლექტებული, მათ შორის კი "ნაციონალური მოძრაობა" არ ყოფილა. 

"ნაციონალური მოძრაობა" ამ პროცესებში ბოლო ერთი წელიწადია ნამდვილად აქტიურად ჩაერთო და რა თქმა უნდა, ამაში მათი წვლილიც იყო. თუმცა, 20 ივნისის აქცია და ის მოვლენები, რომელიც გადამწყვეტი ფაქტორი გახდა, რომ ხელისუფლებას პროპორციული სისტემა დაეთმო, "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული არ ყოფილა.

კუკავა მიიჩნევს, რომ ვაშაძის ტონალობაც მიუღებელია. მისი თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" მსგავსად მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნის მთელი არჩევანი და პოლიტიკური სპექტრი დაიყვანება ორ არჩევნამდე, ანუ "ქოცამდე და ნაცამდე". კუკავას თქმით, ისინი თვითონ დაიყენებენ თავს ფართო საზოგადოების მიღმა.

"ქართული ოცნება" კეთროვანია და თუ ნაცებსაც უნდათ, რომ კეთროვანებში იდგნენ, იდგნენ .

კუკავა ზურაბ ჯაფარიძის ფეისბუქ სტატუსის ეთანხმება. ამბობს, რომ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სოლიდარულები არიან შეინარჩუნონ ორპარტიული მონოპოლია, რაც იწვევს პროტესტს და ამ პროტესტის მიმართ იგი სრულად სოლიდარულია.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ "ენმ-მ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს პროპორციული არჩევნების დაპირება"

ჯაფარიძე წერს, რომ "გირჩი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" კომუნიკაციას გააგრძელებს, თუმცა გრიგოლ ვაშაძეს არაფერზე აღარ დაელაპარაკება. 

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები