სიახლეები

როგორ დავშალოთ სისტემა?

საბჭოთა მართლმსაჯულებისა და მმართველობის სისტემა ჯოჯოხეთია - ის უმიზეზოდ აწამებს ადამიანებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ადრე შეგნებულადაც აწამებდა, რადგან ბოროტმა ადამიანებმა ამისთვის შექმნეს ის.

კომუნისტები ადამიანთა წამებით ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას და ეს სისტემაც ამისთვის სჭირდებოდათ. თითქმის ერთი საუკუნეა, რაც განათლებისა და მართლმსაჯულების სისტემები ყველაზე დიდი იარაღის როლს ასრულებს ბოროტების ხელში.

კომუნისტები წავიდნენ, ადამიანები დავრწმუნდით წამების ბოროტებაში და ის კანონით ავკრძალეთ, თუმცა, დემონი არსად წასულა და საბჭოთა მართლმსაჯულების (და განათლების) სისტემის სახით ყოველთვის გვახსენებს თავს.

ჩვენი ყველა ხელისუფალი ამ სისტემის მსხვერპლია. 

მე მჯერა, რომ თავიდან ისინი ნორმალური ადამიანები იყვნენ, მაგრამ ბოროტებამ, რომელიც ამ სისტემაშია ჩაშენებული, ყველა მათგანი გარყვნა, წამიერად თავი ზეკაცად აგრძნობინა და მათში “ადამიანი“ გაანადგურა.

ეს გაუმაძღარი სისტემა, საბოლოოდ, მაინც თავად ინელებს მის მიერვე შექმნილ ,,ზეკაცებს“, ამავდროულად კი, ახალი მსხვერპლის ძიებაშია.

მოკლედ, ჯოჯოხეთური სისტემაა.

ლუკაც ამ სისტემის მსხვერპლია ისევე, როგორც მანამდე სხვები.

თუ არ დავშალეთ, კიდევ ბევრ ლუკას, თემირლანს, დემურს, სანდროს, ბუტას და ა.შ. შეიწირავს.


მისი მთავარი მიზანია, არა ადამიანის დაცვა და მსახურება, არა კრიმინალთან ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია, არამედ მმართველი პარტიისთვის პოლიტიკურად მიუღებელ პირთა შევიწროება და მათი კონტროლი.

ეს სისტემა ემსახურება არა ადამიანს, არამედ სისტემის სათავეში მსხდომ ნომეკლატურას. მისი მთავარი მახასიათებელი ნიშანი სრული ცენტრალიზაციაა და, მეტწილად, სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს მის ბუნებას.

აქ ყველაფერი ემორჩიელება ერთი, ამ სისტემის ვერტიკალის სათავეში მყოფი, ადამიანის ნებას.
როგორიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მას საბოლოოდ მაინც სისტემა შთანთქავს - ის ხდება სისტემის მსხვერპლი და როცა მისი რეპუტაცია საბოლოოდ ნადგურდება, სისტემა ბუნებრივად იწყებს ახალი ბატონის ძიებას. შემდგომ კი, ციკლი მეორდება.

სისტემა თითქმის ერთი საუკუნეა, რაც ადამიანებს აწამებს. 

ამ სისტემაში, რეალურად, არავინაა თავისუფალი - არც ის, ვინც სათავეშია. 


ბოლო 30 წლის განმავლობაში, ხელისუფლებათა ცვლილების დროს, რამდენჯერმე გვქონდა შანსი, ეს რეალობა შეგვეცვალა, მაგრამ ჩვენი ყველა ხელისუფალი საკუთარი სიხარბისა და უგემოვნობის გამო გახდა მისი მძევალი, ხოლო შემდეგ კი - მისი მსხვერპლი.

საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა მოიცავს საბჭოთა პროკურატურას, საბჭოთა მილიციას და საბჭოთა სასამართლოს (ამ უკანასკნელზე დეტალურად სხვა დროს ვისაუბრებ).

ნაცვლად იმისა, რომ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლები იყვნენ და ადამიანს იცავდნენ, არიან ერთიანნი და ერთმანეთის შემავსებელნი ადამიანების ჩაგვრაში.

ეს სისტემა დასაშლელია.

ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელსაც ივანიშვილის წასვლის შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლა სურს, უნდა არწმუნებდეს ამომრჩეველს, რომ ასეთი კონცენტრირებული ძალაუფლება, ნებისმიერი ადამიანის ხელში, სახიფათოა და დებდეს არაორაზროვან პირობას ამ სისტემას დაშლის შესახებ.

იმ პოლიტიკური ძალის მოსვლა ხელისუფლებაში, რომელიც ამ პირობას არ დებს, უფრო საშიშია, ვიდრე ივანიშვილის ხელისუფლება, ვინაიდან ივანიშვილი ისედაც პოლიტიკურ დაისში იმყოფება, ხოლო ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ეცდება ამ სისტემის შენარჩუნებას, მისცემს მას გადატვირთვის შესაძლებლობას, რითაც კიდევ უფრო გააძლიერებს მას.

სისტემის დაშლის ბევრი ხერხი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ყველაზე სამართლიანად ვთვლით ისეთ მეთოდს, რომელიც პოლიტიკოსების ნებაზე ყველაზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული, რადგან ამ ქვეყანაში ტრადიციად იქცა სიტყვის გატეხვა და პოლიტიკოსების მიერ ხალხის გადაგდება.

ჩვენ ღია ვართ ყველა გზის მოსასმენად და გასააზრებლად, მაგრამ ვთვლით, რომ საბჭოთა სისტემის დასაშლელად ყველაზე სამართლიანი გზა არჩევითობაა.

დავარქვათ ამას, პირობითად, ამერიკული გზა, სადაც მართლმსაჯულების სისტემის ყველა საკვანძო ფიგურა ირჩევა პირდაპირი წესით, ანუ, ხალხის მიერ.

ზემოდან დანიშნული პოლიციის უფროსების ნაცვლად, რომელთა ერთადერთი უფლება/მოვალება ზემდგომის ნებისმიერი ბრძანების უსიტყვოდ შესრულებაა, ჩვენ პირდაპირი წესით უნდა ავირჩიოთ პოლიციის შერიფები, რომლებიც ნებისმიერი საქციელისთვის პირადად აგებენ პასუხს ამომრჩევლების წინაშე. 

ადამიანებთან ურთიერთობისას არჩეული პოლიციის უფროსი ბევრად უფრო ადეკვატურია, ვიდრე სისტემის მიერ ზემოდან დანიშნული, ბრძანებების ბრმად შემსრულებელი ,,ერთგული“ კადრი.
იგივე პრინციპი მოქმედებს პროკურორების შემთხვევაშიც - რაიონული პროკურორებიც უნდა ირჩოდნენ, მათ არ უნდა ჰყავდეთ ზემდგომი (მისი ,,ზემდგომია“ სასამართლო), რადგან პროკურორი ხალხის წარმომადგენელია სასამართლოში - ხალხის სახელით სდებს ბრალს ადამიანს დანაშაულში. 

დღეს კი პროკურორი სისტემის დანიშნულია და საერთოდ გაწყვეტილი აქვს ხალხთან კავშირი.

თუმცა, მხოლოდ არჩევითობა არ არის საკმარისი საბჭოთა სისტემის დასაშლელად და რამდენიმე ანტისაბჭოური  პრინციპია გასათვალისწინებელი:

1.    არ არსებობს დანაშაული დაზარალებულის გარეშე.
2.    ადამიანს აქვს პატიების უფლება.
3.    დაზარალებულს აქვს უფლება თავად აირჩიოს მისი ინტერესთა დამცველი ბრალმდებელი.


დღეს ეს ყველაფერი პირიქითაა. სწორედ ამიტომ აკეთებს პოლიციელი და პროკურორი სისტემის სახელით ყველაფერს, რაც მოესურვება - არც დაზარალებული აინტერესებს და არც ხალხის შერიგება. 

კომუნისტებმა შექმნეს ასეთი სისტემა, ადამიანები დაჰყვეს და ერთმანეთს დაუპირისპირეს. მართლმსაჯულების სისტემა ადამიანის დასაცავად კი არ შექმნეს, არამედ ადამიანებისგან თავის დასაცავად.

ჩვენ ამ რეალობის გააზრება უნდა დავიწყოთ, მერე ვილაპარაკოთ  და შევთანხმდეთ, შევთანხმდეთ იმაზე რომ კომუნისტურად "ზემოდან დანიშნული“ პროკურორი და პოლიციელი ჩვენი მეგობარი არაა, რადგან არც არავის მეგობარია და ვერც ვერასოდეს იქნება.

ავტორი: იაგო ხვიჩია

კომენტარები