სიახლეები

102 Views
პოლიტიკა

გრიპის ვაქცინაზე დეფიციტი სახელმწიფოს ბრალი არაა - პაატა იმნაძე

სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება მაქსიმუმ დეკემბრის თვის ბოლო რიცხვებამდეა რეკომენდებული. აცრის მსურველებს კიდევ ათი დღე რჩებათ, თუმცა სააფთიაქო ქსელებსა და კლინიკებში ვაქცინა აღარ აქვთ. წელს გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო და დეფიციტად იქცა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რისკჯგუფში არ იყო და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი უფასო ვაქცინა არ ერგებოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ მაღალის რისკის ჯგუფებისთვის გრიპის იმდენი ვაქცინა შემოიტანა, რამდენიც საჭირო იყო, კომერციული სექტორის გათვლებზე კი სახელმწიფო პასუხს ვერ აგებს.

ის არ იზიარებს ბოლო დღეებში გამძაფრებულ კრიტიკას იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო გრიპის წინააღმდეგ აცრის მსურველი ადამიანების მოთხოვნა.

ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო აფთიაქები და ფარმაცია სახელმწიფოსი... ბიზნესის შემთხვევაში, მოთხოვნა თუ იქნება, ვაქცინაც იქნება... (თუ მოთხოვნა არის და ვაქცინა არ არის) ესე იგი ჩვენი ფარმაცევტული სექტორი მოიკოჭლებს ბიზნესში. მე ნუ მთხოვთ პასუხს იმაზე, რომ ვიღაც ბიზნესმენმა ვერ გათვალა თავისი ბიზნესი... ჩვენ გავთვალეთ ძალიან კარგად - 2,5-ჯერ მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ და ავცერით ყველა მსურველი მაღალი რისკის ჯგუფიდან.

- განაცხადა პაატა იმნაძემ 27 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, სახელმწიფომ უფასოდ აცრა მაღალი რისკის ჯგუფებში შემავალი 93 ათასი ადამიანი და კიდევ 7 ათასი ვაქცინაა მარაგში. აცრა სავალდებულო არ არის, მაგრამ, როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, „აცრა აუცილებელი რეკომენდაციაა მაღალი რისკის ჯგუფებისთვის“. მაღალი რისკის ჯგუფებში შედიან: ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ორსულები.

რაც შეეხება საერთო მდგომარეობას, პაატა იმნაძის თქმით, გრიპის შემთხვევებს საქართველოში ჯერ არ მიუღწევია ეპიდემიისთვის დამახასიათებელი ზღვრისთვის და ისეთი არაფერი ხდება, რაც ზამთრის სეზონზე წინა წლებში არ აღინიშნებოდა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები