სიახლეები

სრულად პროპორციული სისტემა და საბჭოთა პროკურატურის დაშლა - გიორგი ვაშაძის პრიორიტეტები

"თავისუფალ ბაზარში" პარტია "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ორი უმთავრესი ცვლილება, რაც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში - სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და საბჭოთა პროკურატურის დაშლაა.

"პირველი - სრულად პროპორციული სისტემა, არის ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმი ცვლილებების განსახორციელებლად, იმიტომ რომ ეს არის კოალიციური მმართველობისკენ სვლა, სადაც არ არის ერთპარტიული ძალაუფლება თავმოყრილი ერთი ვერტიკალის ქვეშ  - სადაც კომპრომისებზე წასვლა შეეძლებათ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს.

მეორე - პროკურატურის სისტემა უნდა დავშალოთ,  ეს არის საბჭოთა პროკურატურა. რომელიც შედგება სამი მნიშვნელოვანი ფუნქციისგან - გამოძიება, გამოძიებაზე ზედამხედველობა და სასამართლოში წარმომადგენლობა, ეს არის ინტეგრირებული მონოპოლიური ძალაუფლება ერთ სისტემაში. ეს სისტემა, საბოლოოდ დასაშლელია. გამოძიების ფუნქცია უნდა წავართვათ პროკურატურას, ისევე როგორც ეს ხდება ცივილიზებულ სამყაროში."

ვაშაძის თქმით, პროკურატურა საერთოდ უნდა დაიშალოს და განცალკევდეს, ანტიკორუფციული ცალკე და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროკურატურა ცალკე. მისი თქმით, ასეთი მონსტრი სისტემა სრულ დაშლას, გარდაქმნას და ახლიდან ჩამოყალიბებას საჭიროებს.

როგორც ვაშაძე ამბობს, ხელმძღვანელების ასარჩევად, გარე ნეიტრალური მექანიზმებია შემოსატანი, რაც გულისხმობს უცხოელი მაღალი რანგის ექსპერტთა საბჭოს, რომელთაც უნდა ჰქონდეთ ანტიკორუფციულ საქმეებზე მუშაობის დიდი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე. "ახალი საქართველოს" ლიდერის თქმით, ყველას უნდა შეეძლოს კონკურსში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ის ადამიანები გადაწყვეტენ არა იმას, ვინ იყოს ხელმძღვანელი, არამედ იმას, ვინ არ შეიძლება იყოს პროკურორი.

მესამე მხარე, როგორც არბიტრი უნდა შემოვიყვანით პროკურატურის სისტემის შერჩევისას. იმავეს ვამბობ პოლიციაზეც. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე მონოპოლიური სტრუქტურაა. ეს სისტემაც დასაშლელი და გასაცალკევებელია. იგივენაირად ხელმძღვანელებს პოლიტიკური ჭრილი მოვაცილოთ და ამ მესამე მხარის გარე ნეიტრალური მექანიზმით, ხელმძღვანელები ავარჩიოთ. სადღაც 10-15 წელიწადში, როცა ჩვენი ეკონომიკა ალბათ სამჯერ მეტი იქნება და მივალთ იმ დონეზე, რომ არჩევითობა შემოვიტანოთ რაიონულ დონეზე, ესეც შეგვიძლია გავაკეთოთ. 

- ამბობს ვაშაძე "გირჩის აზრის" ეთერში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები