სიახლეები

ინტელექტუალური საკუთრების შესახებ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა ინტერნეტის რეგულირებას ცდილობს. ინსტრუმენტი კი კანონია "ინტელექტუალური საკუთრების" შესახებ!

"ინტელექტუალური საკუთრება" ყალბი და გამოგონილი ცნებაა! ის სახელმწიფოების მიერ, რეალურად, ცოდნის გავრცელების წინააღმდეგ და კონტროლისთვისაა შექმნილი. "ამერიკაშიც ასეა" და "ევროპაშიც ასეა", შინაარსობრივად არაფერს ცვლის! "ინტელექტუალური საკუთრება" თავად საკუთრების ბუნებას, მის არსს ეწინააღმდეგება, საკუთრება ხომ შეზღუდულ რესურსებზე მყარდება?! ინტელექტუალური პროდუქტის (ცოდნის, აღმოჩენის, გამოგონების და ა.შ.) ბუნება ისეთია რომ ის, თავისთავად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე ვრცელდება, თანაც ისე, რომ  პირველწყაროს არაფერი აკლდება, პირიქით, თავადაც ახალი ცოდნით ივსება და ვითარდება, "არც ცხადის ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების". ცოდნის გავრცელება რომ შეაკავო სწორედ მაგას სჭირდება იძულება. ასეთი ტოტალური, ყოვლისმომცველი ძალა მხოლოდ სახელმწიფოს და მის კანონებს გააჩნია!  ხოლო ნამდვილი საკუთრების (რომელიც შეზღუდულ რესურსებზე მყარდება, რომელიც რა თქმა უნდა ხელშეუხებელია და მხოლოდ მესაკუთრის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების შედეგად შეიძლება გასხვისდეს) წართმევას კი ნამდვილად სჭირდება ძალის გამოყენება. იგი სხვა ადამიანებს თავისთავად, ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი ნების გარეშე, ისე, რომ ჩვენ არაფერი დაგვაკლდეს,  ვერ გადაეცემა. ჰოდა, სადაც არაძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ ძალა, იძულებაა საჭირო უსამართლობაც იქვეა! 

ამიტომაც უთქვამს ჭკვიან ხალხს:

როდესაც უსამართლობა კანონი ხდება, დაუმორჩილებლობა მოვალეობაა....

ავტორი: ვახტანგ ზენაიშვილი

კომენტარები